"ვაპროტესტებდი, მაგრამ, რა?" - კვირის პალიტრა

"ვაპროტესტებდი, მაგრამ, რა?"

"არსებობდა ე.წ. შავი სიები, ვის უნდა ემღერა და ვის არა"

"არ შემეძლო მაშინ ამაზე ლაპარაკი"

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ქართული კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს. ეს კიდევ უფრო ნათლად მაშინ გამოჩნდა, როცა მინისტრობის ახალმა კანდიდატმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში თავისი ჯგუფი წარგზავნა. თანამშრომლებთან შეხვედრა თაკო ჩარკვიანსა და მარინა ბერიძეს შორის მწვავე ურთიერთდაპირისპირების გამო ჩაიშალა. მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დათო ოქიტაშვილი იმ დარღვევებზე გვესაუბრება, რომელიც სამინისტროში წლების განმავლობაში ხდებოდა.

- კულტურის სამინისტრო იყო სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის. თუ შენ ისე არ ფიქრობდი, როგორც  "ნაციონალები",  მათი მტერი იყავი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს კარი დაკეტილი იყო ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, უამრავი მხატვარი თუ თეატრთმცოდნე. არ უნდოდათ არავინ! ამ უჯიშოებმა  რობერტ სტურუას რაც გაუკეთეს, ამის შემდეგ რაღაზე შეიძლება ლაპარაკი. როდესაც ვამბობდი, რომ შევქმნათ მრჩეველთა საბჭო და გავაერთიანოთ ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მათი პასუხი იყო: არ დაიღალე ამ ბებრებით?

- ყოფილ ხელისუფლებას ხშირად ჩამოჰყავდა მსოფლიო  ვარსკვლავები. თქვენ არ გქონდათ ამ პროექტებთან კავშირი?

- ვინ გამაკარებდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ კულტურის სამინისტროში უნდა მუშაობდეს კარგი მენეჯერი, რომელსც აქვს ურთიერთობები და ადამიანური  დამოკიდებულება  ხელქვეითების მიმართ. 2004 წელს ევროსაბჭოსთან ერთად ზაზა შათირიშვილი, ნინო გუნია-კუზნეცოვა და რამდენიმე ადამიანი დავაფინანსეთ, რათა დაეწერათ თბილისის კულტურის განვითარების პროგრამა, როდესაც ეს პროექტი მერიაში მივიტანე, მითხრეს: ეს არავის სჭირდებაო! აი, ეს იყო კულტურა საქართველოში!

- თქვენს ადგილზე მარინა ბერიძე დაინიშნა.

- თანამდებობაზე ადამიანები მიდიან და მოდიან, მთავარია, ადამიანად დარჩე, არასოდეს სხვას ზევიდან არ უნდა უყურო და არ დასცინო! მარინა ბერიძეს სამსახური მერიაში მე დავაწყებინე, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა.  გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბევრი კარგი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არავინ ამბობს, რომ ახალ წელს მომღერალი არ უნდა ჩამოიყვანო, მაგრამ მილიონები ასე სულელურად არ უნდა იყრებოდეს. არსებობდა ე.წ. შავი სიები, ვის უნდა ემღერა და ვის არა.

- თქვენ არ აპროტესტებდით, ან ვინ იყვნენ შავ სიებში?

- ვაპროტესტებდი მაგრამ,  რა? თქვენ არ იცით ანსამბლმა "ფორტემ"“ამ  შვიდი წლის განმავლობაში რა გადაიტანა. მათი ოჯახები შიმშილისთვის გაწირეს. მათ მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, თემურ თათარაშვილი (რომელიც საერთოდ გაქცეულია საქართველოდან) მიაყოლეს. სოსო პავლიაშვილი მშობლებს ერევანში ხვდებოდა მხოლოდ  იმიტომ,  რომ თქვა:  არ შეიძლება ასეთი დიქტატურაო. ამის გამო სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. ალბათ გახსოვთ ინციდენტი, რომელიც ვალერი მელაძესთან დაკავშირებით მოხდა.

მაშინ მელაძის კონცერტი ჩაშლის პირას იყო მისული.

- მხოლოდ იმიტომ, რომ ვალერი მელაძემ "ქართული ოცნების" მაისური ჩაიცვა?

- ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, კალაძე და მელაძე. ამაში რამე დანაშაული იყო? 7 საათი იყო კონცერტამდე დარჩენილი, ჩემთან მოვიდნენ, კონცერტი ჩაშალეო. ვუპასუხე, კონცერტს არ ჩავშლი-მეთქი. მაისური ჩაიცვა, მერე რა მოხდა? მეგობარია მისი და რასაც უნდა, იმას ჩაიცვამდა. ამის გამო ლამის სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. რატომ ვდუმდი? იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელე, სადაც ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, საკუთარ კეთილდღეობაზე უარი ეთქვათ. დამირეკეს და დამემუქრნენ. 17 წლის შვილი გყავს და ფრთხილად იყავი, 2 ოქტომბერი მოვა და  ნახე, რას გიზამთო. 2007 წელს ისე მცემეს, ტვინის შერყევა მივიღე, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე.

- თუმცა მაშინ "კვირის  პალიტრასთან" იხუმრეთ: რომ მცემეს, ტვინი თავის ადგილზე ჩამიჯდა, მანამდე ცოტა არეული მქონდაო.

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ შემეძლო მაშინ ამაზე ლაპარაკი. თუმცა დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ფაქტს შევარჩენ, ძალიან ცდებიან.  არასოდეს უნდა უთხრა ადამიანს, თქვენი დრო დამთავრდა, წადით თქვე ჩარეცხილებოო! ვინ არის ჩარეცხილი? ოთარ მეღვინეთუხუცესია ჩარეცხილი თუ გივი ბერიკაშვილი?  თუ ცხონებული რამაზ ჩხიკვაძე? ეს იყო სირცხვილი, რაც ქართულ ესტრადასა და კულტურაში ხდებოდა.

- თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ  ბერიძე გამიზნულად შეეკამათა მას და ეს ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული  პროვოკაცია იყო. რას იტყვით ამის შესახებ?

- დარწმუნებული ვარ, სამინისტროში მისული კომისია მდგომარეობიდან გამოიყვანეს. იქ ხომ არაჯანსაღი სიტუაციაა. სჯობს ბატონმა გურამმა, თავად ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი. კულტურის  სამინისტროში  იმ ხალხმა უნდა იმუშაოს, ვისაც ნამდვილად უყვარს ქართული კულტურა და ეს არ უნდა გაკეთდეს მარტო თბილისში, რეგიონებშიც უნდა აღდგეს კულტურული ცენტრები.

- კულტურის სამინისტროში დაბრუნებას აპირებთ?

-დარწმუნებული ვარ, ახალ კულტურის მინისტრთან ვითანამშრომლებ. ისე, სადაც მეტყვიან, გვჭირდებიო, იქ წავალ. დღეს, როდესაც ამ ხალხს ვხვდები, ვისაც  ჩარეცხილებს” უწოდებდნენ, იმედის ნაპერწკალი აქვთ თვალებში. არ შეიძლება ამ ლაწირაკმა გოგო-ბიჭებმა ასეთი ადამიანები გვერდზე გასწიონ და უთხრან:  საქართველოს არ სჭირდებითო. პირიქით - საქართველოს სწორედ  ეს ლაწირაკები აღარ სჭირდება.

ქეთი საგინაშვილი