კომედიანტები?! - კვირის პალიტრა

კომედიანტები?!

"ადამიანები აირჩევენ იმ ტელევიზიას, რომლისგანაც მოისმენენ სიმართლეს"

"იმედი" ითხოვს, ახალი ხელისუფლება ისევე არ ჩაერიოს ტელევიზიის მუშაობაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" არ ერეოდა(?!).

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანგარიშში "ქართული მედია და სარეკლამო ბიზნესის კვლევის შესახებ" აღნიშნულია, რომ საქართველოში იმ მედიასაშუალებების უმრავლესობა, რომლებიც პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს, უაღრესად პოლარიზებულია - ან ხელისუფლების მომხრეა, ან ოპოზიციურად განწყობილი.

რა მოხდება ახალი ხელისუფლების პირობებში?

გვესაუბრება მედიაექსპერტი ია ანთაძე.

- ბევრი პრობლემა მოგვარდება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ასეთი სასამართლოს გარანტი შეიძლება იყოს მედია. ახალმა პარლამენტმა სასამართლოს სწორი ფუნქციონირებისთვის სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი მედიის თავისუფლების შესახებ. პროცესებზე უნდა დაბრუნდეს ვიდეოკამერები, რათა მედიამ სასამართლოს თვალი არ მოაცილოს.

- რისი მომასწავებელია "რუსთავი 2"-ის მეპატრონეთა შორის 40%-იანი წილის მფლობელად კეზერაშვილის გამოჩენა?

- არჩევნებში დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, შეინარჩუნოს ბერკეტი, რომლითაც თავისი ინტერესების შესაბამისი საინფორმაციო ველის შექმნას შეძლებს. რაც შეეხება წილებს, ეს ბიზნესისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ტელევიზიას ეყოლება მფლობელი - ერთი ან რამდენიმე. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ტელევიზიის მფლობელს ტელევიზია საკუთარი ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესების მხარდასაჭერად სჭირდება. ამის გამო სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს და რედაქცია მფლობელის ინტერესებს ემსახურება. ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ტელევიზიების უმრავლესობაში ნამდვილად ასეა.

- როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ მედიასაშუალებები აღარ იყოს პოლარიზებული?

- პარლამენტში შეტანილია მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. მისი მიღება ხელს შეუწყობს, რომ ტელევიზიებისა და მათი მფლობელების საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს; იგი ასევე უზრუნველყოფს სარეკლამო ბიზნესის დემონოპოლიზაციას, რაც ტელევიზიებს მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. მაგალითად, თუ ტელევიზია ეკუთვნის კეზერაშვილს, მან უნდა წარმოადგინოს მისი კუთვნილი მედიასაშუალების შემოსავლის დეკლარაცია. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა ბიზნესი. ამასთან, გვეცოდინება, რომ ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია და არა - რომელიმე პარტიის ინტერესების დამცველი. აუცილებელია, ამოქმედდეს თვითრეგულაციის მექანიზმიც, რომელიც გარკვეული სტანდარტის და ეთიკის ჩარჩოში მოაქცევს ნებისმიერ მედიასაშუალებას. მედიის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია ფინანსებისა და მფლობელების გამჭვირვალობა, დემონოპოლიზაცია სარეკლამო ბაზარზე და თვითრეგულაციის სტანდარტის ამოქმედება. ამის შედეგად ტელევიზიები პოლიტიკური ნიშნით ასე მკაფიოდ დაპირისპირებული აღარ იქნებიან, შეწყვეტენ პროპაგანდას და მხოლოდ ახალ ამბებს მიაწოდებენ მოსახლეობას. რაც მთავარია, თუ რეგიონებში იქნება ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, მაგალითად, სატელიტური ანტენები და იმუშავებს "მასთ ქერის" პრინციპი, ადამიანები აირჩევენ იმ ტელევიზიას, რომლისგანაც მოისმენენ სიმართლეს.

- ბოლო დროს აქტუალური გახდა ტელევიზიებით ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გახმაურება, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ამ დროს დაცული ეთიკური ნორმები და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი?

-  საქართველოში 200 ჟურნალისტის მიერ ხელმოწერილ ქარტიაში ეს საკითხი კარგად არის დარეგულირებული. ერთი მხრივ, არსებობს ვალდებულება, რომ მასალები იყოს მოპოვებული პატიოსანი გზით. მეორე მხრივ, არსებობს ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე ვინმეს პირად ცხოვრებაში არ უნდა შეიჭრა. ამასთან, არ შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა. ბოლო დროს ტელევიზიით გავრცელებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ: თუ ჩანაწერში ვინმემ გამოხატა უკმაყოფილება, თუნდაც უცენზუროდ - ეს არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია. მას გამოაქვეყნებს მხოლოდ ყვითელი პრესა. რაც შეეხება ციხის მასალებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გამომზეურდეს.

პირველი არხი ძალიან კარგად მუშაობდა წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან მთლიანად ორიენტირებული იყო საარჩევნო თემებზე, მაგრამ როდესაც სხვა ტელევიზიებმა აჩვენეს ციხის კადრები, პირველმა არხმა კი აჩვენა ძალიან გვიან, ამით წყალში ჩაყარა ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდა;  დაარღვია მთავარი პრინციპი - არ მიეჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

- საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ხშირად ტელევიზიები უშვებენ ისეთ სიუჟეტებს, რომელთა ნახვის შედეგად მაყურებელი იღებს მძიმე ინფორმაციას, რომლის ატანა მის ფსიქიკას უჭირს. ამიტომ გაუმართლებლად მიაჩნიათ ციხის კადრების პოლიტიკურ რეკლამებში ან სხვადასხვა სახის სიუჟეტებში გამოყენება; ან ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ამოყვანის კადრების ჩვენება.

- ციხის კადრების ჩვენება აუცილებელია, მაგრამ ხშირად ჩვენება და რეკლამაში მათი ჩართვა არასწორად მიმაჩნია. კახეთში მომხდარი ტრაგედიის ამ ფორმით გაშუქებაც არასწორია, რადგან ამის ჩვენება აუცილებელი არ არის. ციხის კადრები საზოგადოებას აძლევს სტიმულს, რომ  იყოს მეტად ორგანიზებული, ჩვილის კადრები კი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხელს არ უწყობს საზოგადოების მობილიზაციას და მის გადაქცევას სამოქალაქო გაერთიანებად. თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ეს მასალა რომ გადაიღო და "ფეისბუკზე" დადო, მიაწერა, კადრები უმძიმესია და შეგიძლიათ, არ ნახოთო. ტელევიზიით ამ კადრების ჩვენება გაცილებით მძაფრია და მეტი სიფრთხილეა საჭირო. დაუშვებელია ისიც, რაც გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გააკეთა. ციხის თანამშრომლების სიისა და მათი მისამართების გამოქვეყნება არ შეიძლებოდა. მედია ყოველთვის უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი პრინციპით - ხომ არ მოუტანს ზიანს კონკრეტულ ადამიანს მისი საქმიანობა. ადრე "ალიაში" გამოქვეყნდა სია აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისა, რომელთაც ჰქონდათ საქართველოს პასპორტები. მაშინ აფხაზები საქართველოს პასპორტის გარეშე უცხოეთში ვერ წავიდოდნენ და ამიტომაც ზოგიერთმა მათგანმა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება მოახერხა. როგორც კი ეს სია გამოქვეყნდა, აფხაზეთში იმ ადამიანებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ...

- ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ ის საინფორმაციო ფორმატზე გადადის, რადგან მათი სპეციალური განცხადების მიხედვით, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება, რის გამოც დგება დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელ, ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმირებას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, ითხოვენ, რომ ახალი ხელისუფლება ისევე არ ჩაერიოს "იმედის" მუშაობაში, როგორც, თურმე, "ნაციონალური მოძრაობა" არ ერეოდა(?!). გავრცელდა ინფორმაცია "დღის შოუსა" და "ნანუკას შოუს" დახურვის შესახებაც.

- როდესაც პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში და ცდილობს, ძალაუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს, მას სჭირდება ისეთი  მედიასაშუალებები, რომლებიც ძირითადად იქნება ყურადღების მომადუნებელ, გასართობ, პირობითად რომ  ვთქვათ, "დამაძინებელ" გადაცემებზე ორიენტირებული. როდესაც პოლიტიკური ძალა არის ოპოზიციაში, მას, პირიქით, სჭირდება გამომაფხიზლებელი და კრიტიკული მუხტის შემქმნელი.  ის, რაც ახლა ხდება "რუსთავი 2"-სა და "იმედში," კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ტელევიზიები ემსახურებიან "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გახლდათ ხელისუფლებაში, სწორედ ეს ტელევიზიები იყვნენ დახუნძლული "დამაძინებელი", გასართობი გადაცემებით.

ახლა, რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ სჭირდება ამ ტიპის გადაცემებში რესურსის დახარჯვა. ამიტომაც ის დახურავს ამ ფორმატის ყველა გადაცემას. ახლა ყველა არხზე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, სანამ ეს კონტროლი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება გაძლიერებული საინფორმაციო ფორმატი და დაემატება პოლიტიკური ტოქშოუები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და სოციალური ხასიათის გადაცემები, რომელთა მიზანი იქნება არსებული ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა, რაც, თუ პატიოსნად გაკეთდა (ვიმეორებ პატიოსნად და ამას არ ექნება პროპაგანდის სახე), არ მგონია, ცუდი იყოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და არ დავუშვათ ხელისუფლების უკონტროლო გაძლიერება ისე, როგორც ეს მოხდა 2003 წელს. იყოს სერიოზული საინფორმაციო ფორმატი, კრიტიკული გადაცემები, ოღონდ პროპაგანდის ნაცვლად იყოს სიმართლე - ეს არის ჩვენი მოთხოვნა.

"მოდელირებული განცხადება"

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი: "ისეთი დემოკრატიული ფრაზების რახარუხი ატეხეს "იმედის" ოფიციალურმა პირებმა თავის "მოდელირებულ განცხადებაში", რომ სახტად დავრჩი, თითქოს მე ვიყავი "მოდელირებული ქრონიკის" შემოქმედი, თითქოს მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც "იმედის" დარბევისა და პატარკაციშვილისთვის მისი წართმევის შემდეგ მშვიდად გავაგრძელე მაუწყებლობა და "ნაციონალური" შემართებით შევუდექი მოსახლეობის დაბოლებას...

როგორც მახსოვს, თავის დროზე "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ტოქშოუების, საგამოძიებო გადაცემებისა და პოლიტიკური დებატების დახურვის მიზეზი მაყურებლის "ნება" გახლდათ. მეხსიერება არ მღალატობს და  BCG ღესერცჰ-ის კვლევების მიხედვით მაყურებლისთვის პრიორიტეტული გასართობი გადაცემები იყო... მაყურებლის ნებას ხომ ვინ-ვინ და "იმედი" წინ როგორ აღუდგება?! მაყურებლის ნება იყო "მოდელირებული ქრონიკა", რომლის ეთერში გასვლის შემდეგ ნახევარ საქართველოს ინფარქტი დაემართა, მაგრამ ნება ასეთი იყო და ვინ შეუშლიდა ხელს "იმედს" სიმართლისა და დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე დგომას? მხოლოდ ახლაა საშიშროება, ივანიშვილმა არ ჩააქროს ეს დემოკრატიის შუქურა და არ დავრჩეთ ბნელში! ბნელზე გამახსენდა, მას შემდეგ, რაც ციხეში "ცოცხიანობის" ვიდეოფირი გავრცელდა, ეგრეთ წოდებულმა ნაციონალურმა ტელევიზიებმა "თავში ხელი წაიშინეს", ამას როგორ ვერ ვამჩნევდით აქამდე, ამისთანა სიბნელე როგორ ვერ შევამჩნიეთო?

ამ ხალხთან ერთი მოკრძალებული კითხვა მაქვს - თუ ქვეყნის უბედურებას ვერ ამჩნევთ, საკუთარი ხალხის კვნესა არ გესმით, დემოკრატიასა და მაღალ ღირებულებებზე კი არა, თავად ჟურნალისტიკაზე თქვენი ლაპარაკი უხერხული ხომ არ არის? ესენი მედია კი არა, კომედიანტები არიან!

ხათუნა პაიჭაძე