ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან - კვირის პალიტრა

ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში მისი მუსიკის მოსასმენად ათასობით ადამიანი იყრის თავს. ამ კლუბის ხშირი სტუმარი გახლდნენ მადონა და ლედი გაგა. მუსიკა, სათანადო განათება, გართობა და "თუხთუხი" - "ვებსტერჰოლში" თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ღამის კლუბში უნდა იყოს, მაგრამ ერთი უჩვეულო შტრიხი უმალ იპყრობს ყურადღებას: "დიჯეის" პულტთან, ამერიკის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ქართველი დიჯეი უკრავს.

დიჯეი ნიკას ამერიკელი პუბლიკა კარგად იცნობს. თვითნასწავლი მუსიკოსის დებიუტი ნიუ-იორკის ყველაზე ძველ და ლეგენდარულ კლუბში შედგა...

ნიკა გელაშვილი, მუსიკოსი და დიჯეი: - "სკოლას ვამთავრებდი, როცა პირველად  სცენაზე გავედი და ვიმღერე. ჩემი დებიუტი სკოლაში შედგა. იმ დროს ჰიპ-ჰოპი მომწონდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის და გამოვუშვით ალბომები, გადავიღეთ რამდენიმე კლიპი. კარგი დრო იყო... ბევრი გამოსვლა გვქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმ დროს რეპი, ის-ის იყო, ვითარდებოდა ჩვენში და მსმენელიც აქტიურად მოგვყვებოდა.

- ამერიკაში როდის წახვედი?

- 21 წლის ვიყავი... ამერიკაში მამაჩემი მელოდებოდა. როგორც ყველას, მეც მეგონა, რომ იქ რომ ჩავიდოდი, ყველა ჩემი ოცნება ასრულდებოდა, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მიზნის მისაღწევად ძალიან რთული გზა გავიარე. დღე-ღამეში, სულ ცოტა, 17 საათს ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი. ჩემი შვილი ლილუ ამერიკაში დაიბადა. მეუღლე ქართველი მყავს და ძალიან მიდგას გვერდში; ის, ამავდროულად, ჩემი მენეჯერიც გახლავთ.

ამერიკაში ჩასვლისას ვფიქრობდი, რომ ისევ ჰიპ-ჰოპის შესრულებას გავაგრძელებდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც ამდენი წელი ველოდი:  ვიპოვე ის, რისთვისაც დავბადებულვარ - ელექტრონული საცეკვაო მუსიკა.

თავიდან პრომოუტერად ვმუშაობდი სხვადასხვა კლუბში: ვაწყობდი საღამოებს, ვიწვევდი დიჯეებს და პროდიუსერებს. შემდეგ თვითონაც დავინტერესდი ამ მუსიკალური მიმდინარეობით. 2009 წლის ნოემბერში გავხდი დიჯეი და პროდიუსერი. ვქმნი კომპოზიციებსაც, რომლებიც ონლაინ მაღაზიებში იყიდება. რამდენიმე დღის წინ ერთ მსხვილ კომპანიასთან ხელი მოვაწერე კონტრაქტს, რომელიც გამოუშვებს ჩემს ორიგინალურ მიქსებს ცხრა სხვა ცნობილი მუსიკოსის რემიქსებთან ერთად.

იგეგმება ჩემი ტურნე კანადასა და ბრაზილიაში,  2013 წელს კი ავსტრალიაში გავემგზავრები. ყველაზე დიდი და ცნობილი კლუბი, სადაც ვუკრავ, "ვებსტერჰოლია". ამ კლუბში 3000 ადამიანი ეტევა და ძალიან პოპულარულია. იქ უკრავდნენ ისეთი ცნობილი დიჯეები, როგორიც არის ტიესტო, სქრილექსი, აქსველი და ა.შ. ამ კლუბში მღერიან ლედი გაგა, "50 ცენტი", მადონა და სხვები. სხვათა შორის, მადონა გამორჩეულად დამამახსოვრდა - დაბალი, კოხტა და ლამაზი ქალია, ძალიან თავმდაბალი და უბრალო, ვარსკვლავობა თავში არ აქვს ავარდნილი. აქ ყველაზე პოპულარული ადამიანებიც კი უბრალო ხალხია, არავინ  დადის ცხვირაწეული.

- საქართველოშიც გქონდა ტურნე.

- 18 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა ქალაქში მქონდა გამოსვლები.  მოვიარე ბათუმი, ქობულეთი, სამტრედია, სიღნაღი, საგარეჯო, რუსთავი და რა თქმა უნდა, თბილისი. კარგი ტური გამოვიდა.

საქართველოში ლადო ბურდულთან ვთანამშრომლობ. სამომავლოდ, ალბათ, რამდენიმე ერთობლივ პროექტსაც შევასხამთ ხორცს. ლადო ამერიკაშიც აპირებს ჩამოსვლას. აქ მას ბევრი ემიგრანტი ელოდება და დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებს აქაური პუბლიკა.

საქართველო სულ მენატრება. მანდ რომ ვიყავი, მაინც მენატრებოდა. უფრო დიდი ხანი მინდოდა დავრჩენილიყავი, მაგრამ აქაც ბევრი საქმე მელოდა. ამერიკის მოქალაქე ვარ და მინდა, საქართველოს მოქალაქეც გავხდე. თვალს ვადევნებ ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა და ვფიქრობ, წინ უკეთესი მომავალი გველოდება.