"თურქიშ ეარლაინსში" ცხოვრებაში აღარ ჩავჯდები..." - კვირის პალიტრა

"თურქიშ ეარლაინსში" ცხოვრებაში აღარ ჩავჯდები..."

მოგებას გამოკიდებულ ბიზნესმენებს მომხმარებელი აღარ აინტერესებთ!

"ძალიან ბევრი აღმოჩნდა "თურქიშ ეარლაინსისგან" "გადაგდებული," იძულებით რომ ტოვებდნენ სტამბოლში ღამის გასათევად"

თუ ქვეყნის გარეთ ხშირად მოგზაურობთ, შენიშნავდით, რომ საქართველოში ავიასერვისი მოიკოჭლებს. მწირია არჩევანი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მისაღებ ავიაკომპანიას შეარჩევ. მათი რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია, მომსახურება კი ძვირია და სერვისს არ შეესაბამება. სერიოზულ დისკომფორტს იწვევს ის ფაქტორიც, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში ფრენა, ძირითადად, სხვა ქალაქის გავლით და ღამით არის დანიშნული. იმის გამო, რომ ღამე თვითმფრინავის სალონში კი არა, სასტუმროში გაატარო, ხშირად იძულებული ხდები სხვა ქალაქის გავლით კი არა, სხვა ქვეყანაში შემოვლითი რეისით იმგზავრო. გრძელ გზასაც არა უშავს, თუ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით და უპრობლემოდ მიხვალ, მაგრამ თურმე, შესაძლოა აქაც იმდენი დაბრკოლება დაგხვდეს, რომ სამუდამოდ უარი გათქმევინოს რომელიმე ავიაკომპანიაზე. ისე, როგორც ეს დაემართა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, რომელმაც თბილისიდან ფრანკფურტამდე სტამბოლის გავლით "თურქიშ ეარლაინსით" იმგზავრა.

დავით ბეგიაშვილი: - ფრანკფურტში კონფერენციაზე დასასწრებად მივდიოდი ჩემი კომპანიის ორ წარმომადგენელთან ერთად. ორმხრივი მიმართულების, ბიზნესკლასის ბილეთები ავიღეთ. ორი არჩევანი გვქონდა: შეგვეძლო "ლუფტჰანზათი" გავფრენილიყავით მიუნხენის გავლით. ფრენა გვიან ღამით იყო და ისეთ დროს ჩავდიოდით ფრანკფურტში, რომ დასვენებასაც ვერ ვასწრებდით. Aამიტომაც ისევ "თურქიშ ეარლაინსი" ვარჩიეთ, მართალია, ამ შემთხვევაშიც უნდა გადავმჯდარიყავით, მაგრამ ფრანკფურტში ისეთ დროს ჩავდიოდით, რომ კარგად გამოძინებას მოვასწრებდით. სტამბოლში ჩაფრენიდან გადაჯდომამდე მხოლოდ ერთი საათი იკარგებოდა. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, თბილისიდან სტამბოლში რეისმა მთელი ნახევარი საათით დაიგვიანა. არ ვნერვიულობდით, რადგან ერთი ავიაკომპანიის მომსახურებით უნდა გვესარგებლა და ვიმედოვნებდით, რომ "თურქიშის" რეისის თბილისიდან დაგვიანებას სტამბოლი-ფრანკფურტის რეისზეც გაითვალისწინებდნენ. ამის გამოცდილება სხვა კომპანიებთანაც გვქონდა და გადაჯდომა არასდროს ყოფილა პრობლემა.

ტრაპთან გვხვდებოდა ხოლმე პიროვნება, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ გასასვლელამდე. ან ახსნა-განმარტებას გვაძლევდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ გადაჯდომა არ დაგვიანებულიყო. ამ შემთხვევაშიც გვეგონა, იგივე მოხდებოდა. აეროპორტში არავინ დაგვხვედრია. ამიტომაც სწრაფად გავეშურეთ მითითებული გასასვლელისკენ. უსაფრთხოების სამსახურთან გავლაშიც დავბრკოლდით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. გასასვლელთან რომ მივედით, ათი წუთი აკლდა რეისის გაფრენის დროს, მაგრამ გეითი (გასასვლელი) დაკეტილი დაგვხვდა. იქვე "დესკზე" მომსახურე პერსონალს მივვარდით, მან თქვა, რომ გამცილებლებმა თავიანთი საქმე დაასრულეს და წავიდნენ. ხომ არ გაგიჟდნენ-მეთქი, ვიყვირე გაოცებულმა. ბილეთს დახედეს და შეიცხადეს, თქვენ მართალი ხართ, სასწრაფოდ შემდეგ "დესკზე"”მიდით, იქ დაგეხმარებიანო. ოთხი "დესკი" მოვიარეთ დახმარების იმედად, თუმცა, ამაოდ. ამ დროში უკვე ნერვებმაც მიმტყუნა და აეროპორტის მომსახურე პერსონალს ქართულ-ინგლისურად ვამკობდი ლანძღვა-გინებით. თუმცა, როდესაც იმდენი დრო გავიდა, რომ თვითმფრინავი უკვე ცაში იქნებოდა, ყვირილის სურვილიც დავკარგე. სამწუხაროდ, ვერც იმან გაჭრა, რომ ბიზნესკლასის ბილეთები გვქონდა. ერთი კი იყო, მომსახურე პერსონალმა ჩვენს ბილეთებს რომ დახედა, შეიცხადა, თქვენცო? აშკარად გაუკვირდა, "თურქიშის" გულგრილობით დაზარალებულთა შორის არა მხოლოდ რიგითები, ანუ ეკონომკლასის მომხმარებლები, ბიზნესკლასის ბილეთების მფლობელებიც რომ მოხვდნენ. სამწუხაროდ, ეს შეშფოთებაც წამიერი იყო. ძალიან არ შეუწუხებიათ თავი. "თურქიშს" შეეძლო სხვა ავიაკომპანიისთვის მიემართა ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ აბა, მაგას როგორ იზამდა? სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ არაფრად ანაღვლებთ მგზავრის კომფორტი.

- შეიძლება ამ ერთი შემთხვევის გამო დაასკვნა, რომ "თურქიშ ეარლაინსს" არ ანაღვლებს მომხმარებელთა ინტერესი?

- მანამდეც დროდადრო შევწუხებულვარ მათი დაუდევრობით, მაგრამ ამ დრომდე, ასატანი იყო ხარვეზები სერვისში. ეს შემთხვევა უკვე დიდ ნაპრალს ჰგავს ამ ავიაკომპანიის მომსახურებაში. თანაც აღმოჩნდა, რომ ერთი და ორი კაცი კი არა, ათეულობით ადამიანი ყოველდღიურად ზარალდება. ამიტომაც ბოლო "დესკთან" საქმის გასარჩევად ჩვენს მსგავსად დაზარალებულთა ინტერნაციონალური არმია შეიყარა. უკვე ერთი სული გვქონდა, როგორმე სასტუმროში დავბინავებულიყავით და კომპენსაციის საკითხი მოგვეგვარებინა. ბარგი ჩაბარებული გვქონდა და ტანსაცმლის გამოცვლას ან მის შესაძენად ქალაქში გასვლასაც ვერ მოვასწრებდით, იქვე აეროპორტში უნდა გვეზრუნა ამაზე. დაგვპირდნენ, რომ ქალაქის ცენტრში გაგვიყვანდნენ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კომპენსაციასაც მოგვცემდნენ, დილით კი მშვიდობიანად გაგამგზავრებთ ფრანკფურტშიო. ვითხოვე, ქალაქის ცენტრში არ გვინდა წასვლა, დილით ძალიან ადრე მოგვიწევს გაღვიძება და სჯობს ისევ ახლოს დაგვაბინაოთ-მეთქი. თავი მოიკლეს, რას ამბობთ, დილით ყველაფერს უზრუნველვყოფთ, რომ ზედმეტი დრო არ დაგაკარგვინოთო. ასე გელაპარაკებიან, თორემ სინამდვილეში თაღლითებივით იქცევიან.

გგონიათ, როგორც დაზარალებულებს მართლა მაღალი კლასის მომსახურებას გიწევენ? სასტუმროში გასამგზავრებლადაც რიგი დაგვხვდა, ძალიან ბევრი აღმოჩნდა "თურქიშ ეარლაინსისგან" "გადაგდებული," იძულებით რომ ტოვებდნენ სტამბოლში ღამის გასათევად. მეტიც, როდესაც ამ ხალხის დაბინავების პროცესს დავაკვირდი, როგორ ახარისხებენ მათ, სვამენ ტრანსპორტში და მიჰყავთ სასტუმროში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ "თურქიშ ეარლაინსში" მგზავრების "გადაგდება მოსული ამბავია" და მათი დაშოშმინება-დაბინავების სისტემაც კონვეიერივით აქვთ აწყობილი. გადათვლიან ნერვიულობისგან დაქანცულ მგზავრებს, ჩასვამენ მიკროავტობუსში და გგონიათ, რომ მართლა ქალაქის ცენტრში მიჰყავთ? არაფერიც, იქვე 10-ოდე წუთის სავალზე, პრაქტიკულად შეგყრიან ისეთ სასტუმროში, რომელიც სამ ვარსკვლავს ძლივს აკმაყოფილებს.

- კომპენსაცია გადაგიხადეს?

- სანამ სასტუმროში წასვლის რიგი მოგვიწევდა, ზემო სართულზე კომპენსაციის მისაღებად ავედით. არაფერი გვქონდა თან გამოსაცვლელად. ბარგი ხომ ჩაბარებული გვქონდა. გაგიჟდნენ, ვერაფერს გადავიხდით, სასტუმროში დაგახვედრებთ, რაც გჭირდებათ ყველაფერსო.

- სასტუმრო როგორი იყო?

- დაპირება, რომ სასტუმრო ქალაქის ცენტრშია, სატყუარა სიტყვაა სტუმრებისთვის. იქვეა, გარეუბანში. დაბალი ხარისხი განსაკუთრებით თვალში საცემი იყო სააბაზანოში არსებულ უსუფთაობაში. ვიწრო საწოლში კოშმარული ღამე გავატარე. გაშეშებულივით ვიწექი. ჩემს თავზე ვბრაზობდი. დავიფიცე, რომ უკანასკნელად ვიმგზავრებდი "თურქიშით" და ამიერიდან მათ თვითმფრინავებში არ ჩავჯდებოდი. ძილის წინ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ავიაკომპანიის წარმომადგენლის თხოვნა, დილით, 5 საათზე დაგვხვდით მზადო. გავიკვირვე, ჩვენი რეისი საშუალებას გვაძლევს, რომ ექვსამდე ვიძინოთ, ასე ადრე რატომ გვთხოვთ წასვლას-მეთქი? იმიტომ, რომ სხვა მგზავრები უფრო ადრეული რეისით მიფრინავენო. აღვშფოთდი, ე. ი. ცდილობდნენ ეკონომია ჩემი სიმშვიდის ხარჯზე გაეკეთებინათ და ორჯერ რომ არ დასჭირვებოდათ რეისი სასტუმროსა და აეროპორტს შორის, ისევ მე უნდა შევწუხებულიყავი. ვიყვირე, შემეშვით, ტაქსით წავალ, თქვენი დანახვაც არ მინდა-მეთქი.

- არ გიცდია თბილისში დაბრუნების შემდეგ "თურქიშ ეარლაინსის" ოფისში გაგერკვია, რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობა?

- ვინმე გისმენს? ან თუ გისმენენ, ბოლოს მშვიდად გპასუხობენ, ასეთი რამ ყველგან ხდება, ხომ მშვიდობით ჩაფრინდით ფრანკფურტშიო? ამას ჰქვია მომხმარებლის ნერვებზე თამაში. როდესაც თვითმფრინავში ჩავჯექი, მათი საბორტო ჟურნალი გადავშალე და ძალიან გავბრაზდი პირველივე გვერდის წაკითხვისთანავე. "თურქიშ ეარლაინსის" ხელმძღვანელი თემელ კოტილი ამაყობს, რომ მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფრინავენ, ფრენების რიცხვი დღითი დღე იზრდება, დღეში ათასი რეისი აქვთ, მგზავრებს უმაღლესი კლასის სერვისით ემსახურებიან და ამიტომაც თურმე მათი მოგება 1,9 მლრდ-დან 7,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კიდევ ვაპირებთ მოგების გაზრდასო. ეჰ, ბატონო კოტილ, დავიჯერო, არ იცით, რა ხდება თქვენს კომპანიაში? გაზრდით მოგებას, რა გასაკვირია, როდესაც ფრენებისა და გაყიდული ბილეთების რაოდენობას ზრდით და არ გენაღვლებათ მომხმარებლის მორალური მდგომარეობა. ჩემი თავგადასავლის გამო ბევრი კითხვა გამიჩნდა. ვერ გავიგე, რატომ უნდა დაეტოვებინა სამი კაცი ავიაკომპანიას აეროპორტში არაფრის გამო, მით უფრო, რომ შემდეგ რეისზე მაინც მისი წასაყვანი ხდებოდა ეს ხალხი. ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი ადგილები ცარიელი იქნებოდა თვითმფრინავში, რომელშიც არ აგვიშვეს.

თბილისში დაბრუნებულს ერთ-ერთი ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალმა მითხრა, - იმის გამო, რომ თბილისი-სტამბოლი აგვიანებდა ჩაფრენას, სავარაუდოდ, სტამბოლი-ფრანკფურტზე თქვენი ბილეთები გაყიდეს და ამიტომაც ნაადრევად დაკეტეს გასასვლელიცო. სხვა რა უნდა ვიფიქრო? არც ვიცი, ვის უნდა მივმართო ასეთი შემთხვევების გამოსაძიებლად, თორემ გაირკვეოდა, ვინ და რა დროს იყიდა ჩვენ მიერ ნაყიდი ადგილები ფრანკფურტის რეისზე და კარგად გამოჩნდებოდა, რა თამაშსაც ეწევა "თურქიშ ეარლაინსი". საერთოდაც მგონია, რომ საზოგადოებრივი განსჯის საგანი უნდა გახდეს მგზავრის უფლებების დაკმაყოფილება ავიაკომპანიებისგან მომსახურების დროს. საეჭვოა, რომ არადამაკმაყოფილებელი და ფასისთვის შეუფერებელი პირობები არა მხოლოდ "თურქიშ ეარლაინსს" აქვს.

ალბათ, ასეთი ფაქტების შესახებ სხვა გაწბილებულ მგზავრებსაც ბევრი აქვთ სათქმელი. გთხოვთ, გვაცნობოთ ასეთ შემთხვევაში... ekalomi@gmail.com.

თვითმფრინავში თქვენი ადგილი არ არისო"

მიმდინარე წლის მარტში სტამბოლის აეროპორტში ისევ "თურქიშ ეარლაინსის" რეისზე კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართველ სპორტსმენთა დელეგაცია, - თვითმფრინავში არ აუშვეს მძლეოსანთა გუნდის დელეგაციის დაახლოებით ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ ჰქონდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, კომპანია "თურქიშ ეარლაინსმა" გამოუცხადა, რომ თვითმფრინავში ადგილი არ იყო. როგორც აღმოჩნდა, მათ ნაყიდი ბილეთები დაუკითხავად გაუყიდეს.