ფრანსუაზ საგანი - სიყვარულისთვის გაჩენილი და ქრონიკულად მარტოსული... - კვირის პალიტრა

ფრანსუაზ საგანი - სიყვარულისთვის გაჩენილი და ქრონიკულად მარტოსული...

სულ ცოტა იყო საჭირო, რომ ბედნიერი ყოფილიყო - უნდა შეხვედროდა ადამიანს, რომელიც უსაზღვროდ ეყვარებოდა და რომელიც მისი ერთგული იქნებოდა... დანარჩენი ყველაფერი ჰქონდა - ნიჭი, სინაზე და მომხიბვლელობა, რომელიც ნაკვთობრივ მომხიბვლელობაზე გაცილებით ღრმა გახლდათ...

ადამიანის ყველაზე სათუთი გრძნობების განცდა და განჭვრეტის უნარი თითქოს ბავშვობიდან დაჰყვა - იმ ასაკში, როცა სხვები ჯერ კიდევ ფეხგაუმაგრებელნი ბარბაცით მიუყვებოდნენ თავის შემოქმედებით აღმართს, ის ერთი ფეხის დაკვრით მოექცა მწვერვალზე... 19 წლის, ერთი შეხედვით გამოუცდელი გოგონა გამომცემლობაში შევიდა და რომანი - "სალამი, სევდა!" მიიტანა.

თავიდან ალბათ ეგონათ, მწერლობის მოყვარული ახალბედას რიგითი ჟინიანობა იყო რომანის დაბეჭდვა... მაგრამ ხელნაწერი გადაშალეს და... გვერდს გვერდი მიჰყვა! ეს არ იყო უბრალოდ რომანი, ეს დიდი რომანი იყო - დიდი მწერლის დიდი შემოქმედება! გამომცემელმა რენე ჟილიარმა ავტორის გაცნობა მოინდომა. ეს უკვე გამარჯვება იყო... მით უმეტეს, რომ თავად ჟილიარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი კაბინეტის კარს კაფანდარა გოგონა თუ შეაღებდა...

- ეს თქვენ დაწერეთ? - უკითხავს ჟილიარს.

ფრანსუაზს მშვიდად დაუკრავს კვერი...

გამომცემელი აშკარად ვერ იჯერებდა - ალბათ, ხუმრობს, თორემ როგორ შეიძლებოდა ამდენის განცდა მოესწროო. ნუთუ რომანის გმირი თავად არის, იქნებ ამიტომაც აქვს ასეთი სევდიანი თვალები და ძალიან ღრმააზროვანი გამოხედვაო...

გოგონამ გაუფანტა მოზღვავებული ფანტაზია: მსგავსი არაფერი გადამხდენია, ყველაფერი გამოვიგონეო...

- არც პროტოტიპები გყავდათ? - ეჭვიანად უყურებდა გამომცემელი...

- არა...

ალბათ, აღარაფერი უნდა ეკითხა, მაგრამ ჟილიარს რაღაც აწვალებდა: ალბათ ეს პატარა გოგონა სესილი იყო - რომანის გმირი...

- საბედნიეროდ, არა, - გაუღიმა ფრანსუაზმა.

ცხადი იყო, სულ მალე მოვიდოდა პოპულარობა, რომელსაც წიგნი მოუტანდა... ეს ძალიანაც მოსწონდა, მაგრამ ერთს ვერ წარმოიდგენდა... რამდენი ღვარძლი შეიძლებოდა გადმოენთხიათ მასზე! მალე აღმოჩნდა მკაცრი რეალობის პირისპირ. ჟურნალისტებმა ისიც კი საეჭვოდ გახადეს, ნამდვილად 19 წლის გოგონა იყო თუ არა ამ მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი.

"თავიდან პრესა მტრულად და უნდობლად იყო განწყობილი. გაზეთები დიდხანს ამტკიცებდნენ, თითქოს რომანი მე კი არა, მამაჩემს დაეწეროს. ისეთ რამეებს მაბრალებდნენ, იძულებული ვიყავი, ჟურნალისტებისთვის თავი ამერიდებინა. მამას ძალიან აწუხებდა ეს, ამიტომ გავბრაზდი და დავწერე ახალი რომანი "პირქუში ღიმილი". ჟურნალისტების ჭორაობა დასრულდა", - თქვა ფრანსუაზ საგანმა მოგვიანებით...

ასე იყო თუ ისე, მსოფლიო ლიტერატურამ კარი გაუღო გოგონას, რომელსაც ერთგვარი სენი შეჰყვა ლიტერატურულ სივრცეში - "საგანომანია".

საგანომანები პირველი წიგნის გამოსვლისთანავე გაჩნდნენ და დღემდე არიან, სწორედ ამიტომ მოხვდა იმ წიგნების სიაში, რომელიც უნდა წავიკითხოთ, ვიდრე ცოცხლები ვართ, მისი ორი რომანი - "გიყვართ ბრამსი?" და "მშვიდობით, სევდავ". ეს დახვეწილი, დიდებული რომანები ზუსტად ესადაგება ფრანსუაზ საგანის სახეს - სიყვარულისთვის გაჩენილსა და ქრონიკულად მარტოსულს...

ფრანსუაზმა პირველსავე რომანში საარაკო ჰონორარი მიიღო - მილიონ-ნახევარი ფრანკი. ორი რამ, რასაც ამ თანხადაც კი ვერ შეცვლიდა თავის ცხოვრებაში - სიყვარული და მარტოობა იყო...

დიდი ვერაფერი ნუგეში გახლდათ ის, რომ პირველი ჰონორარით ძვირფასი ქურქი, წითელი "იაგუარი", ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და იახტა იყიდა. ფრანსუაზს სხვა რამ სჭირდებოდა... იმ "სხვის" ძიებაში მწვერვალიდან ფსკერზეც დაეშვა, სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, მაგრამ ცხოვრებისაგან სიცარიელის განცდის კომპენსაცია ვერ მიიღო...

პირველ ორ რომანს მოჰყვა წიგნები: "ერთ თვეში, ერთ წელიწადში" (1957), "გიყვართ ბრამსი?" (1959), "საოცარი ღრუბლები" (1961), "კაპიტულაციის სიგნალი" (1965), "ცოტა მზე ცივ წყალში" (1969) და სხვ. 90-იანი წლების დასაწყისში საგანს გამოცემული ჰქონდა 22 რომანი, მოთხრობების ორი კრებული, 7 პიესა და ნარკვევების ორი წიგნი.

პირად ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა... სიყვარული, რომელიც მხოლოდ თვალის ახვევა ყოფილა, შემთხვევითმა ურთიერთობებმა შეცვალა... შემთხვევითი ურთიერთობები - ქორწინებამ... პირველი ქორწინება - მეორემ...

ყველაფერი შეიცვალა, მხოლოდ სევდა დარჩა უცვლელი... თითქოს თავისი პირველი რომანის სათაურით, 19 წლისამ რომ დაარქვა - "სალამი, სევდა!" - საკუთარ სევდას მიესალმა, განუშორებელსა და სისხლხორცეულს...

1993 წელს, პირველი რომანის გამოსვლიდან თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ ახალი რომანი "მშვიდობით, სევდავ" გამოაქვეყნა... თუმცა პირადად მისი სევდა სულაც არ გაქარწყლებულა...

"რომელმა ჩვენგანმა ვითხოვეთ ამქვეყნად მოვლენა? თითქოს მოგვიწვიეს, რომ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ აგარაკზე გაგვეტარებინა, სადაც ათასი სიურპრიზი გველოდა, ჭრაჭუნა იატაკის ფიცარი და სხვა... ჩვენ გულმოდგინედ ვეძებთ ამ სახლის პატრონს, ღმერთს თუ კიდევ სხვა ვინმეს, იქ კი არავინაა. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ უქმე დღეებია, სხვა არაფერი... განა შეიძლება ამ წამის განმავლობაში როგორც საჭიროა, გავიცნოთ, გავიგოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი? წყვდიადია. სიცარიელეა. სიკვდილია", - წერდა ფრანსაუზ საგანი რომანში "საოცარი ღრუბლები".

მართლაც უსამართლოდ ცოტაა ადამიანისთვის გამოყოფილი სიცოცხლე, თუმცა ფრანსუაზ საგანს ეს მცირე დროც ეყო, რომ ერთი კი არა, რამდენიმე უკვდავი რომანი შეექმნა... მთავარია მკითხველმა შეძლოს მათთან ზიარება, ცოტა ხნით დაავადდეს საგანომანიით, იკითხოს და მარტო დარჩეს სიყვარულთან, საკუთარ თავთან... ფრანსუაზ საგანს ხომ ყველაზე მეტად ეს ორი რამ დაგაახლოებთ - მარტოობა და სიყვარული...

"კვირის პალიტრის" მომდევნო ნომერთან ერთად მკითხველი სერიით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ", ფრანსუაზ საგანის ორ რომანს მიიღებს...