ნაძირალები! - კვირის პალიტრა

ნაძირალები!

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, მიცნობს და ეცოდინება, რომ ჩემს "პროვოკაციებს" ხუთშაბათობით გთავაზობთ (თუმცა ჟურნალის ნომერი სამშაბათს ეწყობა ხოლმე). სწორედ ამიტომ ვთხოვე ჩემს კოლეგებს, "კვირის პალიტრაში" დაეთმოთ პატარა ადგილი, რომ ჩემი აღშფოთება თქვენთვისაც გამეზიარებინა - ხუთშაბათამდე იქნებ თემაც მოძველდეს, ხოლო სამშაბათამდე, შესაძლოა, გაბრაზებამ გამიაროს...

მაშ ასე: პარასკევს რადიო "პალიტრისა" და ინტერნეტტელევიზია "პალიტრაTV"-ის ტოქშოუ "პროვოკატორში" (რომელსაც ასევე თქვენი მონა-მორჩილი უძღვება) კომპანია "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი და აქციათა საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე გვსტუმრობდა.

რაც იმ კაცმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, იმასთან შედარებით, ვფიქრობ, ცოცხითა და "დუბინკებით" "მანიპულაციებიც" არაფერია!

მავანმა იქნებ მითხრას, - ახლა ყოფილ ხელისუფლებაზე უამრავი რამე ითქმება და მათი ლანძღვისთვის გაზეთის ფურცლების მოცდენა აღარ არის საჭირო, ეს "წაქცეულის ჩაწიხვლას", ან "ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას" ჰგავსო, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი: კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ სანადირაძის მიერ ნაამბობი ფაქტების გადამოწმება და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯა!

მოკლედ: სანადირაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ "კავკასუს ონლაინის" მფლობელის ათვალწუნებისა და საბოლოოდ მისთვის კომპანიის წართმევის მიზეზი, "თანამშრომლობაზე" უარის თქმა გახდა.

"თანამშრომლობა" კი შემდეგში უნდა გამოხატულიყო: რომელ აბონენტზეც "ვანოს კანტორა" უბრძანებდა, იმას გათიშავდნენ და გამოძახების შემდეგ "დაზიანების" გამოსასწორებლად წასულ ტექნიკურ ჯგუფში ერთი "ჩანერგილი" ვანოს ტიპი სახლში კოხტად დაამონტაჟებდა მოსასმენ თუ სათვალთვალო აპარატურას - ტელევიზორში, კომპიუტერის მონიტორში, ფანჯრის ჩარჩოში, საძინებელში, უნიტაზში თუ ჩაიდანში - არ ეშლებოდათ ეგ ამბავი...

ამას გარდა, კომპანიის ტექნიკურ განყოფილებაში უნდა დამონტაჟებულიყო სპეციალური აპარატურა, რომელიც ყველა ჩვენგანის ელექტრონულ ფოსტას "გაფილტრავდა", ხოლო განსაკუთრებით "საინტერესოს" დუბლირებას მოახდენდა, ანუ "სუფთად გადმოწერდა" და ძილის წინ მერაბიშვილს, ადეიშვილს თუ რა ვიცი, კიდევ ვის, წაუკითხავდა, რომ ტკბილად დასძინებოდათ.

ზემოთ დავწერე, - შეიძლება სამშაბათამდე გაბრაზებამ გამიაროს-მეთქი და, მგონი, შევცდი: სამშაბათამდე კი არა, სამი წლის შემდეგაც არ უნდა დავმშვიდდეთ, თუკი ის ნაძირალები პასუხს არ აგებენ, რომლებმაც ზეპირად იციან, მათთვის საინტერესო ოჯახების რომელ წევრს როდის ჰქონდა კუჭი აშლილი და ვინ რამდენი "ნაშა" აიყვანა სახლში, როდესაც ეგონა, რომ მარტო იყო...

ახლა შაბათია და სამწუხაროდ ვერ ვასწრებ, აქვე გიამბოთ ძალიან საინტერესო ინიციატივის შედეგის შესახებ: დღეს ჩემმა მეგობარმა დარეკა "კავკასუს ონლაინში" (კიდევ კარგი, პირადად მე არასოდეს მისარგებლია მათი მომსახურებით) და ოფიციალურად მოითხოვა ამ ოთხი წლის განმავლობაში მასთან ნამყოფი ყველა "ხელოსნის" გვარ-სახელი (გამოძახებების ჟურნალებში ხომ ყველაფერია დაფიქსირებული) და შემდეგ ვეცდებით, ჩვენ მივხედოთ - ჟურნალისტური გამოძიება იქნება ეს, თუ სხვა რამე, ამას მერე შეგატყობინებთ.

P.S. ისე გულუბრყვილოდ ვთქვი, კიდევ კარგი, "კავკასუს ონლაინით" არ ვსარგებლობდი-მეთქი, თითქოს "ნაცხელისუფლების" ხელდასხმითა და მათ სალაროში "საწევროს" შეტანის შემდეგ ნებართვამიღებული რომელიმე სხვა კომპანია უარს გაუბედავდა მათ ასეთ "სერვისზე".

პროვოკატორი