"ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ეს კადრები ახლა ვნახეთ და არა მაშინ, როდესაც გადაიღეს" - კვირის პალიტრა

"ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ეს კადრები ახლა ვნახეთ და არა მაშინ, როდესაც გადაიღეს"

დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი: - პატიმრების წამება დანაშაულია, აღმაშფოთებელია ის კადრები, რაც ყველამ ვიხილეთ. ყველა, ვისაც ამაში ხელი ურევია, კანონის წინაშე უნდა დაისაჯოს. მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ეს კადრები ახლა ვნახეთ და არა მაშინ, როდესაც გადაიღეს. მას შემდეგ შეიძლება კიდევ ბევრი ადამიანი აწამეს და დროზე რომ გაგვეგო, ისინი მაინც ხომ გადარჩებოდნენ? ეს ყოველთვის ხდებოდაო, ამბობენ. მერე რატომ დუმდნენ აქამდე?

ხშირად მესმის, - ეგენი უნდა დასვა ცოცხზეო! არ შეიძლება ძალადობას ძალადობით უპასუხო. მაშინ შენც მისნაირი ხდები. მხოლოდ კანონის ძალით უნდა მოხდეს დამნაშავის დასჯა!

ისე, გეტყვით, რომ მე მხოლოდ ჩემი პროფესია მაინტერესებს, არავის ბოსტანში არ ვისვრი ქვას, მაგრამ რითაც ჩემი კოლეგები არიან დაინტერესებული თეატრს მიღმა, სულაც არ მიზიდავს...

ქეთი საგინაშვილი

"მალე საქართველო თავისუფლად ისუნთქებს"

ლიზა ბაგრატიონი, მომღერალი: - ის, რაც ერთი კვირის წინ ვიხილეთ, არის უზნეობა, ამორალობა, სადიზმი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ქართველისთვის ეს იყო ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი. პირველ რიგში საკუთარ თავს ვაკისრებ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში საქართველო იქნება ისეთი, სადაც თავისუფლად ისუნთქებს  თითოეული ადამიანი.

"ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი რაღაც ხდებოდა ციხეში"

ია ფარულავა, მსახიობი: - ყველა ამბობს, რომ გმობს ამ საზარელ კადრებს, მეც ვგმობ, მაგრამ თითქოს ფასი დაეკარგა  სიტყვებს. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი რაღაც ხდებოდა ციხეში. ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესებში და დარწმუნებული ვარ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებშიც ასეთი რეაქცია ექნებოდა ხელისუფლებას, ვგულისხმობ მინისტრების, ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიძის გადადგომას.

იმედია, შედგება კომისია, რომელიც დაადგენს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში.

"ყველა უნდა დაისაჯოს პატიმრების ტანჯვა-წამებისთვის"

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: რა რეაქცია უნდა მქონოდა, კადრები რომ ვნახე, საშინლად დავითრგუნე, ყოველივესთვის რა მეწოდებინა არც კი ვიცოდი.

ჯერ კიდევ ჩემი ბებია-ბაბუების დროიდან მესმოდა ციხეში არსებული მსგავსი ფაქტების შესახებ, მაგრამ ჩემი თვალით არასოდეს მენახა. რას ვიფიქრებდი, თუ ბადრაგი ასე არაადამიანურად უსწორდებოდა პატიმრებს. ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც პატიმრების ტანჯვა-წამებაში მიუძღვის დანაშაული.

"თურმე რა ჰქონიათ გადატანილი"

ნატო გელაშვილი, მომღერალი: არა მგონია, რომ ვინმეს ამაზე მშვიდი რეაქცია ჰქონოდა. არ მეგულება ასეთი ადამიანი.

ორმაგი პატივისცემა გამიჩნდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სასჯელი მოიხადა, რა ჰქონიათ გადატანილი. ბოლომდე უნდა მიიყვანონ ამ საქმის გამოძიება და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც დამნაშავეა.

თამუნა ბოჭორიშვილი