არ გაუშვათ შანსი! - კვირის პალიტრა

არ გაუშვათ შანსი!

დიდი ფასდაკლება იუბილარი მწერლის "ჩემი რჩეულის" სერიით გამოსულ ტომეულზე

1837 წლის 8 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღე იყო, რადგან ამ დღეს მოევლინა საქართველოს ილია მართალი. წელს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ თარიღს... თუ როგორ აღინიშნება ილიაობა წელს საგურამოში, გვესაუბრება საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე:

- წელს ილიას დაბადებიდან 175 წელი გადის, მისი გარდაცვალებიდან 105 წელი გავიდა. სხვათა შორის, ილიასთან დაკავშირებული სხვა მრგვალი თარიღებიც დაემთხვა 2012 წელს: "ივერიის" დაარსების 135 წელი, ოლღა გურამიშვილის გარდაცვალების 85 წელი...

2003 წელს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს საგურამოში ეკურთხა ილია მართლის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომელიც სამ წელიწადში აშენდა. ამავე დღეს დაარსდა პრემია "საგურამო". ამ პრემიას ილიას სახელი ვერ დავარქვით, რადგან ასეთი პრემია მწერალთა კავშირს აქვს. წელს მეათედ გაიცემა "საგურამო". ილიას ობელისკის ყვავილებით შემკობის შემდეგ ღონისძიება მის სახლ-მუზეუმში გაიმართება. შეიკრიბებიან ლიტერატორები, მეცნიერები, ყველა, ვისაც ილია უყვარს, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რას ნიშნავს ილია საქართველოსთვის, მომავლისთვის...

გაიცემა წელიწადში ერთი მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.  პირველი მედალი 2003 წელს გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. შემდეგ - ანზორ ერქომაიშვილს, ანა კალანდაძეს, ოთარ ჩხეიძეს, რობერტ სტურუას, გია ყანჩელს, თამაზ ჩხენკელს, მერაბ ბერძენიშვილს...

წელს პეტერბურგშიც ტარდებაილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი დღეები. იქნება შეხვედრები იქაურ მწერლებთან, კულტურის მოღვაწეებთან. ეს კარგია, რადგან კულტურა არის ყველაზე დიდი დიპლომატია.

ილიას დაბადების დღის აღნიშვნას წელს ჩვენი მედიასახლიც შეუერთდება.

თიკო ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი: - ქართველი მწერლების დაბადების დღეებთან დაკავშირებით გამომცემლობაში გვირეკავდნენ, გვთხოვდნენ იუბილარი ავტორების წიგნების ტომეულებს.  გამომცემლობამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი საჩუქარი მიუძღვნას მკითხველს და ამა თუ იმ ქართველი მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოაცხადოს ფასდაკლების კვირეული. ერთი ასეთი აქცია უკვე ჩატარდა, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი კვირა მისი ტომეული იყიდებოდა ფასდაკლებით.

მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ამჯერად, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება ილიას ექვსტომეული ფასდაკლებით. ამ აქციებს მთელი წლის განმავლობაში ჩავატარებთ. ამას ორმაგი დატვირთვა ექნება, ჯერ ერთი, ყველა მსურველს შეეძლება ფასდაკლებით შეიძინოს წიგნები და მეორე: ყველას გაახსენდება ჩვენი კლასიკოსების დაბადების დღეები, მიეცემა საშუალება, სათანადოდ აღნიშნოს ეს დღე.

მარიკა დარჩია, მედიასახლ "პალიტრის" კრეატიული დირექტორი: - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადავწყვიტეთ, ქართველი მწერლების დაბადების დღეებთან დაკავშირებით, მოვაწყოთ მათ წიგნებზე ფასდაკლების კვირეული. ერთი კვირის განმავლობაში გვექნება სპეციალური ფასები იუბილარი მწერლის "ჩემი რჩეულის" სერიით გამოსულ წიგნებზე. ამ კვირაში, 8 ნოემბრამდე, ილიას 6-ტომეული, 8-დან 15 ნოემბრამდე კი მიხეილ ჯავახიშვილის 7-ტომეული იქნება აქციაში.

რაც შეეხება 8 ნოემბრის ღონისძიებას, რომელიც სახლმუზეუმისთვის ტრადიციულია, "საგურამოს" პრემიის შვიდ ნომინაციაში გამოვლენილ ნომინანტებს საჩუქრად გადავცემთ ილიას ექვსტომეულს. მონაწილეობას მივიღებთ 8 ნოემბრის ყველა ღონისძიებაში, შევეცდებით, ამ თარიღის არა მარტო საინფორმაციო, არამედ მატერიალურ მხარდაჭერასაც, რითიც შევძლებთ, შევეხიდოთ იუბილეს აღნიშვნას.