ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია... - კვირის პალიტრა

ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია...

სხვებივით მეც ბევრჯერ მიხსენებია სიტყვა "კოშმარი", მაგრამ როცა ძაღლის ბუდრუგანაში (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) შეყრილი თურმანიძეების შვიდი შვილი ვნახე, შინ მისულმა ლექსიკონი გადავშალე და სიტყვა "კოშმარის" განმარტება კიდევ ერთხელ წავიკითხე ("კოშმარი" - სულის შემხუთავი სიზმარი; რაღაც საზარელი, საშინელი), მივხვდი, რომ თურმანიძეების ცხოვრება უარესია და მას მისადაგებულ ეპითეტს ვერასოდეს ვიპოვი. ამიტომ უბრალოდ მოვყვები, როგორ მივედი ნავთლუღის ბაზართან ერთ ატალახებულ ეზოში, როგორ შევაღე ბუდრუგანის კარი და როცა ტალახიან ცემენტის იატაკზე, ძონძების გროვაში აბობღებული ბავშვები დავინახე, ჩემდა უნებურად ვიყვირე, - აქ როგორ ცხოვრობთ-მეთქი?!

შევყურებდი დახვრეტილ-დაცხავებულ, 7-კვადრატულმეტრიან ქოხში ჭუჭყიან ტახტებზე დაწოლილ ჩვილებს და თავში გამუდმებით მიტრიალებდა კითხვები: რას ჭამენ, როგორ სძინავთ, რითი თბებიან? ტახტზე დაყრილ თხელ, ჭუჭყიან საბნებს ფერი ისე დაჰკარგოდათ, რომ მასში გახვეული ბავშვებივით ნაცრისფერნი გამხდარიყვნენ. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ ჩრდილავდა თურმანიძეების სილამაზეს (ოთხი - მიყოლებით ხუთ წლამდე, სამი - ათის, თერთმეტის და თორმეტისა). მათ სახეები დროდადრო უნათდებოდათ, - ცხადია, ვერ ხვდებოდნენ რატომ ჩაწიხლა ცხოვრებამ და როდის დამთავრდება მათი უბედურება.

...13 წლის წინ გომელი  უსახლკარო მამუკა თურმანიძე გურჯაანში ნათესავს ესტუმრა. იქ მეზობლად, ბავშვთა სახლის ეზოში 13 წლის ქეთევან მთიულიშვილი დაინახა,  გაიცნო და ცოლადაც შეირთო. ასე დაიწყო კიდევ ერთი  ღატაკი ოჯახის ცხოვრება. მართალია, უქონლობა არც ერთს უკვირდა, მაგრამ რეალობამ მაინც თავისი გაიტანა - ახალშექმნილ ოჯახს ერთმანეთის მიყოლებით ორი პატარა გაუჩნდა, გომის მიწურ ქოხში ვეღარ დაეტია და თბილისში გადაბარგდა... ცხადია, სამუშაოდ. მერე ნაქირავებ ბინაში დანარჩენი ხუთი ბავშვი ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა. ასეთ გადაწყვეტილებას გაბედულება სჭირდება?! მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ ქეთევანმა აი რა მითხრა:

- როცა გომიდან მოვდიოდით, გაბედულებაზე არ გვიფიქრია, უბრალოდ, თავშესაფარი და შვილების გაზრდა გვინდოდა.

- მაგრამ შვილებს ასეთ გაჭირვებაში რომ აჩენთ, მათი მომავლის არ გეშინიათ?

- ბავშვთა სახლში უარეს გაჭირვებაში ვცხოვრობდი, თანაც არავინ მყავდა. ჩემს შვილებს კი ერთმანეთი ეყოლებათ, ამიტომაც გავაჩინე ბევრი.

- რასაც აქ ვხედავ, მზარავს, - აი, ერთს ფეხი დასწვია, შეგიხვევიათ, მაგრამ სახვევი ჭუჭყად და ნაფლეთებად ქცეულა, ბავშვი კი ამ შიშველი ფეხით ცემენტის ჭუჭყიან იატაკზე  თამაშობს.

- ყველასთვის  ფეხსაცმელი არ გვაქვს. ჩემი ქმარი უსაქმოდ არ ჩერდება, ავარიაში მოყვა და დაინვალიდდა, მაგრამ მაინც მუშაობს. რასაც იღებს, ბავშვებისთვის ტანსაცმელს კი ვყიდულობთ, მაგრამ იმდენად ძველია, რამდენიმე დღეში იფლითება.  უფროსები სკოლაშიც ვეღარ დაგვყავს უფეხსაცმლოდ. თანაც ბინის ქირაც ხომ უნდა გადავიხადოთ.

- ვინმე ამ სოროს ბინას ეძახის და თანაც, ქირასაც იხდით?

- ოთხმოცდაათ ლარს, ათი ლარიც დენის ფულია. უკეთესის თავი რომ გვქონდეს, დავიქირავებდით. თანაც, როცა იგებენ, შვიდი ბავშვი ჰყავთო, არ გვიკარებენ.

- საჭმელს თუ მაინც აჭმევთ შვილებს?

- ან საჭმელი საიდან გვექნება, პატარებს ჰუმანას ვაჭმევ - "ავერსი" გვაძლევს უფასოდ. დანარჩენებს ხმელა პურს -  აგე, კედელზე მაქვს ცელოფანით ჩამოკიდებული. დილით გარედან მუყაოს ყუთი შემომაქვს, დავდგამ, ჩამოვიღებ ამ პურს, ზედ დავუტეხავ და რიგრიგობით ვაჭმევ. საღამოსაც ასე. ზოგჯერ მაკარონის სუპსაც ვამზადებ - ერთი პატარა გაზის ბალონი მაქვს, იმაზე ვხარშავ.

-  დასაწოლი ადგილიც რომ არ გაქვთ...

- ორი ტახტი ხომ გვაქვს, ერთზე სამ ბავშვს ვაწვენ, მეორეზე - ოთხს. ცემენტის იატაკზე ჩვენ ვწვებით. ორმოებში ლეიბი რომ არ ჩაგვივარდეს, ფიცრები დავაწყვეთ და  მერე ლეიბს ვაგებთ.  დილით ბავშვები ფეხს რომ გადმოდგამენ საწოლიდან, მთელი დღე ასე სხედან, რადგან გასანძრევი ადგილი არ არის.

...და ჩვენი საუბარი ამით დამთავრდა. ან სიტყვები რას გამიკეთებდა? საკუთარ თავს მხოლოდ გულში ვეჩხუბებოდი, რომ ისეთ დროში დავიბადე, სადაც მშიერი და შიშველი ბავშვების გვერდით ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს არაფერი ხდება. რა უნდა ვქნათ ახლა? როდემდე შეიძლება უკეთესი მომავლის იმედით ვიცხოვროთ? მე არ ვიცი, თქვენ? მე მარტო ის ვიცი, რომ თურმანიძეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჭერი. ხოლო იმათ, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც შეუძლია შეიტანოს ამაში, მუხლმოდრეკილი ვთხოვ, მოინახულონ ეს ბავშვები, - მათი თვალები უსათუოდ მოაძებნინებთ გზას და ძალას, რაიმე მოიფიქრონ, თურმანიძეებს ჭერი სჭირდებათ, სულერთია სად იქნება ის, სოფლად თუ ქალაქად. ისიც ვიცი, რომ თუ ვინმე ამას შეძლებს, შვიდი ბავშვის გაბრწყინებული შვიდი წყვილი თვალი მის გზას არასოდეს ჩამოაბნელებს...

P.S.  თუკი თურმანიძეების დახმარების სურვილი გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 555-41-87-39. მისამართი: ქეთევან წამებულის #79, ნავთლუღის ბაზრის გვერდით, სამგორის ავტოსადგურის მოპირდაპირედ.

მიმღები ბანკი: "ლიბერთი ბანკი"

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE87LB0711153520373000     GEL/USD/EUR (მულტისავალუტო ანგარიში)

ანგარიშის მფლობელი (მიმღები): ქეთევან მთივლიშვილი

სიუეტი იხილეთ www.palitratv.ge-ზე