მეორედ დაბადებული დათო ევგენიძე და ნოტებში ჩატეული გრძნობები - კვირის პალიტრა

მეორედ დაბადებული დათო ევგენიძე და ნოტებში ჩატეული გრძნობები

დოდან - დომდე შვილი მასწავლის ყველაფერს

თბილისი... თბილისის თბილი საღამო, შემოდგომის სურნელი ქუჩებში და ღიმილი ადამიანების სახეზე. მრავალჟამიერი და ქართული განწყობა ირგვლივ. თითქოს ჰაერი მსუბუქია და თითქოს ირგვლივ ბუნებაც მრავალფერია... "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა"... დო, რეეე, მიიი... და მუსიკა...

ოთახის კარი შევაღე და ვხედავ - ზის სავარძელში, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში იმწამს სულ სხვაგანაა, იქაა, სადაც მრავალჟამიერი ისმის, იქ სადაც, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი... დათო ევგენიძე...

ბავშვობა? ამბობს, რომ ბავშვობას ვერ გაიხსენებს, რადგან ის ჯერ წარსულში არ გადასულა, ბავშვობა აქ არის, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბავშვია, ბავშვი, რომელიც მეორედ დაიბადა... არ ახსოვს, ამ ქვეყანას როდის მოევლინა, მაგრამ იცის, პირველი, რაც მისმა ბაგემ დაბადა, ბგერა იყო...

მუსიკას ნოტით გადმოსცემს, მისთვის ეს იგივე სიტყვაა, თუკი ანბანს ვსწავლობთ და 33 ასოთი გამოვხატავთ სიტყვებს, მისთვის 7 ნოტშია ჩატეული სამყარო, სამყარო თავისი დღითა და ღამით, ბემოლით და დიეზით...

პირველი ბავშვობა დათო ევგენიძისთვის მაშინ დასრულდა, როცა საყვარელი და ზღვამ წაიყვანა... 18 წლის იყო მაშინ, როცა დაბერდა, მოკვდა და თავიდან დაიბადა, თავიდან განიცადა ყველაფერი... როდესაც ეს დიდი ტრაგედია განიცადა, რეკვიემი დაწერა, თუმცა ახლაღა ხვდება, რომ მან, ქრისტიანმა, რეკვიემი კი არა, ლიტურღია შექმნა, რომელსაც "ვარდი სილაში" დაარქვა შემდეგ... თითოეული ადამიანი თავის თავში სამყაროს იტევს, ყველას დააქვს სამყარო და მისთვის თითოეული მათგანი ლიტურღიაა, ტკივილი სიცოცხლესთან განშორების და სიკვდილის შეხვედრის სიხარული...

ცივი დო... ცივი რე... ცივი მი... ცივი ფა... ცივი სოლ... ცივი ლა... თბილი სი... ეს ის ქალაქია, სადაც დაიბადა, მისი მშობლიური ადგილი. დაიბადა და გაიზარდა რუსთაველზე, მისი სახლის წინ ალვის ხე იდგა. ის იყო დათო ევგენიძის საყვარელი ხე... გული ეტკინა, როდესაც უსიცოცხლოდ დაგდებული, დასასაფლავებლად მიჰქონდათ, თითქოს რაღაც მისი ნაწილიც გაჰყვა.

ბედნიერება ისეთი მდგომარეობაა, რომელიც სულ არის და არ იცი, რომ არის. იგი ჰაერივითაა და ვერ დაიჭერ, წამი არ არსებობს მის გარეშე, სულ ბედნიერი ხარ, იმ უბრალო მიზეზით, რომ ამქვეყნად ხარ და ეს საკმარისია...

მეუღლე მის გვერდითაა, ვინც ავსებს და გრძნობს. მისი ცოლი კოსმოსია, მასზე უფრო ღრმა და დიადი. მას ბროწეულს ადარებს, რადგან ისიც გარედან სულ სხვა არის და შიგნიდან კიდევ, სულ სხვა სამყარო გხვდება. დღეს გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც უფალმა გამომიგზავნა. ცხოვრებამ მე შვილები მაჩუქა. როდესაც მამა ვხდები, თავისთავად ღმერთიც ვხდები, იმიტომ, რომ ახალი სამყაროს ვქმნი. დოდან - დომდე შვილი მასწავლის ყველაფერს. მისგან სიცოცხლეს ვსწავლობ...

რუსეთი და საქართველო... ყველა ომი შინაგანად აქვს განცდილი და გადატანილი, მით უმეტეს ის, რომელიც სამშობლოს ეხება. თუმცა ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას, აგვისტო დათო ევგენიძისთვის რუსეთში პანაშვიდი იყო, თვითონ კი - ჭირისუფალი. პოლიტიკაზე არ ლაპარაკობს, ეს სიტყვა თითქოს ისეთი პატარაა, რომ წარმოთქვამ თუ არა, ქრება. დათო ევგენიძე მრავალწერტილია, რადგან ის სიტყვებს ვერ აპატიმრებს... სანამ წერტილს არ დასვამს, ის ამ სამყაროდან არ წავა... დათო ევგენიძე....

იბეჭდება შემოკლებით.

(სრული ვერსია - ჟურნალ "ბომონდის" ნოემბრის ნომერში)