წიგნის ქურდი, მეეზოვე და პროფესიონალი თაღლითი "ტურიკას" ცნობიერებაში - კვირის პალიტრა

წიგნის ქურდი, მეეზოვე და პროფესიონალი თაღლითი "ტურიკას" ცნობიერებაში

"მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ თვით კურტ ვონეგუტს გავიცნობდი  2001 წლის 10 სექტემბერს, ნიუ-იორკის დაბომბვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე".

"ინგლისური მართლმსაჯულებისთვის დანაშაულის თანამონაწილედ ვითვლები, რასაც დღემდე განვიცდი"

რატომ გაიგდო წიხლქვეშ ევგენი ევტუშენკო ამერიკელი მწერლის ვაჟმა

პოპულარული, საინტერესო და ემოციური - სწორედ ასე შევაფასებდი, ჩემთვის რომ ვინმეს დათო ტურაშვილის დახასიათება ეთხოვა. საინტერესო ბიოგრაფიის მწერალს მოსაყოლი მართლაც ბევრი აქვს, მათ შორის ისეთიც, რაც სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება...

11 სექტემბრამდე ერთი დღით ადრე

პირველად, როცა "ჩემპიონების საუზმე" წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ კურტ ვონეგუტი თვითონ იყო ჩემპიონი...

როცა შტატებში მივდიოდი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ ჩემს საყვარელ მწერალს პირადად გავიცნობდი. ამიტომ, როცა ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე მკითხეს, თუ რომელ ამერიკელთან ვისურვებდი შეხვედრას, ტომ ვეითსი გამახსენდა, მაგრამ მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ თვით კურტ ვონეგუტს გავიცნობდი 2001 წლის 10 სექტემბერს, ნიუ-იორკის დაბომბვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე...

მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო - აიოვას უნივერსიტეტში, კურტ ვონეგუტის სანახავად არა მარტო მეზობელი ქალაქებიდან, მეზობელი შტატებიდანაც ჩამოვიდნენ მისი მკითხველები, მაგრამ შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნივერსიტეტის უზარმაზარმა დარბაზმაც კი ვერ დაიტია და ასობით ადამიანი შენობის გარეთ დარჩა.

აიოვას უნივერსიტეტის რექტორატმა, სემინარის მონაწილე მწერლებს ვონეგუტთან შეხვედრა ცალკე მოგვიწყო. შეხვედრა გვიან ღამით შედგა, რადგან ვონეგუტი მეორე დილით ნიუ-იორკში ბრუნდებოდა. მწერალი ძალიან დაღლილი იყო და მალე დავიშალეთ, ამიტომ თითქმის ვერაფერზე ვისაუბრეთ და გული დაგვწყდა.

მეორე დილით კი სემინარის მონაწილე სხვა მწერლებთან, ბენ რაისთან და როკო კარბონესთან ერთად ადრიანად ფეხბურთის სათამაშოდ გავედი. ერთი ქუჩა უნდა გადაგვეჭრა ფეხბურთის მოედნამდე, მაგრამ შენობიდან გამოსულებმა ერთი ნაბიჯიც ვეღარ გადავდგით - შენობის წინ მარტოდმარტო იდგა კურტ ვონეგუტი და ნერვიულად აბოლებდა. ბენ რაისი ალბათ იმან გაათამამა, რომ მაინც ინგლისელი იყო - მივიდა ვონეგუტთან და სიგარეტი სთხოვა. ჩვენც მივყევით და ცნობილმა მწერალმა სამივენი შეგვათვალიერა. ჩვენ -  ტრუსებში, თვითონ კი - ლურჯ საკლუბო პიჯაკში იყო გამოწყობილი, ყელში ჩაფენილი კრებდიშინით. სხვათა შორის, ასე გემოვნებით ჩაცმული მამაკაცი ამერიკაში, სხვა არც მინახავს.

ისევ ბენ რაისმა იყოჩაღა -  ჩვენც მწერლები ვართო.  ვონეგუტმა ყველას გაგვეღიმა, ხელი კი სათითაოდ ჩამოგვართვა და სახელები გვკითხა. ჩვენს სახელებთან ერთად, ქვეყნებიც ვუთხარით, საიდანაც ვიყავით. ალბათ ცოცხალ ქართველს პირველად თუ ხედავდა და ამიტომაც განსაკუთრებულად დამაკვირდა. ვუთხარი, რომ ქართულ ენაზეც არის თარგმნილი მისი წიგნი და "ბზობა" ჩემი ოთახიდან ჩამოვარბენინე. პატარა ქართულ წიგნს, საკუთარი ფოტოთი ყდაზე, ვონეგუტმა ღიმილით დახედა, მერე წიგნი გადაფურცლა, ძალიან ყურადღებით დააკვირდა ქართულ ასოებს და უცებ მკითხა:

- ეს სტალინის მშობლიური ენააო?

მე თავი დავუქნიე და არ მიცდია იმის ახსნა, რომ მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, სტალინი მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევდა.

მერე ისევ გარეკანსა და საკუთარ ფოტოს დააკვირდა, საჩვენებელი თითიც დაადო და თქვა:

- აქ რა ახალგაზრდა ვარო...

მე კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი - წიგნის ყდაზე მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ოთხმოცი წლის კურტ ვონეგუტი. ფოტოზე შავულვაშდამშვენებულ ავტორს ახლა ღაჟღაჟა ყვითელი ულვაში ჰქონდა, ალბათ ნიკოტინისაგან.

ის ვკითხე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - მართალი იყო თუ არა, რომ ვონეგუტის შვილმა რუს პოეტს, ევგენი ევტუშენკოს ისე სცემა, რომ ყველაზე ერთგული მკითხველიც კი ვერ ამოიცნობდა მას. ვონეგუტს გაეღიმა:

- გძულს რუსებიო?

რუსების სიძულვილი რაზე შემატყო, არ ვიცი და თავი გავაქნიე.

- საბჭოელები არ მიყვარს-მეთქი.

არ ვიცი, ჩემი პასუხი მოეწონა, არ ვიცი, ამ თემაზე საუბარი უყვარდა, მაგრამ ფაქტია, რომ მონდომებით მოგვიყვა თავისი ვაჟისა და ევტუშენკოს შეხვედრის ისტორიას. რუსი პოეტი და ამერიკელი მწერლის შვილი ბრაზილიაში, ამაზონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩხუბის მიზეზი იყო ძალიან უბრალო - ვონეგუტის შვილმა თავისი კატარღიდან ვისკის ბოთლი გადააწოდა ევტუშენკოს (მეზობელ კატარღაზე) - ნიშნად პატივისცემისა, მაგრამ რუსმა პოეტმა, გამოცალა რა ნაჩუქარი ვისკი, მეორე ბოთლი მოსთხოვა ვონეგუტის ვაჟს და როცა უარი მიიღო, ძალიან გაბრაზდა. ამერიკელი მწერლის შვილს თავიდან წყნარად აუხსნია რუსი პოეტისთვის, რომ ჰქონდა ვისკის ერთადერთი ბოთლი და ისიც რუსებს დაუთმო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვით -  გამოეხატა საკუთარი კეთილგანწყობა და პატივისცემა მეზობელ კატარღაზე აფრიალებული დროშის მიმართ. მაგრამ ევგენი ევტუშენკო უკვე მთვრალი იყო და დაჟინებით მოითხოვდა ბურჟუა ამერიკელებისგან კიდევ ერთ ბოთლს და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის იყო რუსი პოეტი ევტუშენკო და რასაც ითხოვდა, ეკუთვნოდა კიდეც. კურტ ვონეგუტის ვაჟს კარგა ხანს უთმენია, სანამ გამწარებულა და არ უთქვამს საშინელი ფრაზა - აი, ამ ჩემს ფალოსს, თუ ევტუშენკო ხარო და ორივე ხელითაც შესაბამისი მოძრაობა გაუკეთებია...

განაწყენებულმა ევტუშენკომ ის ჩაცლილი ვისკის ბოთლი ამერიკელების კატარღის მიმართულებით ისროლა. აქ კი, ვონეგუტის შვილმა თავი ვეღარ შეიკავა და რუსების კატარღაზე ისკუპა. გაიგდო წიხლქვეშ რუსი პოეტი და იმდენი ურტყა, რუსის ბარაბანს რომ არასოდეს მოხვედრია.

რომ გამოფხიზლებულა ევტუშენკო, მერე დაუდგენია ამერიკელი თავდამსხმელის ვინაობა და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ნიუ-იორკში მამამისს შეხვედრია, საყვედურიც უთქვამს მისთვის -  უღირსი შვილი გაგიზრდიაო.

იმ დღეს ფეხბურთი აღარ გვითამაშია, დაუნთაუნში წავედით და ვონეგუტის გრძელი სადღეგრძელო დავლიეთ.

დილით, ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, ძალიან აღელვებულმა მასპინძლებმა აჩქარებით გაგვაღვიძეს და ტელევიზორებიც თავისი ხელით ჩაგვირთეს. ეკრანზე ხდებოდა საშინელება - ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრს, ცნობილ ტყუპ ცათამბჯენს, ტერორისტები თვითმფრინავებით უტევდნენ. ინსტინქტურად დავრეკე ნიუ-იორკში ნაცნობ ქართველებთან იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა ქართველები დაღუპულებს შორის. ერთმა ჩემმა მეგობარმა (ნიუ-იორკში მცხოვრებმა) დამამშვიდა, - აბა, შენ თვითონ დაფიქრდი, სამსახურში თხუთმეტი წუთით ადრე, რომელი ქართველი მივიდოდაო...

შუადღისას როკომ თქვა, ვონეგუტი მანჰეტენზე ცხოვრობს, დავურეკოთ და მოვიკითხოთ, როგორ არისო. თითქოს ჩვენ სამზე ახლობელი არავინ ჰყავდა კურტ ვონეგუტს. ნომერი გავიგეთ და დავრეკეთ. გვიპასუხა მისმა ცოლმა. მოვიკითხეთ მწერალი და ქალბატონმა გვითხრა ძალიან მშვიდად - ჩემს ქმარს სძინავს, არც გაღვიძებია და არც არაფერი გაუგიაო.

პროფესიონალები

კარგი მეხსიერება მაქვს და არავინ მავიწყდება, ვინც ოდნავ მაინც საინტერესო ადამიანია. შეიძლება ჩემთვის უინტერესო ადამიანი არც არსებობს სამყაროში, რადგან ნებისმიერ ადამიანში არის რაღაც განსაკუთრებული, თუ ამის აღმოჩენის სურვილი გვაქვს.

მაგრამ რადგან ახლა პროფესიონალების დეფიციტია საქართველოში, ყველაზე მაგარ პროფესიონალს გავიხსენებ, ვინც კი შემხვედრია.

პროფესიონალი, რომელიც არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ, ლონდონში გავიცანი იქ სწავლის დროს, მაგრამ მანამდე გავიხსენებ სერგეი დავლატოვს, რომელიც გაოგნებული იყო პეტერბურგელი მეეზოვის პროფესიონალიზმით. მაშინ პეტერბურგს ლენინგრადი ერქვა და სადაც დავლატოვი ცხოვრობდა, იმ კორპუსის გვერდით კიდევ ორი ათსართულიანი სახლი იდგა. ამ სამ კორპუსს ჰქონდა ერთი დიდი ნაგვის ბუნკერი, რომლითაც სამივე კორპუსის მცხოვრებლები სარგებლობდნენ, მაგრამ ზამთარში თურმე ზოგიერთებს ბუნკერამდე მისვლა ეზარებოდათ და ღამის ყინვაში იქვე ყრიდნენ ნაგავს. მეეზოვე კი ისეთი პროფესიონალი ჰყავდათ, რომ დილით, გადაყრილი ნაგვის მიხედვით ზუსტად ხვდებოდა, თუ რომელი ოჯახის ნაგავი იყო და უკანვე, ბინაშივე მიართმევდა ხოლმე ზარმაც მობინადრეებს.

ლონდონში ყველაფერი ძვირია, მათ შორის წიგნები და ლონდონში რომ გავიცანი, მგონი ის ინგლისელი პეტერბურგელზე არანაკლები პროფესიონალი იყო - მას შეეძლო ლონდონის ნებისმიერი მაღაზიიდან ნებისმიერი წიგნის მოპარვა. რომ ეტყოდი, რა წიგნები გჭირდებოდა, ან სასურველი წიგნების სიას ჩამოუწერდი, მაშინვე დაგისახელებდა ფასებს.  თავიდან ვერ ვხვდებოდი, ფასებს რის მიხედვით იგონებდა, მაგრამ მერე თვითონვე ამიხსნა. როგორი ძვირიანიც უნდა ყოფილიყო, თუ წიგნი ისე იდო თაროზე, რომ მისი მოპარვა ადვილი იყო, მაშინ ძალიან იაფად შეეძლო მოტანა. მაღალი რისკის შემთხვევაში ძვირად აფასებდა. მისი პროფესიონალიზმი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ზეპირად ახსოვდა (თანაც ზუსტად), რომელი წიგნი რომელი მაღაზიის რომელ თაროზე იდო. მართალია, მისი პროფესიონალიზმით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე (ისიც გამოცდების წინ), მაგრამ ინგლისური მართლმსაჯულებისთვის, ალბათ მაინც დანაშაულის თანამონაწილედ ვითვლები, რასაც დღემდე განვიცდი.

რადგან დანაშაული ვახსენე, ბარემ თბილისურ პროფესიონალიზმსაც გავიხსენებ, რომელიც შეიძლება ორივე ზემოთქმულზე დახვეწილი და საშიში იყოს.

ვერის უბნის ძირძველ მოქალაქეს პაატა ვახტანგის ძე ვარდოსანიძეს (მეტსახელად ვარდენას) საყვარელ უბანში ისეთი ხრიკი ჩაუტარეს, თვითონაც რომ ვერასოდეს მოიფიქრებდა. რამდენიმე წლის წინ, ვარდენას ტაქსიში დაემგზავრა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიამოვნებით გაიცნო და ფულიც გადაუხადა. შინ მისულმა კი აღმოაჩინა, რომ თავისი მშვენიერი მობილურის ნაცვლად ჯიბეში ედო სხვისი უმახინჯესი ტელეფონი. თბილისში მობილურის მოპარვა ან გაცვლა რა გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ გაოგნებულმა ვარდენამ  ისიც აღმოაჩინა, რომ სანამ მძღოლი დაამუხრუჭებდა, იმ ქალმა სიმ-ბარათის გადატანა და გამოცვლაც მოასწრო".