"პოლიციამ მარტო ქურდებისგან კი არა, სახელმწიფო მწვალებლებისგანაც უნდა დამიცვას" - კვირის პალიტრა

"პოლიციამ მარტო ქურდებისგან კი არა, სახელმწიფო მწვალებლებისგანაც უნდა დამიცვას"

"ხელისუფლებას უნდოდა, ჩვენი პროტესტი არ გახმაურებულიყო, პირიქით კი გამოუვიდა"

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე პოლიტიკური ზეწოლის გამო თანამდებობიდან გადადგა; მან დატოვა ქუთაისის საკრებულოც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" სიით იყო წარდგენილი. 27 სექტემბერს თეატრში ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ. მათ სურდათ, სპექტაკლი ჩაშლილიყო და ხელი შეეშალათ სეზონის გახსნისთვის, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობები მმართველთან ერთად დაგმობდნენ ქვეყანაში არსებულ ძალადობას და ნდობას გამოუცხადებდნენ "ქართულ ოცნებას". ადგილობრივმა ხელისუფლებამ თეატრს შუქი გამოურთო და კარი ჩაკეტა.

მარიკა სამანიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი: - სეზონი, ტრადიციულად, 27 სექტემბერს იხსნება ხოლმე სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე", რომელიც აფხაზეთის ტრაგედიას ეხება. სწორედ ამ მტკივნეულ თემასთან ერთად გვსურდა ხალხის წინაშე ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა. ყველაფერი კი სპექტაკლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო, როდესაც ქუთაისში, სტადიონზე პრეზიდენტთან შესახვედრად მსახიობების ცხვრის ფარასავით მიყვანაზე ჩვენმა მმართველმა უარი განაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნას მან უპასუხა, რომ მსახიობებს რეპეტიციები აქვთ და მიტინგებზე სასიარულოდ არ სცალიათ, რაც შეეხება მათ მოსაზრებას, ამას სცენიდან გამოთქვამენ სპექტაკლის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგო. ხელისუფლებაც გადაირია, რას ჰქვია, საკუთარი მოსაზრება გაქვთ და თანაც სცენიდან აპირებთ ამის თქმასო.

მოცვივდნენ თეატრში, შუქი გამორთეს და კარი ჩაკეტეს... სპექტაკლის დაწყების დროს 30 წუთი გადასცილდა, მაგრამ არც ხალხს და არც ჩვენ დარბაზში არ გვიშვებდნენ. პანიკა ატყდა, გიორგი სიხარულიძის ძებნა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ის ჩაკეტილი ჰყავდათ და სავარაუდოდ, ცდილობდნენ დაეშინებინათ, რომ სპექტაკლი ჩაეგდო და ჩვენ ხალხთან არ გამოვსულიყავით. მოთმინების ფიალა აგვევსო, როდესაც ოთახიდან გამოსული ფერდაკარგული და სახეშეშლილი დავინახეთ; ის მერიაში მიდიოდა. გადავწყვიტეთ, უკან გავყოლოდით, მაგრამ იუარა, მაცალეთო. ისღა დაგვრჩენოდა, ხალხის წინაშე გამოვსულიყავით და ყველაფერი გვეთქვა.

სეზონი არჩევნების შემდეგ გაიხსნება. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა. უნდოდა, ჩვენი პროტესტი არ გახმაურებულიყო, პირიქით კი გამოუვიდათ - ჩვენს წისქვილზე დაასხეს წყალი. ქუთაისში თეატრალური სეზონი  არჩევნების დასრულებისა და პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება.

- რა უნდა გეთქვათ ხალხისთვის?

- ის, რომ მოთმინების ფიალა აივსო იმ უსამართლობით, რომელიც უკვე 9 წელია, ქვეყანაში ხდება. მთავარია, რომ ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, პირიქით, ყველა დამაკავშირებელი ძაფიც გაწყვიტა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კი ზუგდიდში საინფორმაციო მიტინგზე აფხაზებთან დაკავშირებით თავისი გეგმების ხალხისთვის გაცნობით იმედი გაგვიჩინა. სანამ არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ აფხაზებსაც არ დავიბრუნებთ და სანამ დევნილებს აფხაზეთში არ დავაბრუნებთ, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება.

ვიცოდით, რომ სპექტაკლზე მოვიდოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები და

ყველასთვის უნდა გვეთქვა, რომ მსახიობები არ ვეკუთვნით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვეკუთვნით ქართველ ხალხს და თანადგომას გამოვუცხადებთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩვენს ერსა და ქვეყანას მოემსახურება; რომელიც არ აკრძალავს სამსახურებში 50 წელს გადაცილებული პროფესიონალების მიღებას, არ შეეცდება ადამიანთა ახალი ჯიშის გამოყვანას, რომელიც ხალხს აწამებს ციხეებსა და ქუჩებში და მეტი სიამოვნების მისაღებად წამებას კამერითაც იღებს.

საინტერესოა, როგორ ვერ მიხვდა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მამამთავარი, რომ მისი შექმნილი ახალი ჯიშის ადამიანები მასვე მოუბრუნდებოდნენ და შეძენილ "ცოდნას" ქვეყანას მოსდებდნენ.

ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა მის ციხეებში. სპეცსამსახურები ქვეყანაში უკლებლივ ყველას უსმენენ და ვინ რას გაბედავს მათ გარეშე? სკოლაში მასწავლებელს გაკვეთილი ვერ ჩაუტარებია თამამად და კოლეგასთან ხმადაბლა ვერ დაულაპარაკია!

ჩვენ ვგმობთ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, როდესაც ჭკვიან ადამიანებს ადუმებ და გინდა, მხოლოდ სულელებმა ილაპარაკონ. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ინტელიგენციის ჩარეცხვას, უზნეობის, უკულტურობის პროპაგანდას, ისტერიკას, რომ თითქოს ვიღაცას ქუთაისში ქურდების დაბრუნება სურს. რა სისულელეა! მე ვამბობდი, რომ მიყვარს ჩემი პოლიცია, რომელიც 9 წელია, მიცავს, რომ ვერავინ გამქურდოს, მაგრამ მან უნდა დამიცვას იმისგანაც, რომ სახელმწიფოს სახელით არ მაწამონ.

არსებულმა და მომავალმა ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ვისაც ვირჩევთ, მოთხოვნებსაც ვუყენებთ! არ გვინდა პარლამენტი ქუთაისში კი არა, არსად, თუ მის შენობაში ღირსეული ხალხი არ დასხდება ქვეყნისთვის სასარგებლო კანონების მისაღებად. ერთხელ ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, თქვენ როგორ განმარტავთ ინტელიგენტობასო? ბაბუაჩემი გლეხი იყო, მაგრამ ბავშვი რომ შემოვიდოდა ოთახში, ფეხზე დგებოდაო, - უპასუხა მან. ჩვენც სწორედ ისეთი ინტელიგენტური ძალა გვჭირდება ქვეყნის მმართველად, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებებს და პატივს მიაგებს უფროს თაობას, სამსახურიდან არ გაათავისუფლებს პროფესიონალს და არ დანიშნავს თავის მხარდამჭერს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისი მსახურია. არ შეიძლება, ადამიანს უთხრა, გნიშნავ კულტურის განყოფილების უფროსად, ციხის უფროსად, სხვა სფეროს უფროსად, ოღონდ მე უნდა გმართო და შენ მხოლოდ ჩემი ბრძანებები უნდა შეასრულოო! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ეს სისტემა უნდა დაინგრეს!