ტკივილით დატანჯული ბიჭის ისტორია - კვირის პალიტრა

ტკივილით დატანჯული ბიჭის ისტორია

"კომპიუტერში მოუძებნია, - რეინოს სინდრომი განგრენას იწვევსო. სასოწარკვეთილმა გვითხრა, - სანამ ეგ დამმართნია, ხელ-ფეხი მანამდე მომაჭერითო"

შვილის გამო დადენილი დედის ცრემლი მძიმე სანახავია - რაც მეტად ცდილობ, როგორმე დაივიწყო, მით უფრო მწარედ გახსენებს თავს...

რედაქციაში ორი ქალბატონი მოვიდა. დასხდნენ, თავისი ამბის მოყოლა დაიწყეს და ცრემლები თავისით წამოუვიდათ.

შვიდი წლის წინ ბუხრაძეების ოჯახი ხარობდა და ორ ბიჭს ზრდიდა. უმცროსმა ლევანმა, - ქართლში, ბებოსთან მოინდომა წასვლა. გაუშვეს, - ბებოსთან ყოფნაზე უკეთესი ხომ არაფერია. მაგრამ ერთხელაც ბიჭს მეზობლის ფინიამ კბილი გაჰკრა. შეშინებულმა ბებომ ბიჭი სასწრაფოდ გორში ჩაიყვანა, იქ კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს და ჯოჯოხეთიც დაიწყო, - აცრისთანავე  ლევანს ტანზე გამონაყარი გაუჩნდა და სახსრების ტკივილიც დაეწყო.

ბებიას  ალერგია ეგონა, - გაუვლისო. მაგრამ სამი კვირის შემდეგ, როცა ბიჭი თბილისში დაბრუნდა, მისმა ნახვამ მშობლები შეაძრწუნა - ბიჭს მთელი ტანი ისეთი შეშუპებული და გაწითლებული ჰქონდა, თითქოს უთოთი დაუწვესო. ალერგოლოგმა, - ეს შრატისგან გამოწვეული ალერგიააო და   მთელი წელიწადი ალერგიის საწინააღმდეგო წამლები აძლია, თუმცა გამონაყარი და შეშუპება არა და არ ქრებოდა. მომდევნო წელიწადს უარესი მოხდა, - როგორც კი ოდნავ აცივდა, 12 წლის ბიჭს დასივებული სახსრები აუტანლად ასტკივდა და დეფორმაცია დაეწყო... ამასობაში კი მშობლებს ექიმიდან ექიმთან დაჰყავდათ. ექიმები ურთიერთსაწინააღმდეგო  დიაგნოზს სვამდნენ და მკურნალობაც თავიდან იწყებოდა, ბიჭის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა - ერთ დღესაც ბიჭს შესივებული თითები კი აღარ გაუწითლდა, არამედ უცნაურად გაუიისფრდა და სახსრების დეფორმაციაც აშკარა გახდა, რამაც ლევანი სრულ სასოწარკვეთაში ჩააგდო...

აი, ეს ამბავი მოვისმინე ამ ორი ქალბატონისგან და სასოწარკვეთილმა ვკითხე:

- კი მაგრამ, ამ უშველებელი ტკივილების ატანას ერთი პატარა ბიჭი როგორ ახერხებს-მეთქი?

- ჩვენ კი არაფერს გვეუბნება, მაგრამ მის თვალებში ხომ ვხედავთ, ხანდახან სიცოცხლეც აღარ უნდა, მაგრამ სხვა გზა   არც მას აქვს და არც ჩვენ. რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავარჩინოთ. ჩვენთვის ლევანის ავადმყოფობის ცქერაც კი ყველა ტანჯვას აღემატება, - სახსრები  ზამთარში ისე ეყინება, ხელებზე ცეცხლიც რომ მოეკიდოს, ვერ გრძნობს. რამდენჯერ გახურებულ გამათბობელზე დაუწყვია, დასწვია, მაგრამ ვერაფერი უგრძნია. ზაფხული კიდევ უფრო უარესია, ბიჭს სიცხისგან სახსრები ისე ეწვის, თუ ცივი ტილოები არ დავაფინეთ,  გაგიჟდება.

- რა თქვეს ექიმებმა - ამ დაავადებას რა ჰქვიაო?

- კარგა ხნის მსჯელობის მერე გვითხრეს, რეინოს სინდრომიაო. შინ უკვე ყველაფერი გაყიდული გვქონდა და კომპიუტერი როგორ გვექნება, ამდგარა ლევანი და ვიღაცის კომპიუტერში მოუძებნია, - რეინოს სინდრომი განგრენას იწვევსო. სასოწარკვეთილმა გვითხრა, - სანამ ეგ დამმართნია, ხელ-ფეხი მანამდე მომაჭერითო. მერე კი დეპრესიაში ჩავარდა, აღარც ჭამდა, აღარც სვამდა... თავის მოკვლა უნდოდა. ფსიქოლოგთან კი მივიყვანეთ, მაგრამ ვერაფერი უშველა. გვირჩიეს, - საზღვარგარეთ აუცილებლად გიშველიანო. ჩვენც გავგზავნეთ საბუთები ფრაიბურგის კლინიკაში. იქიდან კი ისეთი პასუხი მივიღეთ, იმედი დაგვიბრუნდა. მოგვწერეს, - ლევანის ეს დაავადება მეორადია, ანუ მას უსათუოდ იწვევს ორგანიზმში არსებული სხვა დაავადება, რომელიც აღმოსაჩენია და როცა ამას გამოვიკვლევთ, ლევანის მკურნალობა შესაძლებელი გახდებაო. რაც მთავარია, ისიც მოგვწერეს, რომ თუკი ლევანს იქ ჩავიყვანთ, ამას უსათუოდ გამოიკვლევენ.

ამ იმედის გარდა, ჩვენ უკვე  აღარაფერი გაგვაჩნია. არ ვიცით რატომ, მაგრამ გვჯერა, რომ მოხდება სასწაული, ხალხი დაგვეხმარება და ლევანს გერმანიაში წავიყვანთ.

...ამ ქალბატონებს მეტი აღარაფერი უთქვამთ. მეც უსიტყვოდ გამოვართვი საბანკო რეკვიზიტები,  რომელზეც ლევანის დასახმარებლად თანხა უნდა გადაირიცხოს (საქართველოს ბანკი: კოდი:

BAGAGA22 ბუხრაძე ლევანი; ანგარიში: GE59BG0000000383238600) და მაშინვე დავფიქრდი, - უკვე მერამდენედ ვხედავდი ისეთ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ ხალხის იმედი დარჩენია. ეს ბედნიერება როდია, მაგრამ თავად მაინც მრავალჯერ ვყოფილვარ ბედნიერი იმის ხილვით, რომ ეს იმედი არასოდეს ცრუვდება.