ანცი მერი და პრემიერი... - კვირის პალიტრა

ანცი მერი და პრემიერი...

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში ინფორმაციის ტრანსფორმაციაზე ვწერდით. ეს ტრანსფორმაცია სხვა მიმართულებებითაც გრძელდება და ისე სწრაფად, რომ არ გამოვრიცხავთ, მაგალითად, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა უფლებადამცველი ორგანიზაცია შექმნან და ციხეებთან პოლიტპატიმარ” ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გამართონ. ტრანსფორმაცია განიცადა თბილისის მერმაც. “ახალი”უგულავა “ძველი” უგულავასგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ სკანდალებში ეხვევიან ხოლმე. მაგალითად, 2010 წელს “ძველ” უგულავაზე  წერდა მედია, თუ როგორ ამშობიარა ცოლი ავსტრიაში 12 ათას დოლარად. ასევე, ინტერნეტსივრცეში ჰიტად იქცა  ფოტოები, რომელიც ასახავდა, თუ როგორ გულაობს” ჯერ კიდევ უდარდელი უგულავა ნახევრად შიშველ მანდილოსნებთან.

ზოგჯერ სკანდალი უფრო სერიოზულ სახესაც იღებდა. მაგალითად, ტელეკომპანია "მაესტროს" "კვირის რეპორტაჟში ”1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ “საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ ლაპარაკს და ზოგჯერ ყვირილსაც.  უფრო ძველ ამბებზე არაფერს ვიტყვით - მაგალითად, იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ზოგჯერ მეთაურები მითითებებს გენერლებისგან კი არა, უგულავასგან იღებდნენ.

ადრე თუ“ძველი” უგულავა სკანდალებში მედიის "მონდომებით" ეხვეოდა, ახალი თავისი ინიციატივით აწყობს სკანდალებს. ტრანსფორმაციის შემდეგ, მერს თბილისელებზე ზრუნვის გრძნობა გაუჩნდა და ახალ მთავრობას სხდომაზე შეეჭრა. პრემიერმა ანცი მერი სხდომათა დარბაზიდან გაისტუმრა, სამაგიეროდ, უგულავა საღამოს ნაღვლიანი თვალებით ჰყვებოდა, თუ როგორ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს 600 ათასი თბილისელის ბედი, რომლებიც სოციალური პროგრამებით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ. მერიას კი ფული არ აქვს, უფრო მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდა.

ზოგიერთი ინტრიგანი კი იტყვის, რომ კარგი იქნებოდა, კანცელარიისკენ მიმავალ უგულავას #2 ავტოპარკში შეევლო და ავტობუსების გაფიცულ მძღოლებს დალაპარაკებოდა, მაგრამ ასეთ ინტრიგანებს ჩვენ დღეს ყურადღებას არ მივაქცევთ.

აფსუს! ეს ტრანსფორმაცია უგულავას ორი წლის წინ რომ განეცადა და საკრებულოს იმ სხდომაზე შეჭრილიყო, რომლის გადაწყვეტილებითაც დენი ნაგავს გადაება, თბილისის ორი მილიონი მცხოვრები ნამდვილად შვებით ამოისუნთქავდა.  მერს მთავრობის სხდომაზე დემარშის მოწყობა მაშინაც შეეძლო, როდესაც 2010 წლის დეკემბერში წყლის ტარიფი გაძვირდა - მაშინდელი პრემიერი გილაური ნამდვილად ვერ გაუბედავდა უგულავას:”აბა, მიბრძანდი აქედანო.

საერთოდ არსად შეჭრა არ დასჭირდებოდა უგულავას, თავისივე კაბინეტში შეეძლო დაესვა კითხვები ზოგ-ზოგიერთებისთვის (და პირველ რიგში თავისი თავისთვის), როგორ შეძლეს ობშორებში ერთ დღეს დარეგისტრირებულმა კომპანიებმა ჯერ სამარშრუტო გადაყვანაზე ტენდერის მოგება, შემდეგ ერთ კომპანიად გაერთიანება და მონოპოლიის დამყარება, მერე კი ტარიფის 80 თეთრამდე გაძვირება.

მიესადაგება თუ არა უგულავას შემთხვევას გამოთქმა - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თავად გადაწყვიტეთ. ისე, არ არის გამორიცხული, რომ თბილისის მერის ბოლოდროინდელ ჰიპერაქტიურობას სტიმულს 2013 წლის შემოდგომით დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აძლევდეს. "ნეტარ არიან მორწმუნენი".