ანტიკვარული "ვაზ 2101" ლიტვიდან - კვირის პალიტრა

ანტიკვარული "ვაზ 2101" ლიტვიდან

ჟურნალ "ავტო ბილდ საქართველოს" მიერ ორგანიზებული ავტოშოუ მეხუთედ ჩატარდა

უამრავი დამთვალიერებელი, უცხოელი სტუმრები, ახალი და ანტიკვარული ავტომანქანები, "ლეგენდის" კლასისა და "ფორმულა-3"-ის სარბოლო ბოლიდები... ბოლო ორი წელიწადია, ჟურნალ "ავტო ბილდის" მიერ ორგანიზებულმა ავტოშოუმ "ვარდების მოედნიდან" მეტეხის ხიდზე გადაინაცვლა. თბილისობასთან დაკავშირებული ტრადიციული ავტოშოუ გასულ შაბათ-კვირას მეხუთედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი ყურადღებაც დაიმსახურა. ღონისძიების მხარდამჭერი ამჯერადაც თბილისის მერია გახლდათ, სპონსორი - "თეგეტა მოტორსი", საინფორმაციო მხარდამჭერი კი "მედიაპალიტრა".

ანტიკვარული, სპორტული და ხელნაკეთი ავტომანქანების გარდა, გამოფენაზე 16 ახალი ავტომობილიც იყო წარმოდგენილი, რომელთა შეძენაც მსურველებს სპეციალურ ფასად, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეეძლოთ. ძველი და ახალი ავტომანქანების გარდა, გამოფენა-გაყიდვაზე საავტომობილო აქსესუარების შეძენაც იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, სტუმრებს "ოფ როუდის" ავტომობილების, სპეციალურად ავტოშოუსთვის რუსთავის ავტოდრომიდან ჩამოყვანილი "ლეგენდის" კლასის ავტომანქანების და რაც მთავარია, "ფორმულა-3"-ის ორი ბოლიდის დათვალიერებაც შეეძლოთ.

შალვა ბუაჩიძე, "ავტო ბილდ საქართველოს" მთავარი რედაქტორი: "წლევანდელი გამოფენა "ავტო ბილდის" წინა ავტოშოუებისგან გამოფენილი ექსპონატების სიმრავლით გამოირჩევა. წარმოდგენილია რამდენიმე ისეთი ანტიკვარული ექსპონატი, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი. სიახლეა "ფორმულა-3"-ის ბოლიდებიც: ავტომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ბოლიდები, რომლებიც "ფორმულა-1"-ის სარბოლო მოდელებს ბევრით არაფრით ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ "ფორმულა-3"-ის "ლეგენდის" კლასის ავტომანქანებით მეტეხის ხიდთან მინიდრიფტშოუც მოეწყო".

უამრავი დამთვალიერებლის გარდა, წლევანდელ ავტოშოუს ორი განსაკუთრებული სტუმარიც ჰყავდა: სპეციალურად ავტოშოუსთვის თბილისში ჩამოვიდნენ "ავტო ბილდ ლიტვის" და "ავტო ბილდ ინდოეთის" მთავარი რედაქტორები - ვიტოლდას მილიუსი და იოგენდრა პრატაპი. ავტოშოუზე დასწრების გარდა, უცხოელმა სტუმრებმა ყაზბეგის, მცხეთისა და კახეთის დათვალიერებაც მოასწრეს.

შალვა ბუაჩიძე: "მილიუსი და პრატაპი ვილნიუსიდან სპეციალურად თბილისის ავტოშოუში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ, თანაც ანტიკვარული, 1974 წელს გამოშვებული "ვაზ 2101"-ით. ფაქტობრივად, შეუჩერებლად დაფარეს 3200 კილომეტრი. ვიტოლდასს საქართველო ძალიან უყვარს. პირველად 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მარტო ჩამოვიდა "ვაზ 2109"-ით და ამ მოგზაურობით პროტესტი გამოუცხადა რუსეთის აგრესიას. მაშინ საქართველო ისე მოეწონა, მოუთმენლად ელოდა, კიდევ როდის მიეცემოდა ჩვენთან სტუმრობის შანსი. ამჯერად, მილიუსი ინდოელ კოლეგასთან ერთად გვესტუმრა და ქართული "ავტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ტესტდრაივშიც მიიღო მონაწილეობა. ყაზბეგში ვიყავით Mitsubishi ASX-ის ტესტდრაივზე, იქიდან მცხეთაში გამოვატარეთ, კახეთიც ნახეს და საქართველოს ბუნებითა და ჩვენი ეროვნული კერძებით ისე აღფრთოვანდნენ, რომ ცოტა ხანში ისევ გვესტუმრებიან".

ვიტოლდას მილიუსი, "ავტო ბილდ ლიტვის" მთავარი რედაქტორი: "საქართველოში მეორედ ვარ. პირველად ოთხი წლის წინ, აქცია  Back in The USSR-ის ფარგლებში ჩამოვედი ჩემი "ვაზ 2109"-ით, რომლითაც თითქმის მთელი ყოფილი საბჭოეთი მაქვს მოვლილი. მაშინ ვილნიუსშიც მოვაწყვეთ თქვენი მხარდასაჭერი აქცია და ქალაქის ქუჩები ქართული დროშებით მოვიარეთ. საქართველოში ჩამოსვლით კი თქვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიას გამოვუცხადე პროტესტი. იოგენდრა პრატაპი ლიტვაში იყო სტუმრად. როცა შეიტყო, რომ საქართველოში მოვემგზავრებოდი, დაუფიქრებლად დამთანხმდა და არც უნანია: თქვენი ქვეყნით აღფრთოვანებულია და უკვე გადაწყვიტა, რომ საქართველოს აუცილებლად დაამატებს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სტუმრებს მისი ტურისტული სააგენტო გზავნის. ტურისტული სააგენტო მეც მაქვს და ტურისტულ ჯგუფებთან ერთად აუცილებლად გეწვევით. როდესაც დარიალის ხეობას გადავხედე, სუნთქვა შემეკრა, ულამაზესი ქვეყანა გაქვთ".

აღსანიშნავია, რომ თბილისის ავტოშოუს სტუმრებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ვიტოლდას მილიუსის ანტიკვარული "ვაზ 2101" სარგებლობდა და ავტომანქანის პატრონიც, ცნობისმოყვარეებს დაუზარებლად უყვებოდა 1974 წელს გამოშვებული, ჩინებულად შენახული ავტომანქანის ისტორიას.