"ქართველი საზოგადოება კი არ გაიხლიჩა, დაიშალა" - კვირის პალიტრა

"ქართველი საზოგადოება კი არ გაიხლიჩა, დაიშალა"

"ავტორიტეტებთან ბრძოლა ხელისუფლებისთვის დამღუპველია"

რა მდგომარეობაშია ქართველი საზოგადოება, როგორ ლიდერს ექნება წარმატება და რა გამოგვიყვანს ვითარებიდან, რომელსაც ფსიქოლოგი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი ტრაგიკულს უწოდებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- დღეს, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს უპირისპირდება, ავტორიტეტების აზრი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ხდება. ხელისუფალნი მაშინ გრძნობენ ავტორიტეტებთან ბრძოლის მოთხოვნილებას, როდესაც ხალხზე მათი ზეგავლენა სუსტდება. როდესაც მმართველი ძალა ავტორიტეტულ პირს მტერს უწოდებს და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობას, ზოგჯერ კი ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობას სდებს ბრალად, ამით ყალბი ბრძოლის ველს ქმნის, რადგან ავტორიტეტული მოწინააღმდეგე ძალაუფლების მოცილედ მიაჩნია. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ავტორიტეტებთან ბრძოლა მისთვის დამღუპველია.

- ხშირად გვესმის, რომ საზოგადოებაც გახლეჩილია და ის ორ დაპირისპირებულ ბანაკად იქცა.

- ქართველი საზოგადოება კი არ გაიხლიჩა, დაიშალა. გახლეჩაზე უარესია, როდესაც საზოგადოება დიფუზიური, დაშლილ-დანაწევრებულია. ასეთ დროს ერთმანეთთან დამოკიდებულება მწვავდება. საზოგადოების დაშლილი ნაწილები ერთმანეთის ნაკლს მკაფიოდ ხედავენ და შედეგად, საზოგადოება საკუთარ თავზე დადებით შეხედულებას კარგავს.

- როგორ შეიძლება, ხელისუფლების მიზანი საზოგადოებასთან დაპირისპირება ყოფილიყო?

- არსებობს ურთიერთობის წესი: როცა ორ სუბიექტს (ან საზოგადოების ორ ჯგუფს) ერთმანეთთან უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულება აქვს, ეს სტაბილურ ვითარებას ქმნის, რადგან მათი ურთიერთობები გარკვეულია, არც გასაყოფი აქვთ რამე და მშვიდად არიან. მაგრამ თუკი ერთ ჯგუფს ან პირს აქვს დადებითი დამოკიდებულება მეორისადმი, მეორეს კი უარყოფითი პირველისადმი, ეს უკვე არასტაბილური ვითარებაა. სტაბილური ვითარება დაიშალა, რადგან რასაც ხალხს დაჰპირდა, ხელისუფლებამ არ გააკეთა. საზოგადოება, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან დაპირიპირებული აღმოჩნდნენ. ხელისუფლებას არ მოსწონს ოპოზიცია, არ მოსწონს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ოპოზიციას ემხრობა. ხალხს არ მოსწონს ოპოზიციაც, რომელიც დაიშალა. ასეთი დისჰარმონია მეტად ამძაფრებს საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებებს.

ამ რეალობას რომ ხედავს, იმიტომაც მოგვიწოდებს ხშირად კათოლიკოს-პატრიარქი, დაპირისპირება კი არა, სიყვარულით უნდა გვქონდეს ურთიერთობაო.

როდესაც გვაქვს სამი სუბიექტის (ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება) დაპირისპირება, მოქმედებს კანონი: თუ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ოპოზიცია დადებით კავშირს დაამყარებს ხალხთან, ხალხს ხელისუფლებისადმი გამოუმუშავდება უარყოფითი დამოკიდებულება. ეს იცის ხელისუფლებამ და ცდილობს, ხალხის გული მოინადიროს ოპოზიციისა და ხალხის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამომჟღავნებით. თუ ოპოზიცია უფრო ერთიანი და რეგულირებული გახდება, ხალხის დამოკიდებულებაც მის მიმართ დადებითი იქნება. ახლა კი ხალხი დაბნეულია. არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. ოპოზიციის დაშლით ბევრი რამ მოიგო ხელისუფლებამ.

ასეთ ვითარებაში, თუ ოპოზიცია გააძლიერებს ხალხთან დადებით დამოკიდებულებას, გააძლიერებს ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. მაგრამ, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასა და საზოგადოებასთანაც დადებით დამოკიდებულებას გამოიმუშავებს, დაკარგავს თავის მიზანს, - გააკრიტიკოს ხელისუფლება და მოვიდეს ხელისუფლებაში.

ქვეყანაში, სადაც კრიტიკოსებს, ოპოზიციას, უმცირესობას არ უწევენ ანგარიშს, საზოგადოება არ ვითარდება. უმცირესობის პოზიციის გაზიარება ისევ ხელისუფლებას აძლიერებს. ჩვენი ხელისუფლება კი განსხვავებულ პოზიციას მხოლოდ სხვათა დასანახავად იზიარებს, ამიტომ შევიდა ჩიხში. ის უნდა ეცადოს, ოპოზიცია ნამდვილად გახადოს ქვეყნის მართვის მონაწილე. ამას რომ არ აკეთებს, სწორედ იმიტომაც არის შეუძლებელი მისი პროგრესი.

- მაგრამ ხალხი არ ენდობა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

- ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და იმუშაოს ხალხთან იმაზე, რომ თუკი ხელისუფლებასთან დიალოგზე წავა, მასზე ეჭვი არ გაჩნდეს. დიდი სიმპათია მაქვს გუბაზ სანიკიძისადმი, მაგრამ არ შეუძლია ხელისუფლებაზე ზემოქმედება, რომელსაც სულ აკრიტიკებს. ზემოქმედება მხოლოდ თანამშრომლობის დროს არის შესაძლებელი.

პრეზიდენტთან შეხვედრის გამო ხალხს ეჭვი გაუჩნდა გაჩეჩილაძის მიმართაც, რადგანაც მან ხალხს შეხვედრის შედეგი ვერ აჩვენა. საზოგადოებამ კი იფიქრა, რაკი შედეგი ვერ გვაჩვენა, ე. ი. ხელისუფლებას გაურიგდაო.

არსებობს ლიდერის ორი ტიპი, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას და რომელიც ცალკეული საქმეების მკეთებელია. სააკაშვილი არ არის ადამიანთა გამაერთიანებელი. ის ცალკეულ საქმეებზე ორიენტირებული ლიდერია. მაგრამ გვეგულება კი ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ეს ორივე თვისება ჰქონდეს? ჯობს, საპარლამენტო მმართველობაზე ვიფიქროთ და ხელისუფლების ორმა უმაღლესმა პირმა მიხედოს ამ სფეროებს.