"სხვის კომპიუტერში შეძრომით ამათ თავი დაკარგეს" - კვირის პალიტრა

"სხვის კომპიუტერში შეძრომით ამათ თავი დაკარგეს"

"ყველაფერი, რაც ხდება, დიდი ფართხაფურთხია შიშის გამო"

"ყოფილ ხელისუფლებაზე იმდენი რამ შეიძლება გავიგოთ, რომ თმა ყალყზე დაგვიდგეს"

ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას სააკაშვილის გუნდი პოლიტიკური ნიშნით დაჭერებად აცხადებს და მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობს გამარჯვებული გუნდის შურისძიებაზე. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში ახალი ხელისუფლება და საზოგადოების რა პოზიცია იქნება სწორი, ამაზე პოეტი რატი ამაღლობელი გვესაუბრება:

- არავის დაჭერა არ მახარებს, პირიქით, ძალიან მძიმეა, მაგრამ არ შეიძლება სამართალი შერჩევითი იყოს. შერჩევითი სამართალი სწორედ ის იქნებოდა, ახალ ხელისუფლებას რომ ეთქვა, რადგან დამნაშავეები ყოფილი ხელისუფლების წევრები არიან, არ წარდგნენ სასამართლოს წინაშეო. რაც დღეს ხდება, გარემოებებს მოაქვს. ახალ ხელისუფლებას ჯერ ვერ ვატყობ პირად ვნებებს (რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას), რომ ჩაუსაფრდნენ კონკრეტულ პირებს და მათი დევნა დაიწყონ. სახელმწიფო ვერ დაუშვებს შერჩევით სამართალს, მაგრამ არც ვინმეს დასჯა უნდა იყოს თვითმიზანი.

ხალხი თავისუფლებას გრძნობს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სილაღეა საზოგადოებაში. სისხლის სამართლის კოდექსს რომ თავი დავანებოთ, ხალხს ბუნებრივი განცდა აქვს იმისა, რომ არის თავისუფალი, მშვიდად ლაპარაკობს ტელეფონზე, ადრე კი ამის შიში ჰქონდათ, რადგან მისი პირადი ცხოვრება დაუცველი იყო. უამრავი მოქალაქე დაზარალდა 9 წლის განმავლობაში. ამას რა უნდა ვუყოთ? როდესაც ადამიანი კანონიერად ითხოვს სამართალს, ვთქვათ, რომ ეს შერჩევითი სამართლის მოთხოვნაა? ვუთხრათ, ვისზეც ჩივით, ისინი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ამის გამო ჩვენ უძლური ვართ რამე გავაკეთოთო?!

- როდესაც ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, მალულად უსმინოს, აკონტროლოს მიმოწერა, ეს მის მანკიერ ბუნებაზე მეტყველებს თუ ძალაუფლების დაკარგვის შიშზე?

- ალბათ, ეს ყველაფერი ერთად არის. როდესაც ადამიანის განცდები დამოკიდებულია სხვათა ცხოვრებაზე, მათზე ინფორმაციის შეგროვებასა და მიყურადებაზე, ამით  ის საკუთარ თავს და შეხედულებებს კარგავს. ეს ახასიათებდა ამ რეჟიმს, რომელმაც დაკარგა ხალხიც და საკუთარი თავიც იმით, რომ შემძვრალი იყო სხვის კომპიუტერში, მობილურში, სხვის ყურმილსა და პირად ცხოვრებაში. მათი ხედვით ხომ ყველა ოპონენტი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი იყო და თხრიდა გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე. ეს უკვე ფსიქოზია, რომელიც თავიდან თითქოს თამაშითა და საქმის შეკერვით იწყება და მერე მიდის საზოგადოებისა და ხელისუფლების ფსიქოზამდე.

სააკაშვილი ახლა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი გუნდი, იზრუნოს  თანაგუნდელებზე არა იმიტომ, რომ იქ გუნდურობის პრინციპია, არამედ იმიტომ, რომ თუ არ იზრუნებს, იმდენი რამ შეგვიძლია გავიგოთ მათზე, შეიძლება თმა ყალყზე დაგვიდგეს.

-  პატრიარქმა თქვა, არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს საკუთარი ხალხის ოპოზიციაშიო.

-  პრეზიდენტი ოპოზიციაშია თავისი რეზიდენციით, თვითმფრინავით,  ძალაუფლებითა და კონსტიტუციით. პრეზიდენტს  წამოცდა, ოპოზიციაში ვარო. ფროიდს საინტერესო ნაშრომი აქვს მიძღვნილი ამგვარი წამოცდენებისათვის. ამ კუთხით თუ განვიხილავთ პრეზიდენტის ნათქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ ის ოპოზიციაში გადაბარგდა. სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტია და ესეც დაახლოებით ამ კონტექსტში განსახილველი თემაა. თუმცა, სააკაშვილი არჩევნებამდეც უკვე წარსული იყო თავისი პოლიტიკით, ქმედებებითა და ხედვით.

-  ჩვენ გავხდით მომსწრე, როგორ გამოაცხადეს ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანად.

- მაგრამ აქ ერთი სხვაობაა - ყველა შეთქმული რომ დაიჭირეს, მერე მივიდა და ჩაჰბარდა მტერს ცოტნე დადიანი, ბაჩო ახალაია კი პირველი დაიჭირეს. თუ ცოტნეობა უნდოდა, ბაჩო ახალაიასაც უნდა დაეცადა, როდესაც მთელ მის გუნდს დაიჭერდნენ და მერე მისულიყო პროკურატურაში.

- ამ ლოგიკით ცოტნე დადიანად ქცევის შანსი გიგი უგულავას უფრო აქვს, რომელმაც შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრების გამო ვიზიტი შეწყვიტა იტალიაში. მით უმეტეს, ამბობენ, პროკურატურა მისი საქმიანობითაც დაინტერესდებაო.

- ყველაფერი, რაც ხდება, დიდი ფართხაფურთხია შიშის გამო.  მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ ადრე უნდა ეზრუნათ ამაზე. ახლა გვიანია.

- რას ისახავდა მიზნად თბილისის მერის დაუპატიჟებლად მისვლა მთავრობის სხდომაზე?

- მან აჩვენა, რომ პენსიონერთა, შეჭირვებულთა, უმწეოთა და დამაშვრალთათვის მებრძოლია. მის განცხადებებსა და ქმედებაში მაჰათმა განდის იდეოლოგიის ელემენტები ჩანდა, რაც სასაცილო და უხერხული იყო. თითქოს მთავრობის სხდომაზე მივარდნილი ეს კაცი ბავშვობიდან მარხვაზე იყოს, უპოვართა ბედით იყოს დამაშვრალი, მაჰათმა განდივით ღამეს კარავში ათენებდეს და ვითომ მიუვარდა იმ ხალხს, ვისაც 9 წელი არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის.

- ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას მოითხოვენ.

- ეს თემა საზოგადოების განხილვის საგანი უნდა გახდეს. ამას ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა ვერ გადაწყვეტს. ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავიანთი შეცდომების რევიზიას მოახდენენ და ამის შემდგომ დარჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, არა მგონია, პოლიტიკაში დარჩენა შეძლონ. თვითონ პრეზიდენტის სკამმა და ამ კაცმაც თავისი ფუნქცია დაკარგა. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა ეცადოს, მომავალზე იყოს ორიენტირებული და არა ჩასაფრებაზე. ხელისუფლება კი არის იმ გამოწვევის წინაშე, რომ არც ერთი პროცედურა არ დაარღვიოს, სკრუპულოზურად გაჰყვეს კანონის მოთხოვნებს. ყველაზე მეტი გამოწვევა ახლა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს. ხალხს სამართლიანობისა და სტაბილური განვითარების მოლოდინი უნდა ჰქონდეს. საზოგადოება ნახტომებით კი არა, სტაბილურად უნდა განვითარდეს. ქვეყანა ბუნებრივი განვითარების ჩვეულ გზას უნდა დაუბრუნდეს. ვფიქრობ, ეს ხდება და იმედია, არ მეშლება.