"სნაიპერი" - ერთი ჩვეულებრივი ქალი - კვირის პალიტრა

"სნაიპერი" - ერთი ჩვეულებრივი ქალი

"ის კარალიოკები თვალებით წავიღე ამერიკაში"

ეთერ ჭკადუას ტილოები სულის ბოლომდე დახარჯვით და ძალიან ნელა იხატება და... ძალიან ძვირი ღირს. მისი ბოლო ტილო "სნაიპერი" ასი ათას დოლარად გაიყიდა, - მასზე საქართველოს შურისძიებაა დახატული. დილერი ჭკვიანი კაცია, წლების შემდეგ "სნაიპერის" ფასი ასეულათასობით დოლარით გაიზრდება. წლების შემდეგ ასეულათასჯერ გაიზრდება საქართველოს შურისძიებაც, - თუ, ღმერთმა ნუ ქნას, იმავე დღეში დავრჩით, ახლა რომ ვართ.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის შურისძიება ფუნჯით ასე იწერებოდა:

- აგვისტოს ომამდე დამეწყო იმის განცდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. განცდა უფრო და უფრო მძაფრდებოდა, თითქოს ყელში ნელ-ნელა ხელს მიჭერდა ის ვიღაც, ვინც ჩემს სამშობლოში, ჩემს ეზოში, ჩემს სახლში შემოიჭრა და წამართვა. ერთხელაც, "დეილი ტელეგრაფი" გადავშალე, სოხუმის ფოტო იყო დაბეჭდილი და ქვეშ ეწერა, შეიძლება ამ მიწის ნაგლეჯის გამო ომი ატყდესო? "მიწის ნაგლეჯიო" - მთელ ჩემს სამყაროზე წერდნენ!

გალში ვარ გაზრდილი, ორი წლის წინ საქართველოში რომ ჩამოვედი, ვეღარ გავძელი და ოტობაიაში გადავიპარე. ბიძაშვილებმა მითხრეს, თუ გალელი ქალებივით ჩაიცვამ, ენგურის ხიდზე როგორღაც გადახვალო. მეურმეს გადაჰყავდა ხალხი. ვიჯექი შავთავსაფარმოხვეული და მივჩერებოდი მეურმეს, - რაღაც ძალიან საყვარელს მახსენებდა. თავად მიცნო, - ეთერი არა ხარო? არ გახსოვს, შენ და შენი ძმა ჩემი სახლის წინ რომ თამაშობდითო?..

ხელი ჩამომივარდა, ბიძაჩემის ეზოს ჭიშკარი რომ შევაღე, - ნოემბერი იყო, კარალიოკის ხეებს ფოთლები დასცვენოდა და მარტო ნაყოფი ესხა. ის კარალიოკები თვალებით წავიღე ამერიკაში, სულ  თან დავატარებდი. ომი რომ დაიწყო, სახლში ჩავიკეტე, ინტერნეტს მივშტერებოდი, სხვა არაფერი მინდოდა, ოღონდ საქართველოზე რამე გამეგო. მერე ავიღე ფუნჯი და დავიწყე "სნაიპერის" ხატვა. სამი თვე ვხატავდი, ბოლოს, გალის კარალიოკებიც "დავუწყვე" და... ამოვისუნთქე. ერთმა ამერიკელმა, მგონი, შენ რომ "ქართვლის დედაზე" მიყვებოდი, იმას ჰგავსო. მართლა-მეთქი? რა ვიცი, მე ქართველი ქალი დავხატე, - ჩვენ სულ ამ დღეში ვართ, თან ქალები უნდა ვიყოთ და თან იარაღი გვეჭიროს. "სნაიპერიც" ერთი ჩვეულებრივი ქალია, ვითომც არაფერი აწუხებს და გვერდით კი ავტომატი აქვს მოგდებული. თუ დასჭირდება, აიღებს. აი, ასეთია ქართველი ქალის შურისძიება, - ვითომ არ აწუხებს, არ აწუხებს და ერთ დღეს, როცა დრო მოვა, აენთება. განა ასე არ იყო ამ ომშიც? ვინც იბრძოდა, ის ხომ ქართველმა ქალმა გაზარდა და ვინც იბრძოლებს, ისიც ხომ ქართველმა ქალმა უნდა გაზარდოს?