აღმოაჩინე შენი "დისქავერი" - კვირის პალიტრა

აღმოაჩინე შენი "დისქავერი"

დიდი საყმაწვილო ენციკლოპედია "პალიტრა L"-ისგან 2 ენაზე!

მთელი სამყაროა ერთ გამოცემაში

ყველაზე ცნობილი და საინტერესო ფაქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე

"დისქავერი" სიტყვასიტყვით აღმოჩენას ნიშნავს, შესაბამისად, საზოგადოებაში ეს სიტყვა ყოველთვის ძალიან საინტერესოსა და იდუმალთან ასოცირდება. "დისქავერი" - ასე ჰქვია "NASA-ს" კოსმოსურ პროგრამას, საექსპედიციო ხომალდს, პოპულარულ სამეცნიერო-შემეცნებით ტელეარხს, ჟურნალს და სხვ.

გამომცემლობა "პალიტრა L" ყველას, ვისაც აღმოჩენები იზიდავს, ამ სახელწოდებით დიდ საყმაწვილო ენციკლოპედიას სთავაზობს. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და საინტერესო ფაქტების კრებული, რომლის შეძენა 31 ოქტომბრიდან ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.

ენციკლოპედიის ყოველ გამოცემასთან ერთად მკითხველი სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, ცხოვრების ყველაზე იდუმალ მოვლენებს გაეცნობა და მეცნიერების, კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ამბებს შეიტყობს.

ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის  მთავარი რედაქტორი: "ამ ენციკლოპედიის საშუალებით მოზარდი მსოფლიოში მომხდარ ყველა უჩვეულო მოვლენასა და საინტერესო ფაქტს გაეცნობა. დიდი საყმაწვილო ენციკლოპედიის ოთხი ტომი ოთხ განსხვავებული ფერის ყუთში იქნება მოთავსებული და თითოეულში 16 წიგნი მოიყრის თავს. მკითხველს ვპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი სიახლე - ყოველ წიგნში მკითხველი ახალ-ახალ აღმოჩენას გააკეთებს. ენციკლოპედიაში გადმოცემულ ყველა ამბავს, საინტერესო ფაქტს, რომელიც ლაკონიურად, მაგრამ ძალიან ნათლად, გასაგებ ენაზეა გადმოცემული, დართული აქვს ინტერნეტბმული, სადაც მკითხველს დამატებითი ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლია კონკრეტული მოვლენის შესახებ.

ენციკლოპედიაში ასახული ინფორმაცია თემატურად მრავალფეროვანია და სხვადასხვა დროს, მათ შორის თანამედროვე ეპოქაში მომხდარ უჩვეულო მოვლენებსა და ფაქტებს ეხება.

- რა პერიოდულობით გამოვა "დისქავერი"?

- ენციკლოპედიის შემადგენელი ყოველი ახალი წიგნი, რომლის ფასი 2 ლარი იქნება, კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს გამოვა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებლებთან. მომხმარებლებმა ასევე უნდა შეიძინონ ენციკლოპედიისთვის სპეციალური ყუთი, რათა უფრო მოხერხებულად მოათავსონ ყოველი ტომი შესაბამისი ფერის ყუთში.

- ენციკლოპედია გამოვა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. რატომ გადაწყდა მომხმარებლისთვის ორენოვანი გამოცემის შეთავაზება?

- ჩვენ ვზრუნავთ მოზარდების განათლებაზე, გვსურს, უკეთ გაიცნონ სამყარო, ინგლისურენოვანი გამოცემა მათ უცხო ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ვინც ინგლისურად კითხულობს, საშუალება ექნება ენციკლოპედიის ყოველ მომდევნო ტომთან ერთად ენის ცოდნის საფეხური აიმაღლოს. ენციკლოპედიის ყოველ ტომს თან ახლავს ლექსიკონი, საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები გამოცემაში მოთხრობილი პირების შესახებ და სხვადასხვა ამბავი. მაგალითად, თუ ენციკლოპედიის კონკრეტულ გამოცემაში სამედიცინო აპარატურის შესახებ წერია, იქვე იქნება ისტორიული ცნობები, თუ რატომ შეიქმნა, როგორ აიწყო და რა სახის ოპერაციებს აკეთებენ ამ ხელსაწყოებით.

ენციკლოპედიაში ისეთი მრავლისმომცველი და საინტერესო ფაქტები იქნება შეტანილი, რომლის შესახებ ინფორმაციას ყველგან ვერ შეხვდებით. მაგალითად, წაიკითხავთ ასტრონავტების პროფესიისა და ცხოვრების შესახებ, გაეცნობით ადამიანის სხეულის აგებულებას, გადაავლებთ თვალს ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებას და ა.შ.

მართალია, ეს გამოცემა მოზარდებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მასში ისეთი მრავალფეროვანი სამყაროა ასახული, რომ უფროსებიც დიდი ინტერესით წაიკითხავენ საინტერესო, ნაცნობ თუ უცნობ ამბებს.