რატომ დაიწუნა "რაჭის მგოსანმა" "ამბროლაურის ჰიმნი" - კვირის პალიტრა

რატომ დაიწუნა "რაჭის მგოსანმა" "ამბროლაურის ჰიმნი"

როგორ ჩაუსწორა სტალინმა ავქსენტი მეგრელაძეს "ხასანბეგურა"

კაცობრიობა პირველად მიწიდან შემთხვევით ამოთხრილ ვენერა მილოსელს რომ არ გაუოგნებია და მარადიული ხელოვნება რომ მანამდეც არსებობდა, ვინ არ იცის; მაგრამ არსებობს დროის ხელოვნებაც. მახსოვს, რა სიამოვნებით მღეროდნენ ჩემი სოფლის ბებიები საბჭოთა კოლექტივის ჰიმნებს. მაგალითად, "ჩამოდი და წამიყვანე, რომ ტოლებში გამოვჩნდე, შენ თუ გახდი შრომის გმირი, მე რად უნდა ჩამოგრჩე!". დროს არც ჩვენი მასკულტურა ჩამორჩა და ასე შეიქმნა თანამედროვე კლიპი-ჰიმნები ქალაქებზე, რომლებსაც იმდენჯერ გვიჩვენებენ ტელევიზიებით, რომ როცა ახლანდელი პატარები ბებიები გახდებიან, თავიანთ შვილიშვილებს აუცილებლად უმღერებენ. მერე რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ამ ხელოვნებამ ჩვენს კომპოზიტორებს ჯიბეში ცოტაოდენი ფული და დასაქმება რომ უშოვა, ესეც ხომ საქმეა!

რა ვიცი, იქნებ ვინმე შემომედავოს, რა ეტყობა ჩვენს კომპოზიტორებს დასაქმებისა, უკვე რამდენი ხანია, გულზე მოსახვედრი სიმღერები აღარ იქმნებაო, მაგრამ ტყუილად! აი, მაგალითად, თენგიზ ჩოჩუას (ბევრს მოუსმენია მისი "ყაყაჩო", - "დილით შენს ბაღში ვღიღინებ...") ერთ დღეს ამბროლაურის საკრებულოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გურამ გორდეზიანი დაუკავშირდა, - გვინდა ამბროლაურზე სიმღერა დაგვიწეროთ და ჩვენი კისერი და თქვენი ხმალიო. ამას თავისი დაწერილი ტექსტიც მოაყოლა: "დიადო სიცოცხლევ, ყოველთვის გვაახლე, აქ ჩემპიონთათვის ავაგებთ სასახლეს, აქ ტროტუარებზე მოვქარგეთ ფილები, ჩვენს ქალაქს მოუხდა ვით ჩოხის ქილები".

მაგრამ თქვენ ჯერაც არ მოგისმენიათ ამბროლაურზე დაწერილი ეს ჰიმნი? ვერც მოისმენდით! რატომ, ამას თენგიზ ჩოჩუა გეტყვით.

- ბატონო თენგიზ, ჯერ ის გვიამბეთ, სტალინმა როგორ შეუსწორა დედათქვენის მამას, ბაბუათქვენ ავქსენტი მეგრელაძეს "ხასანბეგურა": სწორად არ მღერით, მასე კი არა, ასე უნდაო.

- 1938-ში, მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა ტარდებოდა და სამი კაცი ხალხური გუნდით წასულა: კირილე პაჭკორია, სანდრო კავსაძე და ბაბუაჩემი. ბაბუაჩემს მაშინ დიდი საქმე ჰქონდა გაკეთებული, - უკვე მივიწყებული "სულიკო" აღადგინა და დეკადაზე წარადგინა. ბელადი აღფრთოვანებული დარჩა. მერე ქართველები აგარაკზე მიიპატიჟა. რჩეული სუფრაც გაუშალა. თავად უსხამდა ღვინოს და სთავაზობდა კერძებს. როცა "ხასანბეგურა" იმღერეს, სტალინმა ბათუმში ნასწავლი უძველესი ვარიანტი ჩაურთო. ამის შემდეგ თურმე ერთად იმღერეს. ბაბუაჩემი ამბობდა, - იშვიათი ხმა ჰქონდაო.

- ახლა ამბროლაურის ჰიმნზე მიამბეთ...

- ხელოვანისთვის მთავარი მხოლოდ შემოსავალი არ არის, მას ხალხთან უწყვეტი კავშირი სჭირდება. მეც უფრო ამიტომ დავთანხმდი ამბროლაურზე ჰიმნის შექმნას. თუმცა ცხოვრება ყველას გვინდა, ჰიმნის შექმნის გასამრჯელოდ სამი ათას დოლარზე შევთანხმდით. დავიწყე სამთვიანი შრომა, ხშირად გარიჟრაჟამდეც ვმუშაობდი. ავტორს ტექსტის შესწორებაც კი შევთავაზე, - თავიდან კი მითხრა, მე "რაჭის ბულბულს" მეძახიანო, მაგრამ მაინც დამთანხმდა. მერე ჰიმნის საფორტეპიანო ვარიანტიც შევქმენი და არანჟირება ბატონ გურამ ჯაიანს ვთხოვე, მანამდე ცნობილ კომპოზიტორებს მოვასმენინე. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ბატონმა ვაჟა დურგლიშვილმა რომ მითხრა, - ქვეყნის ჰიმნადაც გამოდგებაო, დავმშვიდდი. ბატონ გურამსაც მოეწონა, ისე არც აიღებდა სამუშაოდ, - ჰიმნის საორკესტრო არანჟირება ისე გააკეთა, სტუდიიდან მთელი კვირა არ გამოსულა. ბოლოს, მე და ჩემმა მეგობარმა ბაკურ ბაკურაძემ ჰიმნისთვის საგუნდო მომღერლები ვიშოვეთ და ჩავწერეთ ოთხ ხმაში. ბატონ გურამ გორდეზიანს ვთხოვე, - იქნებ ჰიმნი მოისმინოთ და შეპირებული ფულიდან ცოტა თანხა მომაშველოთ, რომ ამ ხალხს რაიმე გადავუხადო, უფულოდ რომ ვამუშავებ-მეთქი.

ისიც სულ ერთსა და იმავეს გაიძახოდა, - მოსმენა რად უნდა, ხომ ვიცი, ბრწყინვალედ იმუშავებდი, ფულს კი, რა თქმა უნდა, მოგაშველებ, მაგის დარდი არ გქონდესო. სულელი არ ვარ, მაგრამ ადამიანმა ამდენი იმუშაოს და შუა გზაზე გაწყვიტოს, უგულო უნდა იყოს. მეც ვეღარ ვწყვეტდი მუშაობას. თანაც, ბატონმა გურამმა ამბროლაურის დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთანაც გამიშვა პარლამენტში, - ჰიმნის ფინანსების მოგვარების საქმე მაგას ევალებაო. იმ კაცს რას ვერჩი, კარგად შემხვდა, მომაყოლა, როგორ დადიოდა მამაჩემთან და ბებიაჩემთან, პოეტ ლიდია მეგრელიძესთან სტუმრად გალაკტიონი, რომელიც ერთხელ ლენინის ორდენის გარეშე გამოცხადდა, - ვორონცოვზე, "მაზუტნი პერეულოკში" ვიქეიფე და იქ დამრჩაო. საწყალმა მამაჩემმა ძლივს უპოვა... მოკლედ, ვისიამოვნეთ და, - რომ ვუთხარი, რუსთაველზე ფეხით გავივლი-მეთქი, მე მანქანით მიგიყვანთ შინ, მერე სადაც გნებავთ, იქ წაბრძანდითო. მოკლედ, პარლამენტიდან ჩემს სახლამდე მანქანით მიყვანაღა შემრჩა...

როცა ჰიმნი დავასრულე და შემკვეთს დავურეკე, - უკვე შეგიძლიათ, აგვინაზღაუროთ და ნაწარმოები წაიღოთ-მეთქი, მთხოვა, - შეთანხმებულის ნახევარს გადაგიხდით, მეტი არ შეგვიძლიაო. ვუთხარი, - ისე გულწრფელად მინდა, ჩემმა რაჭველებმა ისიამოვნონ, სხვა გზა არ მაქვს-მეთქი. მიპასუხა, - ამჟამად გოჩა ენუქიძე ამბროლაურშია, დაველაპარაკები და რამდენიმე წუთში დაგირეკავო... არ დაურეკავს. გავიდა რამდენიმე საათი. ისევ შევეხმიანე. არ ვიცი, იმ ჩვენი გადმოსაცემი თანხით იქეიფა თუ რა ქნა, ისეთი მთვრალი იყო, ენას ძლივს ძრავდა, თუმცა ის კი გამაგებინა, - ჩვენ თქვენი პროდუქტი არ მოგვწონს, ამიტომ არაფერსაც არ მოგცემთო!

- არ გითხრათ, ასეთი რა დააშავეთ, რომ ასე შეურაცხგყოფთო?

- მეც მინდა მაგის გაგება. ახლა გასამრჯელო საერთოდ აღარ მახსოვს, მართლა შეურაცხყოფილი ვარ. არ მესმის, კაცს, რომელსაც არ მოუსმენია, რა გავაკეთე, როგორ შეეძლო ასე ლაპარაკი. ვფიქრობდი, რომ ჩემი შრომით რაჭველებს გავახარებდი. ახლაც ძალიან მინდა, რაც მათთვის გავაკეთე, მოისმინინონ...

P.S. გულმა არ მომითმინა - ბატონ გურამ გორდეზიანსაც ვკითხე, თუ რატომ არ მოეწონა ბატონი თენგიზის დაწერილი ჰიმნი. გვიპასუხა, - ეგ ჰიმნი ბატონმა თენგიზმა ტელეფონით მომასმენინა, "ჩემო კარგო ქვეყნას" ჰგავს, ჩვენ კი სხვანაირი გვინდოდაო(?!).