ახალი ხელისუფლების ახალი თავსატეხი! - კვირის პალიტრა

ახალი ხელისუფლების ახალი თავსატეხი!

დანაშაულებრივი ხელშეკრულება თბილისის წინააღმდეგ!

1 ლარად გასხვისებული 420 ჰექტარი მიწა

ახალ ხელისუფლებას წინამორბედისგან არაერთი თავსატეხი დახვდა. ზოგმა პრობლემამ თავი არ დამალა და "ახლებს", ალბათ, მომავალშიც მოუწევთ ბევრი ფიქრი "ძველების" შეცდომების გამოსწორებასა და იმ ნაღმების გაუვნებლებაზე, რაც მათ "კუდებივით" დატოვეს.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ამგვარი მოულოდნელობის წინაშე უკვე აღმოჩნდა მთავრობა, როდესაც შეიტყო, რომ დედაქალაქში ჩინელები ახალი პროექტის დაწყებას აპირებენ. ეს შემაშფოთებელი შესაძლოა არც ყოფილიყო, რომ არა ის უცნაური პირობები, რაზეც ქართული მხარე დათანხმებულა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელებისთვის მერიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 Hჰა მიწა 1 ლარად გადაუცია ჩინური კომპანიისთვის. მაშინ, როდესაც მიმდებარედ 1 კვმ მიწის ფართობი 25-40 დოლარამდე მერყეობს (?!). როგორც გავარკვიეთ, აქ ჩინელებს სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების აშენება აქვთ განზრახული.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ამხელა ფართობის 1 ლარად გადაცემას რა მოტივი ჰქონდა, ამაზე დედაქალაქის ხელმძღვანელობას, ალბათ, პასუხის გაცემა მოუწევს, მაგრამ აქ კიდევ ერთმა საკითხმა იჩინა თავი, - შევიტყვეთ, რომ ამ "პროექტის ფარგლებში" საქართველოში 125 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმება.

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი:

- თბილისის ზღვის მიდამოებში ასეთი დასახლების გაკეთება ყოვლად დაუშვებელია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დასახლდება იქ, გერმანელი, ჩინელი თუ ქართველი. თბილისის ზღვა არის სასმელი წყლის რეზერვუარი თბილისის მოსახლეობის 35%-ისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სანიტარიული ზონაა, ყოვლად დაუშვებელია იქ დასახლების აშენება. თბილისის ზღვაზე ისედაც გვაქვს პრობლემები იქ მდებარე სანატორიუმების გამო, რადგან იქ არ არის სათანადო საკანალიზაციო სისტემები, რაც საფრთხეს უქმნის თბილისის მოსახლეობას.

ჩვენთან სტუმრად იყვნენ ორგანიზაცია "გლობალური წყლის პარტნიორობის" წარმომადგენლები, რომელთაც ვაჩვენეთ თბილისის ზღვის გამწმენდი ნაგებობა და იქიდან გამოსულებმა სანაპიროზე ნავები რომ დაინახეს, აღშფოთება ვერ დამალეს, - თუ ამ წყალს სასმელად იყენებთ, აქ ნავები არ უნდა ცურავდნენო. ისედაც რამხელა პრობლემა გვაქვს და ამ გადაწყვეტილებით კიდევ უარესი ემატება. თბილისის ზღვის მახლობლად დასახლების გაჩენა უდიდეს პრობლემას შექმნის. ცალკე შესწავლის საგანია 1 ლარად 420 ჰექტრის გადაცემა. ეს  დანაშაულისა და ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

თბილისის ზღვაზე არსებული პრობლემების გამო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავით, რომ მის მიდამოებში ზოოპარკი გადასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკი მოცილებული უნდა ყოფილიყო ზღვის აკვატორიიდან.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას მე უმეცრებით ვხსნი. ეს არის არცოდნა, არგაგება იმისა, რა პრობლემები და საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამას. მცდარია მოსაზრება, რომ გარემოს დაცვა მხოლოდ მდიდარი ხალხის ფუფუნებაა. პირიქით, ამაზე ღარიბმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რადგან ასეთი გაუაზრებელი პროექტები უფრო ძვირი დაუჯდება ქალაქს. თბილისის ზღვა რომ დაბინძურდეს, რა დაჯდება ქალაქისთვის ალტერნატიული წყლის მოწოდება? ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს, რომ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - თბილისის ზღვის მიდამოებში საცხოვრებელი ტიპის დასახლების აშენება გამოიწვევს წყლის დაბინძურებას, რაც საფრთხეს შეუქმნის დედაქალაქის მოსახლეობის 35%-ს.

მარი ზანდუკელი