იქნებ გადარჩეს... - კვირის პალიტრა

იქნებ გადარჩეს...

განსაცდელში ჩავარდნილი მამა!

73 წლის სოხუმელი დევნილი ოთარ შეროზია მძიმე სოციალური პირობების მსხვერპლი ხდება. სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომლისთვისაც იგი სიცოცხლეს სწირავდა, მისთვის მშობლიური არ აღმოჩნდა.

ოთარ შეროზიას დროებითი მისამართია: ისანი-სამგორის რაიონის სასათბურე მეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ შვანგირაძის სარგებლობაში არსებული საქონლის სადგომი(!). ომის ვეტერანი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. სადგომს მხოლოდ ბეტონის ერთი (ყოფილი წყალსაქაჩის ჭის) კედელი აქვს, დანარჩენი ცელოფანგაკრული და ძველი  ფიცრებით არის შეჭედილი. სახურავზე თუნუქის ძველ ფირფიტებს მძიმე ქვები ადევს, რომ ქარმა არ წაიღოს. როცა გაავდრდება, სადგომში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

სადგომში რომ შევედით, ძველ ტახტზე იწვა, წელში ორად მოხრილი, ტკივილისგან გათანგული. ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგომა სცადა. როდესაც "კვირის პალიტრა" ვახსენეთ, კვნესა შეწყვიტა, იმედის ნაპერწკალი ჩაესახა და საუბარიც დავიწყეთ. აფხაზეთის ხსენებამ მხნეობა შემატა, - სოხუმში ადამიანი ვიყავი, დევნილობამ კი მაწანწალად მაქციაო.

იყო დრო, შუქურას რაიონში საყვავილეში მუშაობდა, სოხუმის გაზმომარაგების სამმართველოშიც. ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იყო, ეშერის მიდამოებში, იქ, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციისას დაიჭრა. ცეცხლმოდებული სოხუმი 27 სექტემბერს დატოვა.

-  სახლი საკეტითაც არ ჩამიკეტავს, მტვრევას დაუწყებდნენ და იმ ხმას მისგან შორს განდევნილიც გავიგონებდი. ძაღლიც ავუშვი, რომ შიმშილით არ მომკვდარიყოო, - მერე მოიგონა აფხაზი, ბერძენი, უკრაინელი მეზობლები. აფხაზ მეზობელს შემოუთვლია, შენი სახლი არავის დაუკავებია, ჩამოდი, იცხოვრეო... მაგრამ...

გრძნობ, როგორ გშორდება, როგორ გარბის  მშობლიური კუთხისკენ, ეზო-კარისკენ, სადაც ახლა თბილი შემოდგომაა, სადაც მწიფს კარალიოკი, ფეიხოა, უნაბი, სადაც“ადესის სურნელი ტრიალებს. მიწის ნაკვეთზე, სადაც დროებით ცხოვრობს, სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ხე-მცენარეების ნერგები ჩაყარა, მაგრამ ამაოდ, ვერ იგუეს აღმოსავლეთის კლიმატი... ხელმეორედაც დარგო... გაიხარებს, შეესწრება მის აყვავილებას?

სოხუმიდან სამხედრო გემით სამშვიდობოს გამოღწეული ერთხანს სენაკში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში, თანაქალაქელ დევნილებს მიეკედლა. ვაზისუბნის დასახლების იქით მდებარე საქონლის სადგომში გაუსაძლის პირობებში რვა ზამთარი გალია. დასნეულებული მეცხრეს, ალბათ, ვეღარ გაატანს. ქვეყნისა და ადამიანებისგან მივიწყებული მკურნალ ექიმს მხსნელივით ელოდება.

ოთარ შეროზია ორი უპასუხო განცხადების ასლს ინახავს: ერთი - პრეზიდენტის, მეორე - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე არის დაწერილი, ორივე 2008 წლის 21 თებერვლითაა დათარიღებული. განცხადებები ასეთი შინაარსისაა: "რეგისტრირებული ვარ როგორც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პიროვნება. ღამეს ვათევ საქონლის სადგომში. გთხოვთ, გამოყოთ შესაბამისი კომისია, რომელიც შეისწავლის ჩემს პირობებს. მიღებული მაქვს მედლები აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"...

არც ერთ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

მარტოხელა ოთარ შეროზიას შვილები ბათუმსა და სენაკში ცხოვრობენ. აქამდე მამა მათ არ აწუხებდა, თავიანთი გასაჭირიც ეყოფათო... იქნებ ჩვენი ხმა მისწვდეთ და განსაცდელში ჩავარდნილი მამა მოინახულონ? ბატონ ოთარს ახლა შვილების სითბო ყველაზე მეტად სჭირდება. ხელისუფლების შესაბამისი უწყებიდან კი მუდმივი თავშესაფარი და მატერიალური დახმარება.

იქნებ გადარჩეს ოთარ შეროზია? მასთან ერთად ხომ რწმენაც გადარჩება, რწმენა იმისა, რომ სამშობლოს მისთვის თავდადებული ნაომარი ხალხი ახსოვს!