საიქიოდან მობრუნებული ნეიროქირურგის აღიარება!.. - კვირის პალიტრა

საიქიოდან მობრუნებული ნეიროქირურგის აღიარება!..

"მე  ვიხილე ახალი რეალობა!"

კომიდან გამოსულმა ექიმმა "სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის" საიდუმლო ამოხსნა

დოქტორი ებენ ალექსანდერი, რომელიც  წლების განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლიდა და შესანიშნავი ნეიროქირურგის სახელიც აქვს მოხვეჭილი, თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, თუმცა  საიქიოსი არ სჯეროდა.

"როგორც ნეიროქირურგს, არ მჯეროდა სხეულს გარეთ არსებობისა. სამეცნიერო გარემოში გავიზარდე, მამაჩემიც ნეიროქირურგი გახლდათ, მის გზას გავყევი და გავხდი  აკადემიკოსი. ვიცი, რაც ემართება ტვინს, როდესაც ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება, ამიტომაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კომიდან გამოსული ადამიანის "სხეულს გარეთ" მოგზაურობის შესახებ მონაყოლს გონიერი სამეცნიერო ახსნა  ჰქონდა...

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც აკადემიკოსი ერთი კვირით კომაში ჩავარდა. მისი თქმით, სწორედ მაშინ, როცა გაეთიშა ფიქრსა და ემოციაზე პასუხისმგებელი ტვინის ქერქი, საიქიოში, კერძოდ კი სამოთხეში იმოგზაურა...

"თავის ტვინის შესახებ თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მიხედვით, შეუძლებელია წარმოდგენა, რომ კომის განმავლობაში თუნდაც ნაწილობრივ ვიმყოფებოდი გონებაზე. არ არსებობს იმის სამეცნიერო ახსნა, როდესაც სხეული კომაში იყო, ხოლო ტვინის ქერქი გათიშული, როგორ განაგრძობდა ჩემი ტვინი მუშაობას - მეტიც, ჩემი ტვინი მიემგზავრებოდა გაცილებით დიდ სამყაროში - განზომილებაში, რომლის არსებობისა არასდროს მჯეროდა".

აკადემიკოსი ხაზს უსვამს, რომ ის მისტიკური განზომილება, რომელშიც მოუწია მოგზაურობამ, ჰგავდა იმ მრავალრიცხოვან მონათხრობს, რომლებსაც კლინიკური სიკვდილიდან გამოსული ადამიანები ჰყვებოდნენ. მისი თქმით, ეს არის ახალი სამყარო, სადაც უფრო ყოვლისმომცველნი ვართ, ვიდრე ჩვენი სხეული და ტვინია, სადაც სიკვდილი არ არის ცნობიერი სიცოცხლის დასასრული, არამედ უსასრულო მოგზაურობის მხოლოდ ნაწილია...

დოქტორმა შეძლო იმის აღწერაც, როგორ გამოიყურება ეს საოცარი სამყარო. მისი მოგზაურობა სადღაც მაღლა, ღრუბლებს შორის ლივლივით დაიწყო და მალე დაინახა გამჭვირვალე, მოციმციმე არსებები, რომლებიც დაფრინავდნენ და ხაზის მსგავს კვალს ტოვებდნენ, თან გამოსცემდნენ  საკვირველ მუსიკალურ ხმებს და ამით გამოხატავდნენ სიხარულსა და ნეტარებას. ებენ ალექსანდერმა ისინი მიწიერს ვერაფერს შეადარა, ჩვენს პლანეტაზე არსებულთაგან განსხვავდებოდნენ. ისინი უმაღლესი ქმნილებები იყვნენო, - დარწმუნებულია ნეიროქირურგი.

ერთ-ერთი ამ ქმნილებათაგანი - ლამაზი ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა და მისტიკურ სამყაროში გაუძღვა. მეგზურს ჰქონდა მუქი ლურჯი თვალები, ოქროსფერი ნაწნავები და მაღალი ღაწვები. სადა, მაგრამ კაშკაშა, მოცისფრო-მოლურჯო ფერის სამოსი ეცვა. მართალია, ღვთიურ ქმნილებას ნეიროქირურგთან არ უსაუბრია, მაგრამ თავის აზრებს უსიტყვოდ გადასცემდა - მისტიკური ქმნილების "შეტყობინება" აკადემიკოსს სიტყვასიტყვით დაამახსოვრდა: "შენ უყვარხარ და სამუდამოდ გიფრთხილდებიან... ნურაფრის გეშინია...

არ არსებობს ისეთი რამ, რასაც არასწორ საქციელად ჩაგითვლიან! ბევრ რამეს გაჩვენებთ, მაგრამ ახლა უკან დაბრუნდები".

მეგზურმა ექიმი უზარმაზარ სიცარიელეში შეიყვანა, სადაც უკუნი სიბნელე იყო, მაგრამ უსასრულობა იგრძნობოდა. აკადემიკოსს ნეტარების განცდა დაეუფლა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო უფლის სახლი...

მას შემდეგ, რაც ნეიროქირურგი მიწიერ ცხოვრებას დაუბრუნდა, ნუგეში ეკლესიაში პოვა. დაწერა წიგნი - "ნეიროქირურგის მოგზაურობა სამოთხეში", რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს.

"უპირველეს ყოვლისა, კვლავინდებურად  ექიმი ვარ და ვრჩები მეცნიერად, მაგრამ სიღრმისეულად ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, რაც ადრე ვიყავი - მე  ვიხილე ახალი რეალობა", - ასკვნის აკადემიკოსი.

მომზადებულია "ნიუსვიკის" მიხედვით