როგორი იყო სიფრთხილის კოდი მთაში... - კვირის პალიტრა

როგორი იყო სიფრთხილის კოდი მთაში...

ვაჟა ხორნაული: "კბილი კბილის წილ? ეს მხოლოდ ახალ ცოდვას და ტრაგედიას მოიტანს"

"ქართველს შეეძლო მტერში ვაჟკაცის დანახვაც..."

"კაცობრიობის ხსოვნაა სამოთხე, სადაც კეთილი სახელით უნდა დარჩე..."

სოფელში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც ფშავში თვალში მოსვლია ხევსურს - აქ კარგი წყალ-ხევიაო, - უთქვამს და აქვე დასახლებულა. ჟამთა სვლამ "კარგი წყალ-ხევი" კაწალხევად აქცია, კაწალხევი კი ხალხურ პოეზიაში უკვდავყოფილ ალაგად.

ვაჟა ხორნაულთან სასაუბროდ რომ მივდიოდი, სწორედ იმაზე ვფიქრობდი, - პოლიტიკური დუღილით გადაღლილი მკითხველისათვის მიმეწოდებინა მთის სუფთა ჰაერის შეგრძნებაც და ხალხური მთქმელების სილაღეც, კაწახეველთა მოსწრებული სიტყვაც და ვაჟა ხორნაულის პოეზიაში დალექილი "საწუთროს ნისლისფერობა, ბედის ჟამიჟამ მკრთალობა, ზოგჯერ მოყვასის სიავე და ზოგჯერ მტრების წყალობა. სამოთხის სალამურები, მზის კოხტად მომავალობა"...

- დედა ხორნაული იყო, მამა - ანთაური. ანთაურები ძირძველი ხევსურები არიან. ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვარ დედის გვარზე... დედა მეორე ცოლი იყო მამასთვის, რაკი პირველმა ცოლმა განქორწინება არ მისცა, თავის გვარზე ვეღარ დამწერა... ძალიან მორიდებული იყო, ვერც ვერავინ შეაწუხა ამისი თხოვნით და დავრჩი ასე... თუმცა ამის გამო მამას ძალიან სწყდებოდა გული...

მამამ შრომას პატარაობიდანვე შემაჩვია. მეხუთე კლასიდან დავყავდი სათიბში. პატარა ცელიც კი გამიკეთა. ძალიან მიყვარს მიწა... კიდევ ცელის შხუილი... გამოცდილი მაქვს ისეთი დაღლა, ყველაფერი რომ გტკივა ნაჯაფარს, მაგრამ რაღაც სასიამოვნო განცდაც ახლავს ამას. თივა მთაში უნდა დაამზადო და დააწყო ადგილზე, რომელსაც საგულებელი ჰქვია, ეს ის ადგილია, რომელსაც ზვავი არ ემუქრება... ზამთარში ფერდობი უნდა აიარო, უკვე დათოვლილი თივა ამოთხარო. ამ დროს შრომით ლამაზად იღლები და გტკივა...

სირცხვილ-ნამუსი სხვანაირი იყო მთაში...

მაღაროსკარში ცხოვრობდა გოგი თურმანაული, შოლტივით კაცი. ჩხუბშიაც მაგარი იყო, ვაჟკაცობის განსახიერება. ბარიდან ამოსულს ყველას ის მასპინძლობდა. ლექსები უძღვნეს ანა კალანდაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა... კარგი თამადაც იყო და სიბრძნეც ჰქონდა.

იქვე ახლოს ცხოვრობდა შაქრო სუარიშვილი - 16 წლისამ თორმეტი ლეკი სცემა ჯოხით. შაქროს და გოგი თურმანაულს უჩხუბიათ ერთხელ. ხიდზე შეხვედრიან მანქანით. დაიხიე უკანო, - ერთმანეთს ეუბნებოდნენ. არც ერთმა დათმო. მაშინ გადმოსულან მანქანებიდან და დაუტრიალებიათ მუშტი. ვაჟკაცურად იჩხუბეს.  ბოლოს შერიგდნენ... ასე იცოდნენ... ახლა რომ არის - ათი ერთს გაიგდებს ფეხქვეშ, დაუზოგავად ურტყამს და თუ მოიხელთეს, იარაღსაც დაჰკრავენ, ასე არ იყო...

ცხადია, ყველა კარგი ვერ იქნება სოფელში, მაგრამ უსამართლო კაცს გარეთ გამოსვლისა შერცხვებოდა, არაფერი იჩქმალებოდა, ყველაფერი გამომჟღავნდებოდა. ამიტომაც სიფრთხილის კოდი ყველას სულში იყო... ბოდიშის მოხდაც იცოდნენ...

- მამათქვენს, გიორგი ანთაურს, დაუწერია: "ამბობენ: კანატიაში გაჩნდა ორფეხა ღორები,/არაფერ ღობე არ იჭერს, ზედ ფრენენ, როგორც ქორები". რომ განვაზოგადოთ, მედროვეებზე ზედგამოჭრილი გამოვა... ღირსების დეფიციტი მართლაც ორფეხა ღორად აქცევს კაცს...

- ამისი მაგალითები გვინახავს... თუნდაც ის, რაც ტელევიზიით ვნახეთ, ციხეში მომხდარი არაადამიანური წამების ფაქტები. ასე როგორ უნდა გაიმეტოს კაცმა კაცი... ერთი ძველი გადმოცემა მახსენდება: რომელიღაც ომში ერთი ქართველი გმირულად გაუმკლავდა სპარსელებს, მერე ცხენი წყალში შეაგდო და გაიქცა. სპარსელებმა დადევნება გადაწყვიტეს. სარდალს შეუჩერებია, - შეჩერდითო! ასეთი შვილი უნდა გაზარდოს დედამო! მჯერა, ამ სიტყვების მთქმელი ცოცხს არასოდეს აკადრებდა მოსისხლე მტერსაც კი. ქართველს შეეძლო მტერში ვაჟკაცის დანახვაც და დიდსულოვნებაც... არც მტერი იყო განურჩეველი... ის ცემის ფაქტები კი, რაც ვნახეთ, ყოვლად უღირსი საქციელია... ასე მოკლეს ცემით მიხეილ ჯავახიშვილიც. არ შეიძლება, მისი მკვლელები აძაგო და თავად იგივე გააკეთო...

- ითქვა, რომ ამ გზით ბოროტმოქმედების გატეხა უნდოდათ...

- კბილი კბილის წილ? ეს მხოლოდ ახალ ცოდვას და ტრაგედიას მოიტანს. გამონაკლისი სამშობლოა, თუ სამშობლოს დაემუქრება რამე, მაშინ უნდა მიაგო პასუხი, სხვა შემთხვევაში სისხლი სისხლით არ იბანება...

- გაჩნდა ილუზია - ცოდვა არ ამძიმებს, რადგან ცოდვილი უკეთ ცხოვრობსო...

- მაგრამ ცხოვრება მარტო ამქვეყნიური ყოფნა ხომ არ არის. საიქიო ცხოვრება რომც არ არსებობდეს, კაცობრიობის ხსოვნაა სამოთხე, სადაც კეთილი სახელით უნდა დარჩე... იყო ერთი მეცხვარე - გუგუდაშვილი. მოდიოდა ერთხელ ცხენზე ამხედრებული, უკან მეორე ცხენი მოჰყვებოდა, ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული, ორივე თვალი ფულით სავსე! უკან ვაჟა-ფშაველა მოდიოდა და გროში არ ედო ჯიბეში... იმ ფულით სავსე ხურჯინმა რა არგო პატრონს? რა დარჩა მასზე სათქმელი?

- ვაჟასთან დაკავშირებულ კიდევ სხვა ამბებს ხომ არ ჰყვებოდნენ თქვენს ოჯახში?

- ვაჟაზე მამას აქვს კარგი მოგონება. მამა მაღაროსკარში სწავლობდა, ბაჩანა რაზიკაშვილი ასწავლიდა. ხანდახან სადღაც მიდიოდა და სანაცვლოდ ვაჟა შემოდიოდა გაკვეთილზეო. ხელში თურმე დიდი ჯოხი ეჭირა და თუ ბავშვები ახმაურდებოდნენ, მსუბუქად დაადებდა თავზე ჯოხის ბოლოს... თან ეტყოდა: ა, ბალღო, ჩამოვარდა კაკალიო?! ერთხელაც ვაჟა-ფშაველა კლასში ყოფილა, დაუძახეს და გავარდა ჩოხის ფრიალით... თურმე იმ დღეს მისი ცხენი მომკვდარა არაგვის ნაპირზე... ადამიანივით დაიტირა, სამარეც გაუთხარაო...

- სტუდენტობა ხელმოკლედ გაგიტარებიათ...

- მართალია, ხელმოკლედ ვიყავი, სარჩო რომ მქონოდა, რუსთაველის თეატრში მეხანძრედ დავიწყე მუშაობა, ხელფასი მყოფნიდა, ბინის ქირასაც ვიხდიდი და თავის რჩენაც შემეძლო. დღეში 30 კაპიკად შემეძლო მესადილა.

- თეატრში მუშაობა მოგონებებს დაგიტოვებდათ...

- ნამდვილად ასეა. ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა, სერგო ზაქარიაძეს ანახეს გაზეთი. მომილოცა, მეხანძრე პოეტი გვყოლიაო, - მომეფერა... გული ახლაც მტკივა, რომ მახსენდება. ერთხელ ერთმა მორიგემ მთხოვა: ცოტა ხნით გასვლა მინდა და ჩემს ნაცვლად შემოსასვლელში დაჯექიო. ამ დროს დარეკა სერგო ზაქარიაძემ და თავისი მძღოლი - შურიკა იკითხა. ვიდრე დავუძახებდი, ყურმილი არ დადო. გავიგონე გულმოკლული ეუბნებოდა ვიღაცას: ხალხო, არ გრცხვენიათ რაზე მკლავთ, რა დაგიშავეთო... აი, შენ ერთ სპექტაკლში ორი როლი ითამაშე, რით ხარ უკმაყოფილოო... საშინელებაა, ასე რომ გავამწარებთ ხოლმე ჩვენს საუკეთესო მამულიშვილებს... სხვაც ბევრი მაქვს მოსაგონარი...

- თქვენი ლექსია: "გაიხედა/და გამოიხედა გულმა/და ფიქრი ეტკინა - /ყველა რაღაცას უყურებდა/ერთმანეთს - არავინ". ცხოვრება გადის და ადამიანები ვერ ახერხებენ ერთმანეთის დანახვას და დაფასებას...

- მართლაც გულსაკლავია... თუნდაც ის, რომ დღეს მწერალი არის შეურაცხყოფილი და მივიწყებული, აბუჩად აგდებული. მწერალთა კავშირის წევრები თვეში 22 ლარს იღებდნენ. მოუხსნეს... ამისი საშუალება არ არისო და ის კი შეუძლია ქვეყანას, რომ ენრიკე იგლესიასი ჩამოიყვანოს და ათი მილიონი გადაუხადოს? წიგნის მოლოდინი აღარავის აქვს... მამაჩემი სათიბში რომ მიდიოდა, იქაც წიგნები მიჰქონდა და კითხულობდა დასვენებისას. ძლივს ვშოულობდით წიგნებს, რომ გვეყიდა. ახლა წიგნი ბევრია მაღაზიაში... მკითხველისა რა მოგახსენოთ...

P.S. დასასრულს მინდა მამა-შვილის - ვაჟა ხორნაულისა და გიორგი ანთაურის გაკაფიავების ერთი ეპიზოდი გაგაცნოთ:

"ერთხელ ავედი სოფელში. ვნახე, რომ სახლის კოჭი გაბზარულა, თანაც მამას საწოლის თავზე. მეორე დღეს ქალაქში უნდა ვყოფილიყავი. დილით ეს ლექსი დავუტოვე მაგიდაზე და წამოვედი:

"კოჭ გაბზარულა, მამაო,

წლებმა თუ სძლიეს ძმობილსა,

ე მანდ ზედ არა დაგეცეს,

აქეთ გამასწი ლოგინსა.

ვერცრას მეზობელ გაიგებს,

ვერც ხმას მიაწვდენ ცოლ-შვილსა,

რაად რა მეჯიუტები,

როგორც არაგვი ბოგირსა?"

თბილისში ფოსტით მივიღე პასუხი:

"ნეტავი ადრე დამეცეს,

მაგრამ გატყდება როდისა,

ეხლავ მირჩევნავ სიკვდილი,

ვერ ვიტან დიდხანს ლოდინსა,

ნუ შეგაშფოთებს სიკვდილი

ჩემი ასაკის მშობლისა;

უკვე დრო არის, წავიდე

სტუმარი წუთისოფლისა,

რადგან აქ აღარ შამიძლავ

შრომით მოდენა ოფლისა,

აღარც კედლების შელესვა,

აღარც გამოცვლა კოჭისა".

ვაჟა ხორნაულმა ის კოჭიც გამოცვალა და კედლებიც გაამაგრა...

დღესაც იმას ცდილობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შერჩეს სიტყვას - მადლი, მიწას - შემგრძნობი, ადამიანს - ღირსება... ბოლოს და ბოლოს, თუ სამშობლოს "კოჭი" გაგვებზარა უგუნურებით, მხრით უნდა შევუდგეთ და გავამაგროთ. სიყვარული შეგვაძლებინებს!