იმ გლეხებმა გაწირეს, ვისაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა - კვირის პალიტრა

იმ გლეხებმა გაწირეს, ვისაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა

დღეს ასე ვცხოვრობთ: ვმუშაობთ, ოჯახის რჩენაზე ვფიქრობთ, ვღელავთ, რაღაცას ვერ ვასწრებთ... შინ დაბრუნებულები ტელევიზორს ვრთავთ და ხშირად პოლიტიკური ამბების მოსმენის იქით ვერ მივდივართ - დროა დაძაბული, ცვლილებებს ველოდებით და ცხადია, ახალი ამბები გვაინტერესებს. ამ წრებრუნვაში ხშირად გვავიწყდება, რომ არსებობს სხვა საქართველოც - ჩვენი სულიერი ძლიერების ლიბო და ზნეობის წყარო...

მხატვარ ლეონა ნაკაშიძესთან არის ის "სხვა საქართველო", რადგან მისი  ოჯახი ამ საქართველოს ორგანული ნაწილია. ძალიან მომინდა, მისგან მოსმენილი რამდენიმე ამბავი თქვენთვის მომეტანა. ეს ლეონა ნაკაშიძის წინაპრების ცხოვრების ამბებია, მაგრამ განზოგადებულად სწორედ იმას ასახავს, რაც დღემდე სიამაყის საბაბსაც გვაძლევს და იმ დიდ ტკივილსაც გვახსენებს, გასაბჭოებამ რომ მოუტანა ერს.

ერმილე

ერმილე ნაკაშიძე ქალბატონი ლეონას ბაბუა იყო. მაკვანეთში ჰქონდა მამული. მამამისი და ექვთიმე თაყაიშვილის დედა და-ძმა იყო. ადრე დაობლებულ ექვთიმეს ნათესავები პატრონობდნენ, მათ შორის ერმილეს ოჯახიც.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების მერე ერმილემ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიით პოლონეთში, ნოვოალექსანდრიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. დამთავრების შემდეგ მაკვანეთში დაბრუნდა - უნდოდა, გურიაში რაც შეიძლება მეტი ახალი კულტურა ეხარებინა. ერმილე ნაკაშიძე გახლავთ ჩაის ერთ-ერთი პირველი შემომტანი. მან ასწავლა გურულებს ჩაის ფოთლის გადამუშავება, იყო წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის პირველი დირექტორი.

ერმილემ ბიძაშვილთან, მიხეილ ნაკაშიძესთან ერთად, სოფელ ზვანში ააგო პირველი ჩაის ფაბრიკა, გამოუშვეს ჩაი "ერმილ-იტა". ეს სახელწოდება ერმილესა და მისი მეუღლის, ივლიტა ასათიანის სახელების შერწყმითაა მიღებული. სხვათა შორის, ერმილე და ივლიტა გახლდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, სწორედ მათ გახსნეს მაკვანეთში ოთხკლასიანი სკოლა და თავად ასწავლიდნენ გლეხის ბავშვებს.

ერმილეს, ცხადია, შეეძლო დიდ სამეწარმეო ასპარეზზე გასულიყო, მაგრამ ამისთვის არ უზრუნია. არსით მეცნიერი იყო და იმაზე უფრო ზრუნავდა, საუკეთესო ჯიშის ნერგები ეხარებინა და გლეხებში გაევრცელებინა. 1909 წელს ოსმალეთიდან მოგრძო თხილი შემოიტანა და მაკვანეთში გაახარა. მანვე გაავრცელა ჩვენში ნარინჯოვანი მანდარინი.

მაკვანეთის მამული წალკოტად იქცა. ბაღში უამრავი მსხმოიარე და დეკორატიული მცენარე ყვაოდა... მერე პროლეტარებმა ყველაფერი წაართვეს. ერმილეს გული უკვდებოდა, იცოდა, მამულსაც გაუნადგურებდნენ და იშვიათ ჯიშებსაც მოუსპობდნენ. ეს კი მარტო მისი კი არა, საქართველოს დანაკარგი იქნებოდა. ამიტომ ითხოვდა, აგრონომად მამუშავეთ ჩემს მამულში, ნარგავებს მოვუვლიო... არ მიუშვეს. ყველაფერი გაკაფეს. ერმილეს ამბავი მიუტანეს, მეზობელმა გლეხმა შენს მამულში ნალია ჩადგაო. ძალიან ეწყინა, - მთელი სიცოცხლე ამ გლეხებზე ვზრუნავდი და ეს რატომ იკადრესო... მას მერე გურიაში აღარც ჩასულა.

ბრალდება - თავადი

ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა ერმილე ნაკაშიძეს. ვაჟი, ლევანი, ძალიან მოუსვენარი ყოფილა, მაგრამ ნიჭიერი...

ერთხელ ივლიტა ასათიანი პატარა ლევანს მიასეირნებდა გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე და აკაკის შეხვედრიან. მგოსანს ღიმილით დაუმოძღვრავს ბიჭი: - დედას ნუ უგდებ ყურს, ცელქი უნდა იყო. მშვიდი შენს მშობლებს ოთხი ქალიშვილიც ეყოფათო. ეტყობა, აკაკისთან წყნარად იდგა ლევანი.

ლევანი 16 წლისა წავიდა გერმანიაში, ფიზიკოსი გახდა. მშობლების თხოვნით საქართველოში დაბრუნდა. უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე დაიწყო მუშაობა, თან ავიატორთა კლუბში ასწავლიდა.

დააპატიმრეს. კონკრეტული მიზეზი ოჯახმა არ იცოდა, ისე როგორც არ იცოდა, რომ დაპატიმრებიდან ორ თვეში დახვრიტეს. ორსული ცოლი აკითხავდა საპატიმროში. ეუბნებოდნენ, თქვენი ამანათი გადავეცითო... მერე უთხრეს, ათი წლით მაგადანში გადაასახლესო.

ლევანი რომ წაიყვანეს, მიხვდა ერმილე, კარგი არაფერი ელოდა, ნერვიულობით მაისში გარდაიცვალა... ლევანი 10 აგვისტოს დაუხვრეტიათ...

გვიან, სარეაბილიტაციო დოკუმენტში ლევან ნაკაშიძის პირველ დანაშაულად ეწერა "თავადი", მეორე დანაშაულად ჩაუთვალეს ის, რომ ვითომ გერმანიაში არსებული საზოგადოება "თეთრი გიორგის" წევრი იყო. ამ საზოგადოებას ბერიას მოკვლა უნდოდა.

ათი მეგობარი ჩამოვიდა ერთად მაშინ გერმანიიდან. ცხრა დახვრიტეს. ერთი გადარჩა. იმ გადარჩენილის სახელი მინდოდა მეკითხა ჩემი მასპინძლისათვის. არ ვკითხე... მაინც არ მიპასუხებდა...

ისე, როგორც ალი და ნინო

ზღაპარს ჰგავდა ლეონა ნაკაშიძის მეორე ბებიის, შემდგომში ცნობილი პედაგოგის, ალექსანდრა კანდელაკისა და მისი მომავალი მეუღლის, ქერიმ ჰაჯი-ბეის სიყვარული. ვაჟი დიდგვაროვანი ლეკი იყო. მეტად განათლებული ადამიანი, ბრწყინვალედ იცოდა უცხო ენები, გზების ინჟინერი გახლდათ.

ქერიმ ჰაჯი-ბეისა და ალექსანდრას თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. ვაჟმა ბაქოში მიატოვა მამის ოჯახი და მშობლების უნებართვოდ იქორწინა... თბილისში შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ მონათლა და სახელად კონსტანტინე უწოდა.

მშობლებმა ვაჟი ფაქტობრივად მოიკვეთეს. მისცეს მხოლოდ მცირედი წილი ქონებისა და იმ მცირედმაც კი დიდი გაჭირვებისას იხსნა ოჯახი. ცოლ-ქმარს სამი ქალიშვილი შეეძინათ...

ნაპოვნი ნათესავი

ლევან ნაკაშიძის ერთ-ერთი და, ლილი, ფსიქიატრი გახლდათ. სტუდენტობისას, ბათუმის საავადმყოფოში პრაქტიკას გადიოდა, შემთხვევით ნახა რუსი ქალი სოფია გოლუბცევა, წერეთლების რძალი გამოდგა, თანაც დედამისის ბიძაშვილის, პეტრე წერეთლის (პროფესორ გრიგოლ წერეთლის ძმის) მეუღლე. რევოლუციის გამო უსახსროდ და უჭეროდ დარჩენილი ქვრივი და მისი ორი ქალიშვილი საქართველოში ჩამოსულან წერეთლების მოსაძებნად. გოგონებს მუშაობა ჭიათურის მარგანეცის წარმოებაში დაუწყიათ. მალე ერთი კანადელს გაჰყოლია ცოლად, მეორე - არგენტინელს. ისინი უცხოეთში კი გაუშვია საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ სოფიასთვის უარი უთქვამს. სასოწარკვეთილ ქალს ფეხის მყესები გადაუჭრია, ეგებ სნეული მაინც გამიშვან რომელიმე ქალიშვილთანო, მაგრამ ამაოდ. დარჩა საავადმყოფოში სრულიად უპატრონოდ. ლილი ნაკაშიძემ მოჰკიდა ხელი მიუსაფარ ქალს, დედას წაუყვანა და ახარა - შენი ბიძაშვილის - პეტრეს ცოლი გიპოვეო. დაინვალიდებული ქალი ოჯახმა სიხარულით მიიღო.

ლოგინს მიჯაჭვული სოფია ვიქტორიევნა ფრანგულ და რუსულ ენებს ასწავლიდა და აღებული ჰონორარით ისტუმრებდა მოსამსახურის ხარჯს, ნაკაშიძეების ოჯახი უნაწილებდა  ტალონებზე აღებულ პურსა და სანოვაგეს.

ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს პეტერბურგელი დიდგვაროვნისაგან. უაღრესად მორწმუნე იყო, მათ ოჯახში ორ კვირაში ერთხელ დადიოდა მღვდელი და აღსარებას იბარებდა როგორც სოფიასგან, ისე ბავშვებისაგან.

ამ ოჯახში დღესაც ინახება გოგონების მოქარგული სუფრა - შიო მღვიმელის ავტოგრაფითა და რაფიელ ერისთავის ლექსით... აქ ნამდვილად იყო სხვა საქართველო...