"მეშინოდა, დიახაც მეშინოდა!" - კვირის პალიტრა

"მეშინოდა, დიახაც მეშინოდა!"

"ია ფარულავას კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის"

მას შემდეგ, რაც "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, უამრავი ისეთი ფაქტი გამოაშკარავდა, რაზეც ადრე თანამშრომლები ვერ ან არ ლაპარაკობდნენ. "დღის შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, დოდო ხურცილავამ (დოდოშკა) ცენზურაზე დაიწყო ლაპარაკი და თქვა, რომ აზრს თამამად ვერ გამოთქვამდა.

- ყოველთვის ვიცოდი, რისი თქმა შეიძლებოდა და რისი არა და ეს დისკომფორტს, რა თქმა უნდა, მიქმნიდა, თუმცა, არა იმდენად, რომ თანამშრომლებს შორის ურთიერთობაზე ასახულიყო. რა დრო იყო, ხომ იცით? პრობლემა ჩემს ძმისშვილს შეექმნა. ალბათ, იცით, ჩემი ძმა მსახიობი ჯაპანაა.

მეშინოდა, ჩემი ძმისშვილი ციხეში არ გამოემწყვდიათ. 2 წლის წინ მას  ინციდენტი შეემთხვა, რომელიც ნარკოტიკს უკავშირდებოდა და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ციხიდან რომ დაგვეხსნა, გარიგება შედგა.  ამას კი ფული სჭირდებოდა, ამიტომ ჩემი ბინა, ჩემი ძმის ცოლის ბინაც ბანკში დავაგირავეთ. ამას გადახდა ხომ უნდოდა? ამიტომაც დავთანხმდი ამ გადაცემაში მუშაობას. დიდხანს ვფიქრობდი, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვიცოდი, სად ვყოფდი თავს... თუმცა, მერე ძალიან მესიამოვნა, ხალხის სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, თანაც, იმ  თანხას ვიღებდი, რაც ძალიან მჭირდებოდა. ახლა არ ვიცი, რა მეშველება. ყველას გვინდოდა, რაღაც გვეთქვა, მაგრამ არ შეგვეძლო, ვიცოდით, ამას რაც მოჰყვებოდა, - მინიმუმ სამსახურიდან წასვლა, მაქსიმუმზე აღარც მინდა ლაპარაკი. ყველას ჰყავს ოჯახი, არ შეიძლება ამის გამო საყვედური გვითხრათ, ბოლოს და ბოლოს, ყველას გვაქვს მუშაობის უფლება.

- თქვენზე უშუალოდ იყო ზეწოლა, რომ ამა თუ იმ თემაზე აზრი არ უნდა დაგეფიქსირებინათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა, როდესაც ციხის ვიდეოფირი გავრცელდა, პირდაპირ ეთერში ვთქვი, ეს სააკაშვილის ბრალია-მეთქი. ამაზე მეტი რაღა მეთქვა? უკვე ვერც მე ვიკავებდი თავს და ვერც პროდიუსერები გვაკავებდნენ. ჩვენი პროდიუსერი, ქალბატონი ავრიტა ჯანაშია, იმ დილით მკვდარი მოვიდა სამსახურში. ის, რომ არ მუშაობ ოპოზიციურ ტელევიზიაში, არ ნიშნავს, რომ მოქალაქე არა ხარ!

- მას შემდეგ, რაც "მაესტროს" ეთერში გამოხვედით, ია ფარულავამ მწვავედ გაგაკრიტიკათ და ინტრიგანიც გიწოდათ.

- მართალი გითხრათ, სრულებით არ მაინტერესებს მისი აზრი. რაც უნდა, ის თქვას. მე როგორც ვიცი, მასაც საკმაოდ მწვავე პასუხები გასცეს. ქალბატონი იას კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

- განახლებულ "იმედთან" თანამშრომლობაზე ფიქრობთ?

- ძალიან მინდა ჩვენი თანამშრომლობა შედგეს. ახლა ხომ მაინც შევძლებ, რაც მსურს, ის ვილაპარაკო. თუ გნებავთ, დღევანელ მთავრობასაც გავაკრიტიკებ, თუ ამის საჭიროება იქნება და მშვიდად ვიქნები, რომ სამსახურიდან არ გამაგდებენ.  როცა ოპოზიციურ არხზე მუშაობ, იქ მთავრობის გაკრიტიკება ადვილია. 1937 წლის მოვლენებზე იყო გადაცემა და მაშინ ისეთი კომენტარი გავაკეთე, ხალხს ეგონა, დღევანდელობაზე ვლაპარაკობდი. ამის გაკეთება ცოტა რთულია, როცა პირდაპირ არ შეგიძლია თქმა და ამისთვის შემოვლითი გზები გჭირდება. ვცდილობდი, ისე გამომეხატა პროტესტი, არავინ მომდავებოდა.

არ მესიამოვნა, როდესაც გმირი მიწოდეს იმის გამო, რომ  ავლაპარაკდი. ტელევიზიაში რომ მიდიხარ და საჯაროდ აცხადებ, რომ გეშინოდა, ესაა გმირობა? მეშინოდა, დიახაც მეშინოდა!  ბებია და ბაბუა 37 წელს დაიჭირეს. რაღაცას რომ ვიტყოდი კომუნისტებზე, ბებია გამაჩერებდა, ჩუმადო. ვეკითხებოდი, რისი გეშინია-მეთქი და იცით, რას მპასუხობდა? ღმერთმა დაგიფაროს, გაიგო, რა არის ნამდვილი შიშიო.

- თქვენ გაიგეთ, რა არის ნამდვილი შიში?

- სამწუხაროდ, გავიგე. ორი წლის წინ ჩემი 17 წლის ძმისშვილი ციხეში რომ მოხვედრილიყო, არ ვიცი, რა ბედი ეწეოდა ან ცოცხალი გამოვიდოდა იქიდან? ანდა თავს იცოცხლებდა?  17 წლის ბიჭი ასეთი ციხისთვის როგორ უნდა გამეწირა?

ქეთი საგინაშვილი