სხვისი ჩემი შვილები - კვირის პალიტრა

სხვისი ჩემი შვილები

კახეთში ვარ, სოფელ მახარაძეში, ტახტზე ვზივარ, ვუყურებ, რა გულმოდგინედ ზელს ჯული შიოშვილი სახაჭაპურე ცომს შვილობილისათვის და ვფიქრობ, - ერთი ახლა ამის გულში ჩამახედა, ალბათ სულ სხვანაირი უნდა იყოს...

აბა, როგორ შეიძლება, ერთ დღეს ჭიშკარი გაიღოს, ათი წლის უცხო ბიჭი შემოვიდეს და ის უცხო ბიჭი ღვიძლი შვილივით შეიყვარო! თუ დასჭირდება, ღამეც გაუთენო, დაბანო, დავარცხნო, გაურეცხო, ხაჭაპური გამოუცხო, სკოლაში გაუშვა და მერე ცალი ყური ჭიშკრისკენ გქონდეს, - ნეტავი ჩემი ბიჭი სკოლიდან ხომ არ დაბრუნდა, წავალ, სუფრას გავუშლიო... მოკლედ, ვუყურებ ჩემი მასპინძლის ძარღვიან ხელებს და აი, ასე გრძლად ვფიქრობ მასზე. თან მერიდება, - ეს ქალი ახლა ჩემს გულში რომ ჩაახედა, არ იტყვის, სტუმარია, ვინა ჰკითხავს, როგორ შევიყვარე ჩემი არზოო (ასე ეძახის ჯული თავის შვილობილს, სინამდვილეში კი არზუმანი ჰქვია). და უცებ, ჩემი მასპინძელი, თითქოს ფიქრს მიმიხვდაო, ფქვილიან ხელებს იფერთხავს და მეუბნება: - რას ამბობ, ჭიშკარი რო გაიღო და ჩემი არზო შემოვიდა, მაშინვე გულში ჩავიკარ. სანამ მოვიდოდა, ძალიანაც ვღელავდი, მაგრამ მაინც მხნედ დავხვდი, - საუკეთესო ოთახი შევურჩიე, საწოლი დავახვედრე ისეთი ქათქათა, რო შიგ ჩაწოლა ნდომებოდა, საბავშვო რამეებითაც მოვურთე...

- ვნახე ეგ ოთახი, მართლაც კარგია, სახლიც კარგი გიდგათ, ბეღელიც, ეზოც. თანაც, თქვენი შრომით, - რაც გესტუმრეთ, არ გაჩერებულხართ, ფუსფუსებთ, გაუმართლა არზოს.

- ეს სახლი მარტო ჩემი შრომით კი არ არის. ისეთი ვაჟკაცი ქმარი მყავდა, რომ ქოროს ეძახდნენ!.. სახლიც იმან დატოვა და სახელიც. გამართლებით კი არზოს თუ გაუმართლა - მეც გამიმართლა, კარგი ბიჭია, მოვა და თავად ნახავ, პირისახე როგორ უცინის. რასაც ვშრომობ, მაგაზე ალალი იყოს. ჩემი შვილებიც ხან რას გამოუგზავნიან საზღვარგარეთიდან საჩუქრად და ხან რას. მაგრამ იმას ვწუხვარ, რო ბევრის მჭამელი არ არის, შეკიკნის ცოტას და ეგ არის...

- შვილობილად ვინ მოგცათ ბიჭი, მშობლები არ ჰყავს?

- სახელმწიფომ მომცა. შვილობილი მარტო მე კი არა მყავს ამ სოფელში. ჩემს მეზობელ ნინო ბეროშვილს ოთხი ვაჟი ჰყავს შვილობილი... იმის შვილობილებს დედ-მამა დაფანტული ჰყავთ, ჩემს არზოს კი კარგი მშობლები ჰყავს, მაგრამ სახლი რომ არ აქვთ საბრალოებს, შვილი სად უნდა გაზარდონ? იმიტომაც მომაბარეს გასაზრდელად. გავზრდი, დავაკაცებ და აგე - გზა, წავიდეს და იცხოვროს.

- ასე ადვილად გაიმეტებთ?

- მა, ხომ არ დავაბამ, მაგრამ თვითონაც რომ არ გამიმეტებს, ეგ ნამდვილად ვიცი. ცხოველები უყვარს ძალიან, რა ვქნა, რა ვქნა-მეთქი და აკვარიუმი ვუყიდე. დაბადების დღეც ხო გადავუხადე, მშობლებიც დავუპატიჟე, ნათესავებიც და მეგობრებიც - რატო ერთი ოცდაათი კაცი არ მყავდა სტუმრად. ბრწყინავდა სიხარულით. ახლა სკოლიდან მოსული ჩანთას ხო მიაგდებს, მივარდება და თევზებს დასცქერის, ჭამაც არ გაახსენდება.

- წიგნი თუ ახსოვს?

- ნაკლებად. ეგ არის ჩემი სადარდელიც. ავდექი და მასწავლებელი დავუქირავე. კარგი მასწავლებელია, მოსწონს.

- თუ არადა, აგე, შინ საქმე და მოგეხმარებათ.

- აბა, რას ამბობთ, ასეთ მძიმე საქმეებს, მე რო ვარ შეჭიდებული, ბავშვს როგორ დავავალებ! იყოს თავისთვის და იხაროს.

- შვილები როგორღა გაზარდეთ?

- აბა, როგორ გითხრათ, იმათ ბევრ რამეს ვაკლებდი კიდეც, მაგრამ ამას როგორ დავაკლებ, სხვისი შვილი მყავს ჩაბარებული.  ჩამეღიმა, - აი, რას ნიშნავს, როცა უფროსი შვილები დააფრთიანე და უმცროსიღა დაგრჩა შინ. ჭირს ამ დროს სიმკაცრის გამოჩენა! ქალბატონ ჯულის კი არა, მის მეზობელ ნინოს შინ ოთხი შვილობილი ჰყავს და სიმკაცრე ამ ოთხთანაც კი უჭირს, ერთს ხმადაბლა ეტყვის, წარბსაც ასწევს და ოთხივე გასუსულია. ისე, საკვირველი კია - ოთხივე ბიჭია და როცა ჯული შიოშვილის ეზოდან ნინო ბეროშვილის ეზოში გადავუხვიე, იქიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. გეგონებოდა, შინ არავინ იყო. არადა, როგორ არ იყო, - დიასახლისის დაკონსერვებული პომიდვრის ქილები ჯერ კიდევ თბილი დამხვდა და მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოც კიბეზე იდო გადაშლილი. ჩემს დაძახებაზე ნინოს ორი შვილობილი ერთდროულად გამოჩნდა (შინ მარტო პაატა და შოთიკო ჰყავდა) და ცნობისმოყვარედაც შემათვალიერეს. შევატყვე, ჩვენი საუბრის მოსმენაც უნდოდათ, მაგრამ ნინომ წარბი წყნარად ასწია და ისინიც გაიქცნენ.

- არ მითხრათ, ამ ლამის ორმეტრიან ბიჭებს წარბის აწევით ვიმორჩილებო...

- არ გეტყვით, მაგრამ... არც ვყვირი.  კაჭრეთის ძნელად აღსაზრდელთა ინტერნატში (დირექტორი გახლდით) ჩემი შვილობილები სწავლობდნენ.  მითხრეს, - ჰუმანურობა ამათთან არ გაგივაო, მაგრამ გამივიდა.  ეს შოკი იყო იმ ხალხისთვის, ვისაც მიაჩნდა, რომ ძნელად აღსაზრდელი და გზააბნეული ბავშვი მუშტის ბრახუნით უნდა გაზარდო. სამწუხაროდ, როგორც ყველა საბავშვო სახლი, ეს ინტერნატიც დაიხურა. ბავშვების  ნაწილი ისევ ქუჩაში გავიდა, ჩემი შვილობილები თელავში გადაიყვანეს. ვეღარ გავძელი უიმათოდ, ავდექი და წამოვიყვანე. თავდაპირველად მხოლოდ თორნიკეს, პაატასა და სოსოს წამოყვანა მინდოდა - დედამ მიატოვა, მამა პატიმარი ჰყავთ, მოხუცი პაპის გარდა არავინ გააჩნიათ, მაგრამ შოთიკოც ვერ დავტოვე - ბავშვები სულ ერთად იყვნენ. თანაც ისიც არც ისე დალხინებული ოჯახიდანაა. სულ ყურში მქონდა მისი სიტყვები, - ერთხელ შობას ბაკურიანში წავიყვანეთ ბავშვები, ყველა ერთობოდა, შოთიკო კი დასაძინებლად წავიდა. ვუთხარი, - ნუ მიდიხარ, სადაცაა, იესოს დაბადების დრო დადგება და შენც შეეგებე-მეთქი. მაშინ მითხრა, - ჩემთვის არც ღმერთია და არც არავინო. მოკლედ, ქმარს ვუთხარი, ბავშვები უნდა მოვიყვანო-მეთქი. გაუხარდა, - აბა, რა უნდა ქნაო.

- ალბათ, ეს ძალიან ძნელია...

- არის, მაგრამ... როგორ ვთქვა... ეს სხვაა, სიტყვით ვერ გამოთქვამ, მაგრამ როცა ვუსმენ, როგორ მაბარებენ გაკვეთილებს, როგორ მიყვებიან თავიანთ სიხარულზე ან დარდზე, ვხვდები, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეს მე უნდა ვიყო მათ გვერდით. ის კი არა, შიგადაშიგ იმ ბავშვების ხმებიც კი ჩამესმის, რომლებსაც ინტერნატის დახურვის შემდეგ პატრონი არ გამოუჩნდათ. ერთი მათგანი ციხეში მოხვდა და იქიდან მწერდა, - ნინო მასწავლებელო, ჩემს დას უპატრონეო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდი...

- როგორ ფიქრობთ, რატომ დახურა ბავშვთა სახლები სახელმწიფომ?

- აბა, რა გითხრათ,  ჩემი აზრით, ეს იყო დანაშაული იმ ბავშვების წინაშე, ვინც ახლა ქუჩაშია. ჩემი ოთხი კი, ასე მგონია, გადავარჩინე. სულითაც გადავარჩინე, - ადრე სტუმარი რომ მომივიდოდა და რაიმეს გავატანდი, ბიჭები ჩუმად ჩამჩურჩულებდნენ, - ნინო მასწავლებელო, მაგას რომ ატან, მერე ჩვენ რაიმე გვრჩებაო? ახლა თავად ეგებებიან სტუმარს და თავადვე უმასპინძლდებიან...

უფალიც მეხმარება - რამდენი წელიწადია კახეთში ხილის მწირი მოსავალი იყო, როგორც კი ბიჭები სახლში შემოვიყვანე, ჩვენს ხეებს ტოტები დაატყდა ნაყოფის სიმძიმით...

...და ნინომ რქაწითლით, კარალიოკით, ვაშლით სავსე ლანგარი ჩემკენაც გამოსწია... კახელებს ხვეწნა არ უყვართ ჭამაზე, - მოიტანენ, ე.ი. უნდა მიირთვა, ჩვენ კი აუცილებლად უნდა ვეხვეწოთ უფალს, რომ ვისაც დედა არ ჰყავს და მისი სითბო ენატრება, ყველას მისცეს ისეთი დედობილები, როგორებზეც გიამბეთ. საქართველოს კი ისეთი სოფლები არ მოაკლოს, როგორიც მახარაძეა - ვიდრე ასეთი კერა გვექნება, ამ სამყაროში არც ჩვენ ვიქნებით ობლები...