"პურს ხორბლის შემომტანი მონოპოლისტები აძვირებენ" - კვირის პალიტრა

"პურს ხორბლის შემომტანი მონოპოლისტები აძვირებენ"

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ოფიციალური ინფორმაციით, პურზე ფასის ზრდა მსოფლიოში ხორბლის მცირე მოსავალს და მარცვლეულზე საერთაშორისო ფასების ზრდას უკავშირდება. საქართველოში ხორბალი ძირითადად უკრაინიდან ან ყაზახეთიდან შემოდის. კულუარული ინფორმაციით, პურს საქართველოში მონოპოლიური ფასი აქვს და 2003 წლიდან დღემდე თითქმის 50%-ით არის გაძვირებული.

როგორც პურ-პროდუქტების მწარმოებლებმა გვითხრეს, საქართველოში ხორბლის შემოტანას  მონოპოლია აკონტროლებს. "არავინ იცის საზღვარგარეთ რა ფასად ყიდულობენ ხორბალს  და რეალურად რა მოგება რჩებათ. მერწმუნეთ, როგორც კი ბაზარი გაიხსნება, ფქვილის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება. დაახლოებით 5-6 წლის წინ, აწ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ უარი უთხრა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, თითქოსდა ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით, საქართველოში ფქვილის შემოტანა, ფაქტობრივად, აკრძალეს. ამას ოფიციალურად არ გაამჟღავნებდნენ, მაგრამ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს კონკრეტული მაგალითებით, როცა ფქვილის იმპორტიორები დააკავეს ფოთში, ისინი დღესაც იხდიან სასჯელს. სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ქვეყანაში ხორბლის შემოტანა დაიწყეს. რა ფასად ყიდულობდნენ და რა ფასად ყიდდნენ - აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენ კი არც ფასში და არც ხარისხში არჩევანი აღარ გვაქვს.

მსოფლიო ფასები ხორბალზე ყოველთვის მერყეობს, მაგრამ ტომარა ფქვილზე ეს უნდა აისახოს 1-2 ლარის სხვაობით და არა 20 ლარის მატებით. დღეს 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი საქართველოში 47 ლარი ღირს, უკრაინაში კი ამის ნახევარი. ახლა ვიღაც იტყვის, რომ უკრაინა ხორბლის მწარმოებელიაო, მოგვეცით ნება და თავად შემოვიტანთ ფქვილს და პურსაც იაფად გამოვაცხობთ.  მომხმარებელი  გაძვირებულ პურს ხედავს და ამაში პურის მწარმოებელს ადანაშაულებს", - ამბობენ პურის მწარმოებლები და იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება ხორბლის მონოპილისტი იმპორტიორების ვინაობითაც დაინტერესდება.