"კუ-კუ-კუ"! - თბილისის ქუჩებში "მოგელანდები" გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"კუ-კუ-კუ"! - თბილისის ქუჩებში "მოგელანდები" გამოჩნდა

"ერთმა კაცმა ისიც კი თქვა, - როგორ არ მომეწყო პუტჩი, როცა პეტრიაშვილს უნდოდა ვიოლინოსთვის ყელფანდურა დაერქმიაო!"

"სინამდვილეში ნამდვილი მეზღაპრე ვარ"

"მე ის კაცი ვარ, რომელიც დაბადებისას ხელიდან გაუვარდა ბებიაქალს და თავი იმ კუთხით დაარტყა, რომ უკურნებელი ოპტიმიზმი შეჰყროდა"

ქართულ ენაში კაცის დასახასიათებლად მრავალი სხარტი სიტყვაა. ზოგი აღგაფრთოვანებს, ზოგიც გულს მოგიკლავს. მაგალითად, სიტყვა "უფერული" ადამიანს სპობს, - ეს იმას ნიშნავს, რომ კაცი შეიძლება ასჯერ ნახო, მაგრამ არ დაგამახსოვრდეს, არსებობს ისეთი ხალხიც, რომელსაც ერთხელ ნახავ და არასოდეს დაგავიწყდება. მაგალითად, გურამ პეტრიაშვილი, - ის ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს, თქვას თუნდაც ერთადერთი სიტყვა და სამუდამოდ ჩაგრჩეს გულში. ასე იყო 1992 წელსაც. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გაქანებული ომის დროს ტელევიზიით გამოსული დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გურამ პეტრიაშვილი, გამორიცხულია, ან ის დავიწყებოდა, ანდა მისი "მოგელანდებით!" მას მერე 20 წელი ამ სიტყვას ხალხი სხვადასხვა კონტექსტით იმეორებდა. თავად გურამ პეტრიაშვილი კი მას შემდეგ აღარავის უნახავს...

თუმცა დღეს თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა და ეს "მოლანდება" არ არის - ქართველი მწერალი, მსახიობი და კინორეჟისორი სამშობლოს დაუბრუნდა და ისევ ისეთივეა, როგორიც იყო, ერთადერთი - ჭაღარა მორევია, შთაბეჭდილებას კი ისევ დანახვისთანავე ახდენს. არასოდეს დამავიწყდება რედაქციაში სტუმრობისას მისივე პიჯაკის ჯიბიდან იატაკზე გადმოვარდნილი კოვზი, რომელიც აიღო და მითხრა: - ეს კოვზი, დილით რომ ვისაუზმე, გავრეცხე, ჭურჭლის საშრობზე უნდა დამედო, მაგრამ თან გამომყოლია. კიდევ კარგი - გზად ვიღაცის ოჯახურ კაფეში ჩემი უსაყვარლესი ისპანახის მხალი დავინახე და ამ კოვზით მივირთვიო.

- როგორ გაძელით ამდენ ხანს უკრაინაში კაცმა, რომელიც ამბობდა, საქართველოზე ძვირფასი არაფერი მაქვსო?

- როგორც ძლებენ ისინი, ვისაც სამშობლოს პუტჩისტების სისხლიანი ხროვა ხელიდან ჰგლეჯს. მაგრამ გაგდებამდე უკრაინაში თავად ზვიად გამსახურდიამ მიმავლინა ელჩად. ვუთხარი, იქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი და -  რასაც აქ აკეთებ, უკრაინაში უკრაინული ენა უნდა დაიცვაო. სამშობლოში დაბრუნების ნება მხოლოდ 2000 წელს დამრთო საქართველოს მთავრობამ. მაგრამ ვეღარ ჩამოვედი - ჩემი მოვალეობები მქონდა შესასრულებელი. მაგალითად, ვალები უნდა გამესტუმრებინა - დალხინებულად არ ვცხოვრობდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, მაინც ვცხოვრობდი. ამაში ის დამეხმარა, რომ ჩემი ცოლი უკრაინელია. უმცროსი შვილი წავიყვანე და ჯერ ცოლის მშობლებთან ვცხოვრობდი, მერე ბებია-ბაბუის სახლში.

რეზო ჩხეიძე და მისი დამსახურებით ნასწავლი ხელობაც დამეხმარა. ბევრი ივიწყებს სიკეთეს, მაგრამ მე ვერ დავივიწყებ, - რეზო ჩხეიძემ რუსებს პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა თბილისში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და მე ამ ფაკულტეტზე ვსწავლობდი თენგიზ აბულაძის სახელოსნოში. მივედი ამ ხელობით ჩერნიგოვოს ტელევიზიაში და გადავიღე შვიდი მულტფილმი "კუ-კუ-კუ, ანუ სამჯერ კუ". ეს არის ამბავი კუსა და მის გასაჭირზე. ძალიან მოეწონათ იქაურ ბავშვებს. მერე გადავედი კიევში, იქაც გადავიღე მხატვრული ფილმები. თანაც ვწერდი (რუსულადაც) წერილებს, ლექსებს, ზღაპრებს (ცხადია, ქართულად - ენას ხომ ვერ ვუღალატებ) - მე ბევრი რამ შემიძლია, მაგრამ სინამდვილეში მაინც ნამდვილი მეზღაპრე ვარ, ბავშვებს უყვართ ჩემი ზღაპრები. მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა, მე რომ უკრაინაში ვიყავი, მაშინ დაუწერა თავის ბავშვობას, - ნახე, ის კაცი, შენ რომ გეშინოდა, ტელევიზორში რომ გამოდიოდა და "მოგელანდებიო", - იძახოდა, რა კეთილი ყოფილა, რა კარგი ზღაპრები აქვს დაწერილიო.

- მეც ძალიან მიყვარს თქვენი ზღაპრები. მართლა, მაშინ ვის აშინებდით, "მოგელანდებითო"?

- თქვენ არ გეუბნებოდით, იმათ ვეუბნებოდი, ვინც ტყვია ისროლა. ის კი არა, იმასაც ვპირდებოდი, რომ მოგელანდებით, ფანჯრიდან გადახტებით-მეთქი. მაგრამ სინდისის ნატამალი არ ჰქონიათ და რას გადახტებოდნენ. ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ, 200 მილიონი დოლარი მოიპარა საქართველოდანო და მერე გაირკვა, რომ ამ ფულის წაღებას თურმე ერთი კონტეინერი სჭირდებოდა... მაგათ ამ ლაპარაკით ვებრძოდი - როცა რამე "მოგელანდებით"-ის მსგავსს ვიტყოდი, სროლა ძლიერდებოდა, თუ გავჩერდებოდი, მისუსტდებოდა. ოთარ ჩხეიძემ თქვა თავის რომანში - "გადატრიალება", - რაც გურამმა გააკეთა, იმას ციცერონიც ვერ გააკეთებდა, გურამი ლაპარაკობდა სროლის დროს, ციცერონი - პარლამენტშიო.

- თქვენ ასეთი მაპროვოცირებელი უკომპრომისობით მანამდეც იყავით ცნობილი და ნერვებს ბევრს "პუტჩამდეც" უშლიდით.

- რით? ახლა ბევრ მაშინდელ პუტჩისტზე ლაპარაკი აღარც მინდა, რადგან ამ სისხლიანობისთვის ღმერთმაც მიაგო, მაგრამ მე ვუშლიდი, თუ აქეთ მიშლიდნენ? არ ვილაპარაკებ იმაზე, რაც კარგად არ ვიცი და რა ვიცი კარგად, ეს ნამდვილად ვიცი. არისტოტელეს დავიმოწმებ: ისიც ამბობდა, რომ "ნამდვილი ცოდნა არის ის, როცა იცი, რა იცი და რა - არა". მე კი კარგად ვიცი ქართული ენა და მასზე ვლაპარაკობდი. მედავებოდნენ და რაღაცებს მაბრალებდნენ ენის უცოდინარნი. მაგალითად, მომაწერეს, თითქოს მოვითხოვდი, რომ ვიოლინოსთვის დაგვერქმია ყელფანდურა. პუტჩის შემდეგ ერთმა კაცმა ისიც კი თქვა, - როგორ არ მომეწყო პუტჩი, როცა პეტრიაშვილს უნდოდა ვიოლინოსთვის ყელფანდურა დაერქმიაო! მაგრამ მე ვამბობდი, რომ ჩვენ, ქართველებმა უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და როცა ასე ვილაპარაკებთ, მაშინ შეიძლება ვიოლინოს ყელფანდურაც დავარქვათ-მეთქი. რუსები და უკრაინელები რომ ვიოლინოს სკრიპკას ეძახიან ამიტომ იქ გადატრიალებას აწყობს ვინმე და ხალხს ხოცავს?

- არც ოპერაში შევარდნილხართ პუჩინის "ტურანდოტის" წარმოდგენაზე და მსახიობებისთვის არ გიყვირიათ, რად გჭირდებათ ეს რუსული ოპერაო?

- ეგ გერმანიაში მყოფმა ერთმა "პოლიტიკოსმა" თქვა და მერე  ვახტანგ კიკაბიძემ გაიმეორა, - პეტრიაშვილი ევროპასთან ურთიერთობას გვიშლისო. ესე იგი, მე, თეატრალურ ინსტიტუტში გაზრდილმა კაცმა, არ ვიცოდი, რომ პუჩინი რუსი კი არა, იტალიელი იყო? სინამდვილეში კი კულტურის მინისტრად დანიშნულ გოგი ხოშტარიას შევყევი ოპერაში და თანაც მაშინ, როცა არავითარი სპექტაკლი იქ არ იყო და იქაურ მუშაკებს ვუთხარი, - მეგობრებო, ვატყობ, რომ გიყვართ რუსული ოპერები და ამიტომაც მღერით რუსულად "ტურანდოტს", მაგრამ თუ რუსული ოპერები გიყვართ, რუსულად იმღერეთ "ბორის გოდუნოვი", "ტურანდოტი" კი იტალიურად-მეთქი. ურჩხულობა დამაბრალეს... რას იგონებ, რას მაბრალებ, შე კაცო, ცოტანი არიან ნამდვილი ურჩხულები?!

- მსახიობობა ნამდვილად არავის დაუბრალებია თქვენთვის, ქართულ ფილმებში თქვენი ეპიზოდური როლები მართლაც ბრწყინვალეა. ვისაც უნახავს, არ დაავიწყდება, როგორ გაქვთ მხარზე ამოსული ნაძვი გოდერძი ჩოხელის ფილმში.

- დაბრალება არა, მაგრამ ვიღაცას ჩემი დაცინვა რომ უნდა, ამბობს, - ყველა ფილმში თავის თავს თამაშობსო. კაცო, ყველა ფილმში თუ ყველას მე ვთამაშობ, - კაგებეშნიკსაც, პარიკმახერსაც, მებაღესაც და ყველას ჰგონია, რომ ეს ნამდვილად მე ვარ, ესე იგი, ტყუილად დამცინიან! მაგ ფილმს "წერილი ნაძვებს" ჰქვია. ერთი ლექსი მაქვს - "ჩამეძინა მინდორში ერთხელ, რომ გავიღვიძე, ვნახე, ვიღაც დაბნეულ მებაღეს ზედ ჩემს მკერდზე პაწაწინა ნერგი დაერგო და როგორც წამოვიწიე, ნერგმა ამოიკვნესა". წაუკითხავს გოდერძის ეს ლექსი და მეუბნება, - გურამ, შენს ლექსზე სცენარი დავწერე და აუცილებლად შენ უნდა გადაგიღოო. ბორჯომში რომ ვიღებდით, ბიჭები დამდევდნენ, - აბა, მხარი გვაჩვენე, მართლა ამოგივიდა ეგ ნერგიო? ვეუბნებოდი, - ამომდის, აბა, რა! საღამოს გადაჭრის გოდერძი და დილას ისევ მეზრდება-მეთქი. მერე წამოვედი თბილისში, გადის კინო, უყურებს ჩემი უფროსი გოგონა, ამ ფილმში ორმოში რომ ჩამაგდებენ და უცებ ისეთი ტირილი ამოუშვა, ვეღარ ვაჩერებ, - რატომ ტირი, შვილო, არ ვარ იმ ორმოში, აგერ ვარ შენ გვერდით-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გავაჩერე.

- ამაზე გამახსენდა თქვენი ნათქვამი - მთაწმინდაზე ფილიპე მახარაძე ამოსათხრელია საფლავიდან და ეგება, ჩემმა შვილმა ამოთხაროსო. ის კი მართლაც ამოთხარეს, მაგრამ საფლავიდან ამოთხრა სწორია?

- მე არ ვარ არც ვინმეს მკვლელი, არც ვინმეს ამომთხრელი. ფილიპე მახარაძე სულელი იყო. მაგისთანა სულელი ბევრი გვყავს და ახლა მაგას რომ მივყვეთ, დაიწყება საფლავების თხრა. ცოტაა, ვინც დაუმსახურებლად დაიდგა ძეგლი? მე ის კაცი ვარ, რომელიც დაბადებისას ხელიდან გაუვარდა ბებიაქალს და თავი იმ კუთხით დაარტყა, რომ უკურნებელი ოპტიმიზმი შეჰყროდა. არა მარტო ფილიპე, ზოგადად არ ვართ ქართველები ჭკუადამჯდარნი, ღვთისმშობელი რომ არ გვიფარავდეს, ჩვენ ქვეყანას გავანადგურებდით.

ყველა ქართველს უნდა, იყოს საქართველოს გადამრჩენელი, მაგრამ ვთქვათ, ეს ქართველი არის ვინმე ღობეგლეჯიაშვილი, მას უნდა რომ ამ გადარჩენას მხოლოდ მისი, კერძოდ, ღობეგლეჯიაშვილის სახელი დაერქვას და თუ ასე არ დაერქმევა, მზად არის, საქართველო დაანგრიოს. ფრანგები ამბობენ, ჩვენი ნაკლოვანება ჩვენი ღირსების გაგრძელებაა და თუ მოვიშორეთ ნაკლოვანება, მაშინ შეიძლება ღირსებაც მოგვშორდეს და გადავიქცეთ სხვა ერად, რომელსაც ექნება ახალი ღირსება, მაგრამ აღარ ექნება ძველიო. ასე ვართ ჩვენც, ეს ყველაფერი, - პუტჩიც, შევარდნაძეც, სააკაშვილიც... აუცილებლადაც უნდა ყოფილიყო, რომ ამ დროში დაბადებულიყო და გაზრდილიყო ის ახალგაზრდობა, რომელმაც ადამიანის სულიერი სიკვდილი - ღირსების სიკვდილი გააპროტესტა (ლაპარაკია აქციებზე "ძირს წამება ციხეებში"). დიდი ხანია ასე ამაყად და აღტაცებით აღარ გამიხედავს, როგორც მათ ვუყურებდი თბილისის ქუჩებში. აი, სწორედ ასეთი "სიურპრიზების" გამო ვენანებით ღვთისმშობელს გადასაშენებლად...