პენსიების გაზრდის საკითხი ძალიან სწრაფად იქნება გადაჭრილი - კვირის პალიტრა

პენსიების გაზრდის საკითხი ძალიან სწრაფად იქნება გადაჭრილი

"ისე არავინ გაიგოს, თითქოს ხვალ-ზეგ უმუშევრობის დახმარების დარიგებას ვიწყებთ"

ამირან გამყრელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატია, რომელიც დამტკიცების შემდეგ ამ პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილს შეცვლის. ის ერთხელ უკვე იყო ჯანდაცვის მინისტრი, შევარდნაძის დროინდელ მთავრობაში, სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანაში საბაზისო პენსია 14 ლარი იყო. ახლა კი მოსახლეობა მისგან 220-ლარიან პენსიას, უმუშევრობის შემწეობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევას ელოდება.

ამირან გამყრელიძე: - ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობა, საერთო სოციალური დაზღვევის სეგმენტი უნდა იყოს, მაგრამ ჩემი ნათქვამი უმუშევრობის შემწეობასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული. ვთქვი, რომ ჩვენი სამინისტრო, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე პასუხისმგებელია ქვეყანაში შრომის და დასაქმების პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ბევრი რამ არის შესაცვლელი შრომის კოდექსში. უმუშევართა შემწეობა ერთ-ერთი ნაწილია მთელი ამ პოლიტიკისა. ჩვენი შრომის კოდექსი ძალიან კაბალურია, ამიტომ, აუცილებელია კანონმდებლობის დახვეწა. ამ საკითხზე ქვეყანამ მუშაობა უნდა დაიწყოს და ეს ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ხვალ ან ზეგ ჩვენ უმუშევრობის შემწეობის დარიგებას დავიწყებთ. უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა დასაქმებაშია და ამავე დროს, შრომითი ურთიერთობების, შრომითი პირობების, შრომის უსაფრთხოების მოწესრიგებაში.

- თუ არის განსაზღვრული სამომავლოდ რა თანხა შეიძლება მიიღოს უმუშევარმა. ის უნდა იყოს მიახლოებული საარსებო მინიმუმთან თუ ბევრად უფრო მეტი?

- ჯერჯერობით ამ თანხას ვერავინ დაგისახელებთ...

- რაც შეეხება პენსიას, როგორ და რა ოდენობით მოხდება მისი გაზრდა?

- ეს საკითხი ასახულია კოალიციის წინასაარჩვენო პროგრამაში და ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, აუცილებლად დაიწყება პენსიების ზრდა და მისი მიახლოება საარსებო მინიმუმთან.

- დღეს ხომ საარსებო მინიმუმი დაახლოებით 150 ლარია. გამოდის, რომ პენსიის ზრდა მინიმალური იქნება?

მანამ, სანამ 2013 წლის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, არ დაითვლება შემოსავლები, ძნელია ვისაუბროთ, რამდენი იქნება საბაზისო პენსია - 220 ლარი თუ უფრო მეტი. რადგან ეს ძალიან პრიორიტეტული საკითხია, ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი გვყავს, ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ პენსიების გაზრდის საკითხი ძალიან სწრაფად იყოს გადაჭრილი. ამავე დროს გადაიხედება საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა. ის უნდა დაეფუძნოს იმ პრინციპებს, რაც აღიარებულია განვითარებულ ქვეყნებში.

ამავე დროს, ქვეყანაში პარალელურად უნდა მომზადდეს საპენსიო რეფორმა. ახალგაზრდებმა, რომლებიც დასაქმებული არიან, აქედანვე უნდა იფიქრონ საპენსიო შენატანებზე. ანუ პენსია უნდა გადავიდეს დაგროვებით სისტემაზე...

- რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, გაიზრდება დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში?

- მოხდება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა და ყველა მიიღებს საბაზისო სამედიცინო მომსახურების პაკეტს. დღეს საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვაზე ხარჯავს წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ია. თუმცა, ამ საერთო დანახარჯიდან, სახელმწიფოს წილი მხოლოდ 25%-ია, დანარჩენი 75% მოსახლეობის ჯიბეზე მოდის, რაც გაღარიბების მთავარი რისკ-ფაქტორია. გვინდა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდოს.