"იმედის" ძველი კადრებით საზოგადოებისთვის იმედის დაბრუნება გაჭირდება - კვირის პალიტრა

"იმედის" ძველი კადრებით საზოგადოებისთვის იმედის დაბრუნება გაჭირდება

საქართველოში არჩევნების შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა. ერთ მშვენიერ დღეს ელიტური ჟურნალისტების უმეტესობამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე ცდებოდნენ, - ის სატელევიზიო არხები, სადაც თავად ქმნიდნენ გადაცემებს, არ იყო მათი მრწამსის შესაფერისი. როგორც ჩანს, კონფორმიზმით გატაცებულთ საზოგადოების სატკივარი უნებურად გამოეპარათ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდებათ. ბუნებრივია, მედიაზე ზრუნვა არაფერ შუაშია, რადგან დავალიანებები მხოლოდ სახელისუფლებო არხებს ჰქონდათ, აბა, დამოუკიდებელ მედიას, რომელიც რის ვაი-ვაგლახით ართმევს თავს მაუწყებლობას, მილიონიან დავალიანებებზე ვინ დაუხუჭავდა თვალს. ამ განცხადებამ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების პროტესტი გამოიწვია... ივლისში შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე რამდენიმე საათით გამოქვეყნდა ინფორმაცია ტელეკომპანიების დავალიანების შესახებ, მოგვიანებით კი გაქრა. ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, ამ დოკუმენტის მიხედვით "იმედის" დავალიანება დაახლოებით 14 მილიონ ლარს შეადგენს.

16 ოქტომბერს პატარკაციშვილის  ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა. ამავე დღეს "იმედის" მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ თანამდებობა დატოვა. შესაძლოა, ტელევიზიებისათვის ვალების ჩამოწერის ინიციატივა "იმედის" პატარკაციშვილის ოჯახისათვის გადაცემას უკავშირდება.

ბადრი პატარკაციშვილის დამ - მზია თოთლაძემ აღნიშნა, რომ "იმედის" მუშაობას პატარკაციშვილის ოჯახი უზრუნველყოფს ფინანსურად.  ერთი სიტყვით, სატელევიზიო ორომტრიალმა პიკს მიაღწია. თუმცა "იმედის" ასე ხავერდოვანი გადაცემა ცოტა უცნაურად გამოიყურება.

ინა გუდავაძე, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე: "ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ, დაგვებრუნებინა "იმედი", მაგრამ იურიდიულად არასწორად იყო გაფორმებული - არა ბადრიზე, არამედ სხვა პირებზე. გადავწყვიტეთ, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. მაგრამ თუნდაც მოგვეგო არბიტრაჟი, შედეგი ის იქნებოდა, რომ ფულს დაგვიბრუნებდნენ და არა "იმედს". უკვე მზად ვიყავით არბიტრაჟისთვის, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს, მოვრიგდეთო. დიდხანს ვფიქრობდით, ვთქვათ, მოგვეგო არბიტრაჟით ეს ფული, როგორ აგვეხსნა ხალხისთვის? ფული მოვიგეთ და თქვენი ჯიბიდან ვიღებთო? "იმედსაც" ვერ ვიბრუნებდით და თან მათი ფული უნდა აგვეღო. გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა. არ შემიძლია იმაზე ლაპარაკი, რაზეც მაშინ შევთანხმდით, ეს კონფიდენციალური შეთანხმება იყო. პირველი შეთანხმება 2011 წლის გაზაფხულზე შედგა და დაგვიბრუნეს მთაწმინდის პარკი და რუსთავის ქარხანა. ახლა "იმედის" დაბრუნება შემოგვთავაზეს. ამიერიდან "იმედი" მთლიანად ჩვენი იქნება. აღარ მინდა გავიგონო ჯოზეფ ქეის, ზელცერისა და სხვათა გვარები, მინდა სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან" "იმედს" დროებით ჩემი უფროსი ქალიშვილი ლიკა უხელმძღვანელებს.

რა დგას ამ ჩანაფიქრის უკან, მომავალში გამოიკვეთება, ახლა კი აუცილებელია ჟურნალისტების მორალურ პასუხისმგებლობაზეც ითქვას ორიოდ სიტყვა. ბუნებრივია, "იმედის" იმ კადრებით, რომლითაც ტელეკომპანია ძველ მფლობელს შეეგება, საზოგადოებისათვის იმედის დაბრუნება გაჭირდება, რადგან ყველას ახსოვს "მოდელირებული ქრონიკა". ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მიუღებელია ის ნიანგის ცრემლები, რომელიც ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაღვარეს "მოდელირებულმა" ჟურნალისტებმა. დიახ, მე შეგნებულად დავურთე სიტყვა "მოდელირებული" იმ ადამიანებს, რომლებიც იბრალებდნენ ჟურნალისტობას და სინამდვილეში კი არაფერი ჰქონდათ მასთან საერთო. ჟურნალისტობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს პასუხისმგებლობა და მძიმე ტვირთია. კონფორმიზმი და ჟურნალისტიკა გვერდიგვერდ ვერ იარსებებენ.

P.S. ისიც არის ცნობილი, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რეზო საყევარიშვილი იქნება.