მთავარია გუდამაყარი ცოცხლობდეს სამარადისოდ - კვირის პალიტრა

მთავარია გუდამაყარი ცოცხლობდეს სამარადისოდ

ხუთი წლის წინ 16 ნოემბერს გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისში დუშეთის სახალხო თეატრი ჩამოვიდა და შაბათს, 6 საათზე სამეფო უბნის თეატრში გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - "შემინახე დედაო მიწავ" წარმოადგენს. განსაკუთრებული სიყვარულით თამაშობენ დუშელები ამ სპექტაკლს, განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ გოდერძი ჩოხელს, რომელიც ახლა სამთავროს მონასტრის ეზოში განისვენებს, მის საფლავს კი უმშვენიერესი თეთრი ზვარაკი ამშვენებს...

იქნებ ზვარაკადაც გრძნობდა თავს, როცა მიხვდა, როგორ ნელ-ნელა იწირავდა ქალაქი სოფელს, როგორ თვალსა დ ახელს შუა იძარცვებოდა ზარის ხეები, როგორ ინგრეოდა სახლები მთაში და როგორ შეჰღაღადებდნენ ზეცას სახურავის გარეშე დარჩენილი, ირგვლივ კედლებმოშლილი გულთაბოძები.

გოდერძის ყველაზე მეტად ამ ნგრევისა და დაცარიელები შეჩერება უნდოდა...

გასულ წელს საბოლოოდ ჩამოინგრა მისი სკოლა, შენობა, რომელიც უყვარდა, რომელთანაც ფილმიც აქვს გადაღებული. ამ შენობის გადარჩენაზე ბევრი იფიქრეს იქაურებმა, მაგრამ იმდენად იყო დაზიანებული, არაფერი ეშველებოდა, მისი გამაგრება, ან შეკეთება შეუძლებელი იყო...

ამ სკოლის კედლებს ბევრი რამ ახსოვდათ: გოდერძის გაცდენილი გაკვეთილები და მისი მოუსვენარი ყოფნა საკლასო ოთახში. გოდერძის, ცხადია, უყვარდა თავისი სკოლა, მაგრამ სადარდელს რომ მიეცემოდა, ჯერ სოფლებს დარდობდა, იმათ დაცლილ სახლებს და გაუკაცრიელებულ ეზო-კარმიდამოებს. მთავარი სატკივარი აქ იყო, მთავარი ყურადღებაც ამას სჭირდებოდა...

გოდერძის სკოლის ბედი თითქოს სიმბოლურია მთელი ჩოხისათვის: ჯერ დაიცალა, მერე დაზიანდა და ბოლოს დაინგრა კიდეც...

ცოტანი დარჩენილან გუდამაყარში და ვინც არიან - სულ ორი-სამი კაცი - წამოყუდებული მთები და ცას ჩამოკიდებული სოფლები იმათ ამარაღა ფეთქავენ. ორი-სამი და თან მოხუცი გუდამაყრელი თავის სახლს ძლივს გადათოვლიდა, აბა ყველა სახლს რას გასწვდებოდა... იმათ ვაჟკაცობას ქედი უნდა მოვუხაროთ, რომ ის რამდენიმე კერა მაინც არ ჩააქრეს! მაგრამ... საქმე, მოგეხსენებათ, თავისას მოითხოვს, სოფელს მხოლოდ ის თუ გადაარჩენს, რომ ხალხი დაბრუნდეს საცხოვრებლად... უგზოობა კი ამ იმედს თითქმის ასამარებს. გუდამაყრის ხეობა სიგრძეში სულ 20 კილომეტრამდე ყოფილა. მთის უმკაცრეს პირობებს შეჭიდებულ ადამიანებს ხანგრძლივად უხდებათ გარესამყაროდან მოწყვეტილი ცხოვრება. ხიდების არარსებობის გამო კი, არაერთი ჩავარდნილა და დამხრჩვალა ადიდებულ არაგვში. სოფლის მეურნეობის სამუშაოებსაც მამა-პაპის მსგავსად - ხარების გუთნით თუ გაართმევენ თავს. სკოლა კილომეტრების იქით აქვთ ბავშვებს... ან ბავშვები სადღა არიან, მოხუცების ამარაა მიტოვებული ჩოხიც, როგორც არაერთი ქართული სოფელი მთაში...

ჰოდა, დაინგრა გოდერძის სკოლა - დაინგრა გამაფრთხილებლად: ერთ დღეს შეიძლება თვალსა დ ახელს შუა ასე ჩამოგვენგრეს ქვეყანაც... საქართველო ხომ ყოველთვის გლეხის მაგარ ზურგზე იდგა, იმისი გამრჯე ხელებით იმართებოდა წელში... თორემ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო, - ქართველ კაცს უთქვამს. ცარიელ სოფელსაც იგივე მოელის. იქ, თავისთავად დასანგრევად განწირული იქნება ის, რითიც ვამაყობთ, რასაც უნდა ვუვლიდეთ და შევხაროდეთ...

გოდერძის საფლავს თეთრი ბატკანი აქვს ამოკვეთილი - შორიდან გხვდება თვალში იმისი თოვლივით სითეთრე... ასეთი სული ჰქონდა თავად მწერალსაც - ბავშვური, უმტვეროდ თეთრი... მისი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით დუშეთის თეატრმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა გუდამაყრელი მოთხრობები სცენაზე... ეს ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ გაახსენებს ყველას, რომ მთავარია თვითონ გუდამაყარი ცოცხლობდეს სამარადისოდ, - ამას ფიქრობდა, და არა მარტო გუდამაყარზე, გოდერძი ჩოხელი.

(სპეციალურად საიტისთვის)