აკაკის ქონების მეურვის იდუმალებით მოცული ამბები - კვირის პალიტრა

აკაკის ქონების მეურვის იდუმალებით მოცული ამბები

ამ წიგნის მაღაზიაზე ისევე შეიძლება ლაპარაკი, როგორც ძალიან საინტერესო კაცზე, რომელსაც თავს არაერთი მნიშვნელოვანი რამ გადახდა. წიგნის მაღაზიას "ცოდნა" ერქვა და ცნობილი კაცი - სოსიკო მერკვილაძე ხელმძღვანელობდა... თავიდან სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღთან, მაშინდელი წმინდა გიორგის ქუჩაზე ფართლეულის მაღაზია ჰქონდა. მას და მის ძმას იაპონური ქსოვილები ჩამოჰქონდათ და ყიდდნენ. სოსიკოს მეუღლე კი გოგონებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.

1897 წელს აკაკი წერეთელმა დააარსა ჟურნალი "აკაკის თვიური კრებული", რომლის მიზანი და დანიშნულება იყო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, აღნუსხვა და გამოქვეყნება. აკაკის ლამის მთელი თბილისი ჩაურთავს ამ საქმეში, ყველას თავისი კუთხის ზეპირსიტყვიერების და ეთნოგრაფიის მასალებს სთხოვდა. ამ საქმემ ძალიან გაიტაცა ფართლეულის მაღაზიის მეპატრონე - სოსიკომაც დიდი მონდომებით დაიწყო მასალების შეგროვება. სწორედ "აკაკის თვიური კრებული" გახდა ბიძგი და  სოსიკო მერკვილაძემ წიგნების გამოცემას მიჰყო ხელი. ფართლეულის მაღაზია  წიგნის მაღაზიად გადააკეთა და უწოდა "სოსიკო მერკვილაძის გამომცემლობა, წიგნის მაღაზია "ცოდნა".

"ცოდნა" დიდ საქმეს აკეთებდა, გამომცემლობაში აკაკის, ილიას, გრიგოლ ორბელიანის, იასე რაჭველის, ივანე მაჭავარიანის, თედო სახოკიას, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნიკო ლომოურის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა წიგნები იბეჭდებოდა... სოსიკო ამავდროულად მწერლების დიდი ქომაგი და დამხმარეც გახლდათ... აკაკი გამორჩევით უყვარდა. საქართველოს უგვირგვინო მეფეს სოსიკოს ბინაში ოთახი ჰქონდა მიჩენილი. ცნობილია, რომ აკაკის ცისფერი განსაკუთრებულად მოსწონდა და ამიტომაც ოთახიც ცისფრად შეაღებვინა, ცისფერი ფარდა-ხალიჩებით და ინტერიერით მორთო. როდესაც აკაკი დედაქალაქში ჩამოდიოდა, თვეობით რჩებოდა მათთან. ეს არ იყო უბრალო სტუმარმასპინძლობა, ეს დიდი სიყვარული გახლდათ. აკაკიმ სოსიკო მერკვილაძე თავისი ქონების მეურვედაც კი დანიშნა. ცნობილია, რომ აკაკის ხშირად გროშიც არ ჰქონდა, მეგობრების დახმარებით გადიოდა ფონს. მისი სოსიკოსადმი მიწერილი წერილი კაცური მეგობრობის ზენიტია: "ახლა შენ იცი: ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო. თუ სხვა არაფერი გექნეს დასაგირავებელი, თავი დაიგირავე და, რამდენიც შეიძლო, მომაწოდე". ცხადია, სოსიკო უკან არ დაიხევდა და უკანასკნელს გაიღებდა მეგობრის დასახმარებლად.

მინდა ორი იდუმალებით მოცული ამბავი გიამბოთ, რომელიც სოსიკო მერკვილაძეს უკავშირდება. პირველი ამბავი აკაკის ეხება.

იმ ეტლს დაეწიე, იქ მაჩაბელია!

ეს ის დრო იყო, როცა ქვეყანა მაჩაბლისა და ჭავჭავაძის მომხრეებად იყო დაყოფილი.  ვანო მაჩაბელი რომ გაქრა, ეჭვი ჭავჭავაძისტებზე მიიტანეს. მერე აკაკისაც მიადგნენ, - ვანოს ცოლი უყვარდა და, ალბათ, ამის გამო დაუპირისპირდა მაჩაბელსო. ზოგი კი ირწმუნებოდა, მაჩაბლის მკვლელი  პროფესიონალი იქნებოდა, სხვა კვალს ასე როგორ დაფარავდაო. ასახელებდნენ კიდეც  - ჟანდარმერიის უფროსი ჯანდიერი ჭავჭავაძისტი ყოფილა. ის მოაკვლევინებდა და გვამსაც გადამალავდაო.

აკაკი ჭორებმა შეძრა - აუტანელი იქნებოდა ტყუილი ბრალდების მოსმენა...

დავით ფაღავას ქალიშვილის მოგონებიდან: გიმნაზიელი დავით ფაღავა სოსიკო მერკვილაძესთან ცხოვრობდა. როცა აკაკის დუქანში რამე სჭირდებოდა, მას ავალებდა. ისიც ყველგან ეგზავნებოდა.

ვანო მაჩაბელი რომ გაქრა, აკაკის უთხოვია ფაღავასთვის: ფაეტონი დამიჭირეო. მოუყვანია ბიჭს ფაეტონი, სოსიკომ მარტო არ გაუშვა მგოსანი, ერთად ჩასხდნენ. უბედურებით გაოგნებული აკაკი, "ვანოო", იძახდა. უცებ აკაკიმ მოპირდაპირედ ფაეტონში ვიღაც შენიშნა: - აი, მაჩაბელი... იმ ეტლს დაეწიე, იქ მაჩაბელია! მისდიეს კიდეც, მაგრამ  თვალთაგან გაქრა. ბოლოს უთქვამს უბედურებით გაოგნებულ აკაკის, - ალბათ ვანო არ იყოო.

იმ ღამით სოსიკო და აკაკი მაჩაბელს დაეძებდნენ... დილით დაღლილები დაბრუნდნენ. რა მძიმე ღამე ჰქონდათ, სად  იყვნენ და როგორ ეძებდნენ ვანო მაჩაბელს, ამ იდუმალ ამბავზე არაფერს ჰყვებოდა სოსიკო მერკვილაძე...

ირლანდიელი პოეტი ჯეიმს ო'ლირი და სოფო მეტრეველი

მეორე ამბავიც გარკვეულწილად იდუმალებით არის მოცული. სოსიკოს მაღაზიაში საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი იყრიდა თავს. მოდიოდნენ თბილისში ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც პატივს სცემდნენ ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებას. სწორედ ამ მიზეზით შეივლიდა ხოლმე წიგნის მაღაზიაში ჯეიმს ო,ლირი - ირლანდიელი პოეტი. ბევრი ფაქტის დაზუსტება ჭირს, რადგან საქართველოში ჯეიმს ო,ლირის ცხოვრებისა და შემოქმედების მცოდნე მეცნიერს ვერ მივაკვლიე, თუკი ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურება ვინმე, მადლიერი დავრჩები. ლეგენდად ქცეული ამბავი კი გვიამბობს, რომ მერკვილაძის მაღაზიაში ჯეიმს ო,ლირმა ულამაზესი ქართველი ქალი სოფიო მეტრეველი დაინახა და  ერთი დანახვით შეუყვარდა. სოფიოს კი სხვა მამაკაცი ჰყავდა ოცნებად ქცეული - ვანო სარაჯიშვილი.

1906 წელს სარაჯიშვილი იტალიაში გაემგზავრა. თბილისი რომანტიკული ამბების ქალაქი იყო და ვინ იცის, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, სადღაც ითქვა, რომ ვანო სარაჯიშვილს იტალიელი ქალი შეუყვარდაო... მერე ჭორმა იარა, იარა და ბოლოს სრულიად არარეალური სახე მიიღო: ქართველმა მგალობელმა იქორწინა და შვილიც შეეძინაო. დადარდიანდა მშვენიერი სოფიო. ჯეიმს ო,ლირმაც დრო იხელთა და ცოლობა სთხოვა. სასოწარკვეთილი ქალი დათანხმდა... ორი ვაჟი შეეძინათ. თუმცა ქორწინებას ბედნიერს ვერ დაარქმევდით, რადგან როცა ვანო სარაჯიშვილი უცოლოდ დაბრუნდა იტალიიდან და უკვე უცხოეთში მყოფ სოფიოს მისწერეს ეს ამბავი, ისე იდარდა, ავადაც კი გახდა... როგორც ჰყვებიან, ჯეიმს ო’ლირი, თავისი ორი ვაჟით, გემ "ტიტანიკზე" იმყოფებოდა. კატასტროფას მამა ემსხვერპლა, შვილები კი გადარჩნენ. სოფიო საქართველოში აღარც დაბრუნებულა, ირლანდიაში აღესრულა...

ამ ამბის იდუმალება კი ის გახლავთ, რომ ძალიან ჭირს დოკუმენტური ცნობების მოპოვება, როგორც სოფიოს თბილისურ ოჯახზე, ისე მისი ქმრის თბილისში ჩამოსვლასა და მოგზაურობაზე, ალბათ ირლანდიიდან ჩამოსული კაცი ისე არ დატოვებდა თბილისს, ფოტო არ გადაეღო, არც ეს ფოტო ჩანს სადმე... თავად სოფიო მეტრეველი-ო,ლირის პორტრეტიც შეიძლება საჭიროებდეს შესწავლასა და იდენტიფიცირებას.

ამ ამბავში მხოლოდ ერთხელ გაიელვა სოსიკო მერკვილაძის სახელმა, თუმცა სწორედ ეს გაელვებაა უტყუარი ნიშანი, რომ მის მაღაზია "ცოდნაში" თბილისის უმნიშვნელოვანესი ამბები იბადებოდა, იკვეთებოდა ადამიანების ბედი, აქ შეივლიდნენ ხოლმე ქართველი კლასიკოსები ისე, როგორც ძალიან შინაურ გარემოში...

ეს არ იყო მარტო წიგნის მაღაზია - ეს თბილისის მშვენება გახლდათ.

P.S. სოსიკო მერკვილაძის ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს.