"არაინგლისურად ემოციური" გოლზუორთი - კვირის პალიტრა

"არაინგლისურად ემოციური" გოლზუორთი

ჯონ გოლზუორთი - ინგლისელ კრიტიკოსთა მიერ "ყველაზე ინგლისურ რომანად" შერაცხილი წიგნის ავტორი და მისი რომანი-ტრილოგია "ფორსაიტების საგა"... ბუნებრივია, რომ იმ გამოკითხვაში, რომლის საფუძველზეც "50 წიგნის" პროექტის სია შედგა, ეს რომანიც შევიდა, რადგან ქართულად ის დიდი ხნის წინ ითარგმნა და ძალიან პოპულარულიც გახდა; მაგრამ შესაძლოა, ზოგმა მკითხველმა არც კი იცის, რომ გოლზუორთის ფორსაიტების ამბავი არც ამ ტრილოგიით დაუწყია და არც დაუმთავრებია: მის სადებიუტო მოთხრობების წიგნში ("ადამიანი დევონიდან") პირველად გამოჩნდა ერთ-ერთი ფორსაიტი, ხოლო თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ("ფორსაიტების საგის") დასრულების შემდეგ (ტრილოგიის მესამე რომანი 1921 წელს გამოქვეყნდა), 4 წლის განმავლობაში (1924-1928) კიდევ ერთი ტრილოგია გამოაქვეყნა - "თანამედროვე კომედია" (შედგება რომანებისგან: "თეთრი მაიმუნი", "ვერცხლის კოვზი" და "გედის სიმღერა").

ასე რომ, ფორსაიტები, მათი თავგადასავალი, მათი ცხოვრების ნირი, მათი მორალი და ამორალობა, მათი წესიერება და სიხარბე, მათი სიხარული და უბედურება - გოლზუორთიმ მთელი შემოქმედების მანძილზე "იმყოფინა".

ჯონ გოლზუორთის ბიოგრაფია, თუკი მას ერთ-ორ აბზაცში მოვაქცევთ, ძალიან ჰგავს ბევრი ევროპელი, განსაკუთრებით ინგლისელი მწერლის ბიოგრაფიას: დაიბადა ტრადიციულ და უზრუნველყოფილ ოჯახში, მამა იყო ან იურისტი, ან ექიმი, ან ჩინოსანი, ან მეწარმე (გოლზუორთისა - ადვოკატი და ბიზნესმენი, ფლობდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ოკეანის გაღმაც), ისწავლა პრესტიჟულ სკოლაში, დაამთავრა პრესტიჟული უნივერსიტეტი (გოლზუორთიმ - ოქსფორდი), მაგრამ მშობლების სურვილის მიუხედავად, მამის პროფესიას არ გაჰყვა და მწერლობა გადაწყვიტა. თავიდან ეწინააღმდეგებოდა ოჯახი, მაგრამ მერე შეეგუა ამ ამბავს, პირველი წიგნის გამოცემაც დაუფინანსა და გაუმართლათ კიდეც - ის დიდი მწერალი გახდა.

შემდეგ ინგლისური ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად იქცა და ა.შ.

ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ რესპექტაბელური და მოკლედ აღწერილი ბიოგრაფიის მიღმა არსებობდა ძალიან არაორდინარული, "არაინგლისურად ემოციური" ადამიანის საინტერესო ცხოვრება, დრამატული მოვლენებით აღსავსე, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში ფეხის შედგმისთანავე დაატყდა თავს და აქ და ახლა, ალბათ, სწორედ ამ ამბებზე უნდა ვთქვათ მეტი, თორემ "ფორსაიტების საგა" ბევრს ისედაც წაკითხული გაქვთ და ვისაც არა, ახლა წაიკითხავთ, როდესაც მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრასთან" ერთად შეიძენთ.

სწორედ "ფორსაიტების საგის" პერსონაჟის - აირენის პროტოტიპი იყო ის ადამიანი, ქალი, რომელმაც თავიდანვე "აურია ცხოვრება" მომავალ მწერალს, ხოლო მერე კი, თავისივე "არეული" იმდენად "ზედმეტად დაულაგა", რომ გოლზუორთის ცხოვრების ბოლომდე მოუხდა ამ "ოქროს გალიაში" ცხოვრება.

...20 წლის, ოქსფორდის უნივერსიტეტდამთავრებული ჯონ გოლზუორთი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ემზადება, თავის მრავალრიცხოვან ბიძაშვილთაგან ერთ-ერთის, ართურ გოლზუორთის ქორწილს ესწრება - აქ დრო და სტატიისთვის გამოყოფილი ადგილი რომ დავზოგოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ქორწილი თითქმის ზუსტად ემთხვევა იმას, რითიც "ფორსაიტების საგა" იწყება - მრავალრიცხოვანი კლანის ერთ-ერთი წევრისა და მისთვის "შეუფერებელი" ქალის ნიშნობას (სხვათა შორის, გოლზუორთების დიდ საგვარეულო ნუსხაში "საგის" ავტორი ასეა მოხსენიებული - ჯონ გოლზუორთი IV).

ცხადია, გოლზუორთი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნება იმ მწერალთაგან, ვინც ავტობიოგრაფიული მომენტები "გაალიტერატურულა", მაგრამ ადასა და აირენის იდენტურობა ამ შემთხვევებს შორისაც კი თვალში საცემია; ზოგი თანამედროვე იმასაც ამბობდა, დიდი ხნის ფარული ურთიერთობისა და ბოლოს, შეუღლების შემდეგ, ადას იმდენად დიდი ზეგავლენა ჰქონდა მწერალზე, რომ აირენთან დაკავშირებულ ეპიზოდებს მისი "კონტროლით" წერდაო, მაგრამ არ ჰგავს ეს სიმართლეს - ამ ნაწარმოების არც ერთ სიტყვას ნაძალადევისა და გაკონტროლებულის არაფერი ეტყობა.

მაშ ასე: ართურ გოლზუორთიმ ადა კუპერი შეირთო ცოლად - ნიჭიერი, ლამაზი, სიმღერის, ცეკვის, ფორტეპიანოზე დაკვრის, ხატვის დამფასებელი და თავადაც მცოდნე, მაგრამ უმზითვო და "უგვარო" გოგონა - გვარი მას მისცა დედამისის მეგობარმა უშვილო ექიმმა, რათა მისი უკანონოდ დაბადება არ გამჟღავნებულიყო.

...ჯონს მაშინვე მოეწონა პატარძალი, თუმცა ცდუნებას სძლია, "ეშმაკს მიაფურთხა" და ორი წლით სამოგზაუროდ გასწია... მაგრამ ეს წლებიც მიილია და სამშობლოში დაბრუნებული ისევ შეხვდა რძალს; ხოლო როდესაც გაიგო, რომ ადა უბედური იყო ქმართან, იგი ვეღარაფერმა შეაჩერა, მით უმეტეს, რომ არც საპასუხო გრძნობას დაუყოვნებია...

ადა და მწერლობა ერთდროულად შემოიჭრა მის ცხოვრებაში - სწორედ მაშინდელ წერილში დაუწერია ახალგაზრდა იურისტს, რომელიც უზრუნველად და მდიდრულად ცხოვრობდა: "კბილებით ჩაებღაუჭო რაღაც პროფესიას იმისთვის, რომ ფული აკეთო - საზიზღარი და მოსაწყენია... როგორ მინდა, მქონდეს ტალანტი, მე ნამდვილად ვთვლი, რომ ცხოვრების სახსრის მოსაპოვებლად ყველაზე სასიამოვნო გზა მწერლობაა..." და სწორედ ამ დროს "სულზე მიუსწრო" ადას შეფასებამ, როდესაც მისი ნაამბობი მოისმინა მოგზაურობის შესახებ:

- რატომ არ წერთ? თქვენ ამისთვის ხართ დაბადებული...

პარიზის ჩრდილოეთის სადგურზე შემთხვევით შეხვედრისას ნათქვამი ამ სიტყვებით დასრულდა იურისტობა, უამრავი ელიტური კლუბის წევრობა, დიდგვაროვანთა თავყრილობებზე სიარული... ადა გახდა ჯონ გოლზუორთის მუზაც, მდივანი-მემანქანეც, პირველი შემფასებელიც, თანაშემწეც...

არადა, პირველი ნაბიჯები მწერლობაში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა: ზემოთ მისი მოთხრობების პირველი წიგნი ვახსენეთ ("ადამიანი დევონიდან"), მაგრამ ეს მის მიერვე აღიარებული პირველი წიგნია, თორემ მანამდე კიდევ გამოსცა რამდენიმე წიგნი (ოღონდ ფსევდონიმით), რომლებიც იმდენად უსუსური აღმოჩნდა, რომ თვითონ დადიოდა მაღაზია-მაღაზია, მთელ ტირაჟს ყიდულობდა და წვავდა!..

კარგია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში "ფორსაიტების საგა" ორ ნაწილად გამოდის - ორი კვირის შემდეგ კვლავ გვექნება საშუალება ფორსაიტების თავგადასავალზე არანაკლებ საინტერესო და თანაც ნამდვილ - "ჯონ და ადა გოლზუორთების თავგადასავალზე" ვისაუბროთ - დიდი მწერლის ცხოვრებაზე, რომელშიც "მთავარი როლი" უცნაურმა ქალმა შეასრულა...