"კავალიერე" სილვიო - კვირის პალიტრა

"კავალიერე" სილვიო

სილვიო ბერლუსკონიზე "გაძეტა დელო სპორტის" რომის განყოფილების მთავარ რედაქტორს, 2007 წლის "სპორტული ჟურნალისტიკის ოსკარის" ნომინაციაში გამარჯვებულ რუჯერო პალომბოს, ესაუბრა "ათიანის" ჟურნალისტი მაია ჯიჯავა.

- "ათიანის" სახელით მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუსთვის მოიცალეთ...

- ბოლო დროს თქვენს რედაქციასთან ხშირად ვთანამშრომლობთ და ეს მისასალმებელი ფაქტია. ვიცი, რომ თქვენთან დაიბეჭდა ჩვენი წამყვანი ჟურნალისტების მასიმო ჩეკინისა და ალბერტო ჩერუტის ინტერვიუები. "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნდება მასალა, სადაც იტალიელ მკითხველებს თქვენს ჟურნალ "ათიანს" გავაცნობთ.

- ბერლუსკონიზე ვისაუბროთ, როგორც "მილანის" მეპატრონეზე და არა როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრზე...

- საფეხბურთო სამყაროში ბერლუსკონი პირველ რიგში უდიდესი "ტიფოზია," თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის ფეხბურთზეა შექანებული. პოლიტიკოსობამდე გაცილებით ადრე მისი ნომერ პირველი სამიზნე "მილანი" იყო. მან მოინდომა ამ გუნდის ხელში ჩაგდება და შეძლო კიდეც. ბერლუსკონიმ პრაქტიკულად გაკოტრებული, მიწასთან გასწორებული გუნდი ჩაიბარა და მისგან დიდებული "მილანი" დააყენა. როგორც კლუბის მეპატრონე, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.

- ამბობენ, რომ ბერლუსკონი წარმატებას ცოდნაზე მეტად ინტუიციის წყალობით აღწევს...

- ნაწილობრივ ასეც არის, მას მართლაც კარგი ინტუიცია აქვს. მაგალითად, როცა "მილანი" იტალიის თასის გათამაშებიდან არიგო საკის გაწვრთნილმა "პარმამ" გამოაგდო, მაშინ საკი ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი მწვრთნელი იყო. სილვიომ დაინახა მისი შესაძლებლობები და თავისთან მუშაობა შესთავაზა. საკის და "მილანის" გრანდიოზული წარმატებების ისტორია კი ყველასთვის ცნობილია. იგივე მოხდა კაპელოს შემთხვევაშიც, რომელიც ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სილვიოს ტელევიზიათა ქსელის "მედიასეტეს" მენეჯერად მუშაობდა და აღარაფერი ჰქონდა საერთო ფეხბურთთან. სწორედ ბერლუსკონიმ დაარწმუნა ფაბიო კაპელო, რომ ფეხბურთს მწვრთნელად დაჰბრუნებოდა. ეს არ იქნებოდა, რომ არა ბერლუსკონის ინტუიცია და მონდომება.

გალიანი ბერლუსკონის სხვა გრანდიოზული აღმოჩენაა. ისინი ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობენ, როდესაც არც ერთი წარმოადგენდა რამეს. "მილანისნაირი" დიდი კლუბი ყოველდღიურ კონტროლს საჭიროებს და ასეთი გალიანი აღმოჩნდა, რომელსაც ბერლუსკონიმ ბევრი რამ ასწავლა და მანაც ნდობა გაამართლა, ახლა ადრიანო გალიანი თავად არის იტალიური ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ამ ეტაპზე რეალურად მართავს "მილანს".

- "მედიაში ბევრს წერენ პრემიერ-მინისტრის სკანდალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე...

- საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს ნაკლებად გვაინტერესებს პრემიერ-მინისტრის პირადი ცხოვრება. ის, რომ ახლა მთელი მედია ამ თემას აშუქებს, ბერლუსკონის და მისი მეუღლის ბრალიცაა, რადგან თავად გამოიტანეს სააშკარაოზე ის, რაც ოჯახის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა.

ბერლუსკონის "ჰარამხანის" აღწერა იოლი არ გეგონოთ. აქ ნახავთ: მსახიობებს, მოდელებს, პარლამენტარებს, მინისტრებს, ჟურნალისტებს, პორნოვარსკვლავებს, მდივნებს და დიასახლისებსაც კი... არადა, ბერლუსკონისთვის ყველაფერი მეტად რომანტიკულად იწყებოდა... ერთ მშვენიერ დილას, ახალგაზრდა სილვიომ მილანის მთავარი ავტოსადგურის წინ საკუთარი მანქანით ჩაიარა და მისი მზერა გაჩერებაზე მდგომმა მშვენიერმა ქერა გოგონამ მიიპყრო. შემთხვევითი შეხვედრა 1965 წელს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. ქერა გოგონას კარლა ელვირა ლუჩია დალ’ოლიო ერქვა და "კავალიერეს" ორი შვილი აჩუქა.

1980 წელს კი სილვიომ მილანის თეატრის სცენაზე მდგარი ახალგაზრდა მსახიობი ვერონიკა ლარიო დაინახა და თავდავიწყებით შეუყვარდა.  მათ ოფიციალურად 1990 წელს იქორწინეს. ვერონიკამ სილვიოს სამი შვილი გაუჩინა.

პირველი ცოლისგან განსხვავებით, ვერონიკა მოთმინებით იტანდა სილვიოს გაუთავებელ ღალატს. მოთმინების ფიალა 2007 წელს აევსო და "რეპუბლიკას" ფურცლებიდან საქვეყნოდ, ღია წერილის საშუალებით მოსთხოვა ქმარს ბოდიშის მოხდა უღირსი საქციელისთვის.

"27 წელი გავატარე მეუღლის გვერდით. მერწმუნეთ, ასეთი ადამიანის ცოლობა იოლი არ არის. ჩემი პირადი ამბიციები და საქმიანობა მეორე პლანზე გადავდე, პრიორიტეტად მეუღლესა და შვილებზე ზრუნვა ვარჩიე, მაგრამ რა მივიღე სამაგიეროდ? ერთ ოფიციალურ ვახშამზე უამრავი მაღალი რანგის სტუმრის თანდასწრებით, ჩემმა ქმარმა სუფრასთან მჯდომ ქალს, რომლის სახელსა და გვარს სპეციალურად არ ვასახელებ, შემდეგი სიტყვები უთხრა: "დაქორწინებული რომ არ ვიყო, ახლავე მოგიყვანდი ცოლად და შენთან ერთად ქვეყნის დასალიერს წამოვიდოდი..." განა ასეთი უტაქტო, უადგილო ხუმრობა შეეფერება მისი ასაკისა და მდგომარეობის კაცს?! ქვეყნის პირველ პირს? ხუთი შვილის მამას? მან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა და იძულებული ვარ, გაზეთის ფურცლებიდან, საქვეყნოდ მოვთხოვო ბოდიში მომიხადოს..."

ამ წერილმა გზა გაუხსნა მასმედიას და ბერლუსკონის ყოფილ საყვარლებს, რათა ღიად ესაუბრათ პრემიერის სასიყვარულო თავგადასავლებზე. ქალბატონი, რომელსაც ოფიციალურ ვახშამზე ბერლუსკონიმ ლამის დაქორწინება შესთავაზა, მარა კარფანა გახლავთ. 1997 წლის "მის იტალიის" კონკურსის პრიზიორია. ნახევრად შიშვლად გადაღებული ფოტოების წყალობით მარა კარფანა გამარჯვებულ "მის იტალიაზე" უფრო ცნობილი გახდა. მოგვიანებით მშვენიერ ქალბატონს მოჰბეზრდა შიშვლად პოზირება და ჟურნალისტად მუშაობა სწორედ სილვიოს ტელევიზიაში დაიწყო. ჟურნალისტობიდან პოლიტიკაში წავიდა და მალე პარლამენტარიც გახდა: 2008 წლის არჩევნების შემდეგ ბერლუსკონიმ თავის მთავრობაში ქალთა უფლებების დამცველ მინისტრად დანიშნა...

2008 წელს მოქმედ პრემიერ-მინისტრზე რომის სასამართლოში საჩივარი შევიდა, რომელიც ფედერიკო არმატის ეკუთვნოდა. საჩივარი დაუკმაყოფილებელი დარჩა, მაგრამ ფედერიკო არმატი ტელევიზიაში მივიდა და საზოგადოებას სიმართლე უამბო:

"მინდა იტალიელებს თვალი აგიხილოთ, ჩვენი ქვეყნის პირველი პირი უღირსი ადამიანია და არ იმსახურებს იყოს ისეთი დიდებული ქვეყნის ლიდერი, როგორიც ჩვენი იტალიაა. მე ვარ ჟურნალისტისა და მოდელის ვირჯინია სანჯუსტ დი ტეულადას ყოფილი ქმარი. ჩვენ გვყავს საერთო შვილი. თავიდან, როცა მათი ურთიერთობა დაიწყო, მაშინვე დამაწინაურეს სამსახურში. მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ ჩემი დაწინაურება ვირჯინიასა და სილვიოს სასიყვარულო კავშირის გამო მოხდა. თავად ვირჯინია უეცრად საავტორო გადაცემის წამყვანად მოევლინა იტალიას. ყოფილი ცოლი ჩემთან იმ უძვირფასესი სამკაულებით იწონებდა თავს, რომლებსაც ბერლუსკონი საყვარელს ჩუქნიდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე... იტალიელების ჯიბიდან ამოღებული ფულით საყვარელს ანებივრებდა ბრილიანტებით..."

ბერლუსკონის მორიგი გატაცება და ახალი სკანდალის ობიექტი 18 წლის ნეაპოლელი ლამაზმანი ნოემი ლეტიცია გახდა. სილვიოს ახალი ამურული ისტორია 2009 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს დაიწყო. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯდება სახელმწიფო თვითმფრინავში და მიიჩქარის ნეაპოლში 18 წლის ნორჩი გოგონას დაბადების დღეზე, რომლისთვისაც საგანგებოდ ამ დღისთვის აქვს ნაყიდი ბრილიანტისთვლიანი ოქროს ყელსაბამი. "კავალიერე" დაბადების დღეზე ნოემისთან გვარიანად ერთობა და შამპანურით ხელში სურათებსაც იღებს. ამ ამბის შემდეგ, ვერონიკა ლარიო საბოლოოდ კარგავს მოთმინებას და ქმარს გაზეთის ფურცლებიდან მიმართავს. ქალბატონი განქორწინებას ითხოვს, რადგან "არ შეუძლია იცხოვროს 72 წლის კაცთან, რომელიც ლოგინში ბავშვებს იწვენს".

ილია ბაბუნაშვილი

მასალა იბეჭდება შემოკლებით, ვრცლად იხილეთ ჟურნალ "ათიანში", ნოემბრის ნომერში