დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან - კვირის პალიტრა

დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

"ბიჭებო, კაკოია და ზორო ჩხუბობენ, დაანგრიეს აუზი", - ბათუმის დელფინარიუმში ასეთი შეძახილი იშვიათი არ არის. აქ მუდმივად "საქმის გარჩევაა" პირველობისთვის, ოღონდ კაკოია და ზორო დელფინები არიან. ორივე მამრი. ზორო ზორბა და მშვიდია, თუმცა, თუ გაცხარდა, დაუნდობლად იბრძვის. კაკოია მოუსვენარი და ცუღლუტია, ჩხუბისთავი, ამიტომაც დაურქმევია მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერ თენგიზ წეროძეს ლეგენდარული ყაჩაღის სახელი.

ცოტა ხნის წინ დელფინარიუმი კინაღამ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად იქცა. ის 1974 წელს დაარსდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყვიტა მუშაობა. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, 2009 წლიდან, მისი ფუნქციონირების აღდგენა და მართვა ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამიტომაც, როგორც ბათუმში ამბობენ, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", მერიის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის მართვის უფლება ჩამოართვა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანია "მენეჯმენტ სერვისს" და სახელმწიფოს გადასცა.

თენგიზ წეროძე: "სახელმწიფოსგან მართვა ყველა მომსახურებაზე ტენდერების გამოცხადებას გავალდებულებს. ამ პროცესს მიაქვს დიდი დრო, რომელიც არ ითმენს. დელფინებმა დღეში რამდენიმე სახეობის თევზი უნდა ჭამონ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უცებ ვერ შეძლო ამ საკითხის მოგვარება. პრობლემები შეგვექმნა მედიკამენტებით მომარაგებაშიც. წყლის გასაფილტრი დანადგარი რომ გაფუჭდეს, ტენდერი გამოვაცხადოთ და ველოდოთ, როდის ვიპოვით შემკეთებელს, რომელიც სახელმწიფოს პირობებს აკმაყოფილებს?“"მენეჯმენტ სერვისის" მმართველობის დროს არ გვეშინოდა, რომ ფინანსური პრობლემები შეგვექმნებოდა. ამ შესანიშნავ არსებებზე ძალიან ზრუნავდა ბატონი ბიძინა. სამაგიეროდ, ბათუმის მერია ჯერ არც ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, არადა, ზამთარი მოდის და შესაძლოა,  პრობლემები შეგვექმნას".

...აუზში "ბიჭები" დააშოშმინეს, მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ განახლდეს ქიშპი. ლამაზი სანახავია  შეყვარებული დელფინები, წყალში მოხდენილი ნარნარი, თავისებური ცეკვა და სტვენა. თუმცა, მოსალოდნელია, მდედრი უცებ გაჯიუტდეს. თურმე ამ დროს მამრი ნერვიულობს და ეჭვიანობს. უიღბლო სიყვარულის გამო მოწყენილად უსტვენს და თან თვალს ადევნებს, რომ მის რჩეულს სხვა არ მიეკაროს, თორემ ჩხუბი გარდაუვალია. აღელვებული დელფინების განტვირთვის საუკეთესო საშუალება ადამიანთან ურთიერთობაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი დელფინის ნდობას დაიმსახურებს, ეს საოცარი არსება სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რისკზე მიდის, რომ სიყვარული ხმელეთზე ამოსვლით დაუმტკიცოს. თენგიზ წეროძე ამბობს, რომ ამ დროს დელფინს მეგობარი ადამიანის იმედი აქვს, რომ ის არ მიატოვებს და წყალში დაბრუნებაში დაეხმარება.

“- როგორ და სად ცხოვრობენ დელფინები ზამთარში, როცა თოვს და ყინავს?” - მეკითხება წარმოდგენაზე მოსული 5 წლის ვახტანგი. მეც ამ კითხვით მივმართავ თენგიზ წეროძეს: "აუზს გამაგრილებელი და დამათბობელი საშუალებები აქვს. ზამთარში წყლის ტემპერატურას მუდმივად 15 გრადუსზე ვინარჩუნებთ. თუ თოვს და ყინავს, ტემპერატურას 12 გრადუსამდე ვაგდებთ, რადგან არ შეიძლება ჰაერისა და წყლის ტემპერატურას შორის დიდი განსხვავება იყოს. ზამთარ-ზაფხულ მუდმივად ვაკონტროლებთ დელფინების ჯანმრთელობას.

დილა შემოვლით იწყება.   ტანს ვუთვალიერებთ, ღამით ხომ არ იჩხუბა, ნაკაწრები ხომ არა აქვს, სიცხესა და ამონასუნთქ ჰაერს ვუსინჯავთ. ბავშვებს აინტერესებთ ხოლმე, რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს დელფინმა, - სუფთა წყალში და კარგი კვებით 50 წელსა და მეტხანსაც ცოცხლობს. დელფინარიუმში წყლის სისუფთავეს სპეციალური დანადგარების სისტემა უზრუნველყოფს. იმისათვის, რომ წყალი დაბინძურებისა და აუზის ბინადრები ინფექციებისგან დავიცვათ, აკრძალულია მათი ხელით შეხება ან საჭმლის მიწოდება".

დელფინარიუმში სამხრეთამერიკული ზღვის ლომებიც ცხოვრობენ. უკვე პატარებიც შესძენიათ. ზღვის ლომები დელფინებზე არანაკლებ მოსიყვარულე და გონიერი არსებები არიან. სულ ადამიანებთან ყოფნა უნდათ. ერთ დღეს ზღვის ლომებს ვოლიერში იატაკის მოსარეცხი ონკანი შემთხვევით მოუშვიათ, სასწრაფოდ მოსულა მწვრთნელი და წყალი დაუკეტავს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ აჩუხჩუხებულა წყალი ვოლიერში, ისევ მისულა მწვრთნელი და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ლომები ეშმაკობაში არ გამოიჭირეს. თურმე განგებ უშვებდნენ წყალს, რომ ადამიანებთან ახლოს ყოფილიყვნენ. მომვლელებიც იძულებული გახდნენ, წყლის ჩამკეტი მოეხსნათ და ჯიბით ეტარებინათ.

დელფინარიუმს ხალხი არა მხოლოდ სანახაობისთვის, თერაპიის მიზნითაც აკითხავს. წყლის ეს ულამაზესი ბინადრები ხომ ადამიანებს სიცოცხლის სიყვარულით ავსებენ.