"გოლზუორთების საგა" - კვირის პალიტრა

"გოლზუორთების საგა"

ორი კვირის წინანდელ ნომერში, "50 წიგნის" პროექტით გათვალისწინებულ ჯონ გოლზუორთის "ფორსაიტების საგის" საპრეზენტაციო წერილში მკითხველს "შევუთანხმდი", შემდეგ წერილში გოლზუორთის პირად ცხოვრებაზე უფრო მეტი გავიხსენოთ-მეთქი. მით უმეტეს, რომ რომანის პირველი ნაწილი უკვე მისულია მკითხველამდე და გასულ კვირას ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე წაიკითხა.

მაშ, ასე: ადა გოლზუორთი - დიდი მწერლის მუზაც, მენეჯერიც, კრიტიკოსიც და საყვარელი მეუღლეც.

როგორც ვთქვით, ადამ გოლზუორთის გვარი არა ჯონისგან, არამედ მისი ბიძაშვილის, მაიორ ართურ გოლზუორთისგან მიიღო და სწორედ იმ ქორწილში დაადგა თვალი ჯონმა რძალს. ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ კი, პირველივე შეხვედრაზე მიხვდა, რომ უყვარდა ადა, ნაძალადევი ქორწინებით გულმოკლულმა ქალმაც სიყვარულით უპასუხა და... ასე დაიწყო "გოლზუორთების საგა".

კაცმა რომ თქვას, ადას პირველ ქორწინებას "ნაძალადევი" კი არა, უფრო "დაგეგმილი" შეიძლება ეწოდოს, - 4 წლის განმავლობაში დედასთან ერთად უცნაურ მოგზაურობაში იყო, რომლის ერთადერთი მიზანი... ქმრის "შოვნა" გახლდათ! ამ დროის განმავლობაში მათ ინგლისსა და უელსში 74(!) ქალაქი მოიარეს და ბოლოს კინგსტონ-ჰილში, გოლზუორთების მშობლიურ ქალაქში მიაგნეს ართურს.

ადა 1864 წელს იყო დაბადებული, ე.ი. ჯონზე 3 წლით იყო უფროსი, მაგრამ დაბადების წლად ყოველთვის 1866-ს უთითებდა. არა "ქალური ჩვევის" გამო, რომ წლები მოეკლო, არამედ იმიტომ, რომ თავის ნამდვილ დაბადების დღედ იმ დღეს თვლიდა, როდესაც ქორწინების გარეშე შობილი გოგონა დედამისის მეგობარმა, ექიმმა კუპერმა იშვილა და გვარიც მისცა. ექიმ კუპერის ანდერძისამებრ უქირავეს მისი სიკვდილის შემდეგ მუსიკის, სიმღერის, ცეკვის, ხატვის მასწავლებლები და ნიჭიერმა გოგონამაც ყველაფერი შეისწავლა, თუმცა, მამობილს იმდენი ქონება არ დაუტოვებია, რომ ღირსეული მზითევისთვის ყოფილიყო საკმარისი.

ასე იყო თუ ისე, უსიყვარულოდ გათხოვილი ადა და მაშინდელი ინგლისის მაღალი წრის ჩვეულ ცხოვრებაში ჩაფლული, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან ახალდაბრუნებული ჯონი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და თავდავიწყებაც დაიწყო. ჯონმა დაუნანებლად გაცვალა მდიდრული სადილები, ნადირობა, იურისპრუდენციის შესწავლა, მოგზაურობები და "კარგი ცხოვრების" სხვა ატრიბუტები პატარა დაქირავებულ ბინაში ცხოვრებასა და ნაცნობთა ქილიკზე "რძალ-მაზლის" უზნეო კავშირის შესახებ. ადას ქალური ხიბლის გარდა, ჯონისთვის გადამწყვეტი ისიც გახდა, რომ ადა პირველი იყო, ვინც მასში მწერალი დაინახა და, ფაქტობრივად, "დააძალა", რომ მწერალი გამხდარიყო.

თანაც, თავისთვისაც და ადასთვისაც მოულოდნელად, აღმოაჩინა, რომ ყოფითი სიკეთეებიდან მცირედით დაკმაყოფილებაც შეეძლო: უკვე ნახსენები პატარა ბინა, არცთუ მდიდრული ტანსაცმელი და ერთცხენიანი ეტლი, რაზეც იმის მიუხედავად, რომ შვილის საქციელით აღფრთოვანებული არ იყო, მამამ უარი მაინც არ უთხრა. მით უმეტეს, რომ სწორედ მამის პატივისცემის გამო ოფიციალურად ადა ჯერ კიდევ ართურ გოლზუორთის ცოლი იყო, ხოლო ჯონ გოლზუორთი - მარტოხელა ახალგაზრდა.

წყვილი ერთმანეთს მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ხვდებოდა და ერთადაც ცხოვრობდნენ. რადგან ერთი გვარი ჰქონდათ, სასტუმროებში პრობლემა არ ექმნებოდათ, ამიტომ მოიარეს ერთად იტალია და საფრანგეთი. სწორედ იქ ისმენდა ადა ჯონის პირველ ნაწარმოებებს, საკმაოდ მწვავედაც აკრიტიკებდა და საჭირო რჩევებსაც აძლევდა.

1902 წელს ადა ქმრის სახლიდან წამოვიდა (ოღონდ ეს ჯერ არ იყო გაყრა) და ჯონისგან რამდენიმე წუთის სავალზე დასახლდა. უკვე თითქმის აღარაფერს მალავდნენ, ხოლო 1904 წელს, როდესაც ჯონის მამა გარდაიცვალა, ისინი უკვე დაუფარავად, ერთად გაემგზავრნენ ჯერ სოფელში, მერე კი იტალიაში - უპირველესად ართურის დასანახად, რომელიც აქამდე უარობდა განქორწინებას. ამ "ხერხმა" გაჭრა და ათწლიანი სიყვარულის შემდეგ, მათ შეძლეს ოფიციალურად დაქორწინება.

არავინ იცის, "აკრძალული ხილის სიტკბო" აღარ ჰქონდა მათ ცხოვრებას თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ის, რაც ქორწინების შემდეგ დაიწყო, ვერ შეედრებოდა მათ წინანდელ ბედნიერებას. არა, არ ჩხუბობდნენ და სკანდალებს არ უწყობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ადა უცებ გადაიქცა "თვითმპყრობლად" - ის სამსახური, რომელიც ჯონს გაუწია, შემდეგ ძმრად ამოადინა. იქნებ ეს ქართული გამოთქმა არც შეეფერება ვითარებას, მაგრამ თავად განსაჯეთ: ადა მოითხოვდა, ჯონი არ წასულიყო იმ წვეულებაზე, სადაც მისთვის არასასურველი ხალხი იყრიდა თავს (თუნდაც მის გარეშე ყოფილიყო მისასვლელი), თვითონ არჩევდა დასასვენებელ ადგილებს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ როგორც ერთი მეგობარი იხსენებდა, ბანქოს ან სხვა თამაშსაც კი ისეთს ირჩევდნენ, რომელშიც წინასწარ იცოდნენ, რომ ადა გაიმარჯვებდა.

შედეგი, ცხადია, ლოგიკური დადგა: 44 წლის ჯონ გოლზუორთის ქორეოგრაფი და მოცეკვავე მარგარეტ მორისი შეუყვარდა და იმის მიუხედავად, რომ სიყვარული ზედმიწევნით "პლატონური" იყო, ადასთვის ეს ტრაგედიად იქცა.

მაგრამ ადამ ყველაზე უკეთ იცოდა ჯონის დაბრუნების "წამალი". მას არ მოუწყვია ისტერიკა და არც ნამუსზე შეუგდია ქმარი, უბრალოდ ავად გახდა და ამან გაჭრა, - სულ მალე ჯონმა მარგარეტს მისწერა: "ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ავაგოთ... ადა ვერ გამოკეთდება, სანამ ჩვენ შორის ყველაფერი არ დამთავრდება. დამივიწყეთ და მაპატიეთ".

ადაც, ცხადია, გამოკეთდა... და ბედნიერი იყო ჯონის წარმატებით; ბედნიერი იყო მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებითაც - 1932 წელს, მწერლის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე... თვითონ ღრმა სიბერემდე იცოცხლა...

ვინ იყო ადა გოლზუორთი - მწერლის კეთილი ანგელოზი თუ "ენერგეტიკული ვამპირი"? "გაუმწარა" თუ "დაუტკბო" ცხოვრება? ბიოგრაფები დღემდე დაობენ, მაგრამ იქნებ ერთი კაცის - ჯონ გოლზუორთის ტკბილი თუ მწარე ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით, რაც ადას გარეშე ვერც კი დაიბადებოდა - მწერალი ჯონ გოლზუორთი!