შავ-თეთრი ფირი ხომ არ ტყუის - კვირის პალიტრა

შავ-თეთრი ფირი ხომ არ ტყუის

გაგრა, 1966 წელი. თენგიზ აბულაძის ფილმის - "ვედრების" გადამღები ჯგუფი შემთხვევით ხვდება ნიკოლოზ II-ის სათათბიროში მონარქისტული ფრთის ლიდერს, შესანიშნავი წიგნების ავტორს ("დღეები", "1921 წელი") ვასილ შულგინს. იმ დღეს ბევრი ფოტო გადაიღეს, იღებდა ფილმის ოპერატორი ალექსანდრე ანტიპენკო.

ფოტოზე ანზორ სალუქვაძესა და რეზო კვესელავას შორის ზის უკვე 88 წლის ვასილ შულგინი, დელიკატური და სანდომიანი მოხუცი, რომელიც სასწაულით გადაურჩა რევოლუციას...

წლების შემდეგ რეზო კვესელავა იხსენებდა: "დავინახე თუ არა, ვიცანი, თითქოს ის იმ ფილმიდან გადმოვიდა, რომელიც თბილისში მქონდა ნანახი - ფრიდრიხ ერმლერის "ისტორიის გაკვეთილი", სადაც შულგინი ცენტრალური ფიგურაა. ძალიან მინდოდა ახლოს გამეცნო ეს ისტორიული პიროვნება. გავუსწორე თვალი თუ არა, მომესალმა. არ ვიცი, რა იფიქრა ჩემზე, რადგან ბუნებრივია, არ იქნებოდა თავისუფალი სუკის ზედამხედველობისაგან. მეც, ერთი მხრივ, საფრთხეში ვიგდებდი თავს, მაგრამ მამხნევებდა ერთი ქალბატონის ნათქვამი: "ბოლოს და ბოლოს, სანამ შეიძლება შიშით ცხოვრება?" როგორც აღვნიშნე, უკვე ვიცნობდი შულგინის პიროვნებას, წაკითხული მქონდა მისი წიგნები, ამიტომ ჩემთვის ძნელი არ იყო მასთან დალაპარაკება. როცა ჩვენი ჩამოსვლის მიზანი ვუხსენე, მკითხა: რაზეა თქვენი ფილმიო. პოეტ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების საფუძველზე იქნება-მეთქი, ვუპასუხე. ვაჟა-ფშაველა ხომ მთიელია, შამილის კუთხიდანო. არა, ქართველია-მეთქი, ავუხსენი. გვარი გამიგონია, მისი სახელობის ქუჩაზე მიცხოვრია ვერაზეო. მერე კვლავ ფილმზე მკითხა: ფილმი ფერადი იქნება, თუ შავ-თეთრი? შავ-თეთრი-მეთქი, მივუგე და შენიშნა: შავ-თეთრი ჯობია, ფერადი ფირი ცოტათი ყოველთვის ტყუისო.

ველაპარაკებოდი ამ ადამიანს და განცვიფრებას ვიყავი; ეს ხომ ის შულგინია, ნიკოლოზ მეორესთან რომ მეგობრობდა; ის შულგინი, რომელმაც დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ უკუნ ღამეში ნავით გადასერა შავი ზღვა და თავი ამოყო რუმინეთში, იქიდან - საფრანგეთში. ეს ხომ ის შულგინია, რომელსაც ქართველთა უდიერად მოხსენიების გამო, კაკი (ირაკლი) წერეთელმა უპასუხა ისტორიული ფრაზით: როცა თქვენ, რუსები, ტყეში დაძრწოდით, ჩვენ, ქართველები, სახარებას ვთარგმნიდითო; ის შულგინი, ცარისტული ისტორიის სასაფლაოდან აღმდგარი, აგერ იდგა და მელაპარაკებოდა"...

ეს იყო შეხება ისტორიასთან, გაუხეშებული და იდეოლოგიით ნაწილობრივ გარყვნილი საზოგადოების ფონზე შულგინი ბრწყინავდა თავისი კულტურით, სიბრძნით, გადატანილი განსაცდელის მიუხედავად, ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სითამამით... მისი დახვეწილი გარეგნობა და საუბრის სტილი შეუძლებელია გულგრილად მიეღო ინტელექტუალურ, ზნეობრივ საზოგადოებას... მაგრამ... თავად შულგინმა ბრძანა: ფილმი შავ-თეთრი ჯობია, ფერადი ფირი ცოტათი ყოველთვის ტყუისო. შავ-თეთრ ფოტოსაც სრული სიმართლით შეუნახავს იმდღევანდელი ამბავი...

სხვა არ ვიცი, რას იტყვის, მაგრამ ამ ფოტოზე ანზორ სალუქვაძის სახე გაცილებით მეტყველია, ვიდრე დანარჩენებისა. ცხადია, მან კარგად იცოდა შულგინის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია, მისი წიგნები, იცოდა ისიც, რომ მისი სახით რუსეთიდან განიდევნა განათლებული და კულტურული, ღირსეული და ნიჭიერი, ბრწყინვალე წარმომადგენელი თავადი შულგინებისა... პატივსაც სცემდა ამ სანდომიან მოხუცს... მაგრამ მას თავისი საქართველოც სტკიოდა, თავისი ბრწყინვალე თავადები, თავისი ილია, რომელიც წერდა: "ამბობენ: "И дым отечества нам сладок и приятен" (А. Грибоедов), - კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ"...

ის სიტყვაც სტკიოდა, რომლის პასუხადაც კაკი წერეთელმა ის ცნობილი და საკმაოდ უხეში პასუხი მიაგო... მას საბჭოთა რუსეთიც სტკიოდა, "უშულგინებოდ" დარჩენილი... და მაინც. ისიც ერთი ქართველი იყო, გაწამებული საქართველოს შვილი და არა "მთიელი"" შამილის კუთხიდან.

შავ-თეთრი ფირი ხომ არ ტყუის...