"ფინალი არ არსებობს!.. სპექტაკლი გრძელდება!" - კვირის პალიტრა

"ფინალი არ არსებობს!.. სპექტაკლი გრძელდება!"

"მაესტროში" ჩემს მოსვლას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ"

მამუკა ღლონტი: "ჩემთვის მიუღებელი პიროვნება ვერ დაიწყებს მუშაობას "მაესტროში"!..

ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის უფლება სამი წლით ერთ დროს  გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად მიჩნეული "რუსთავი 2"-ის ყოფილ ხელმძღვანელს, "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ "შემოქმედს", სკანდალურად ცნობილ ეროსი კიწმარიშვილს გადასცეს.

მაშ ასე, ეროსი კიწმარიშვილი ყველაფერს ხელახლა, ნულიდან იწყებს და აცხადებს, რომ "ვარდების რევოლუციის" ფინალი ჯერ არ დამდგარა, სპექტაკლი გრძელდება!..

KvirisPalitra.Ge- "მაესტრო" მართვის უფლებით  გადმომეცა - ეს ნიშნავს, რომ კომპანიის გასხვისების,  დაგირავების, გაქირავების გარდა, ჩემს უფლება-მოვალეობაში ყველაფერი შედის.

მამუკა ღლონტს, თუ ჩემეულ ხედვას ან სტრატეგიას არ დაეთანხმება, ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ვეტოს  დადების უფლება აქვს, ე.ი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ამასთან, თუ დაინახავს, რომ რაიმე ფორმით ირღვევა საინფორმაციო სამსახურის თავისუფლება ან ესა თუ ის ჟურნალისტი მიკერძოებულია, შეუძლია ამასაც წინ აღუდგეს.

ამ თვალსაზრისით მე კიდევ უფრო გავამკაცრებ კონტროლის მექანიზმს და შევქმნი  ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ისეთი ავტორიტეტული პერსონებისაგან დაკომპლექტდება, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი რადიო "თავისუფლების" დირექტორი, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მედიის სფეროში ერთ-ერთი უფლებადამცველი და დისიდენტად მიჩნეული პერსონა და სხვ.

ერთი სიტყვით, თუ რამე "უკადრებელს ვიკადრებ", მართვაში ჩაერევიან და მედიის თავისუფლების ხარისხს მეთვალყურეობას გაუწევენ.

- "მაესტროს" მართვის უფლება ვიდრე გადმოგეცემოდათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელევიზიის წილი ნინო ბურჯანაძემ შეისყიდა.

- ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორი, ბლეფია. რა თქმა უნდა, ხმა "მაესტროს" წილის გაყიდვაზე სპეცსამსახურის "ბიჭებმა" დაყარეს. მიხვდნენ, რომ ამ ტელევიზიასთან საინტერესო პროცესებია დაკავშირებული და ამიტომაც წამოიწყეს შავი პიარი.

მე ერთი რამ ვიცი, - ადრე თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკება ამ ტელევიზიის წილის შესყიდვის თაობაზე, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

- მაინც დაგვიზუსტეთ, ვისი საკუთრებაა დღეს "მაესტრო"?

- დამფუძნებელია რამდენიმე პირი, - მემონტაჟე, პროდიუსერი და ა.შ. ზოგიერთი მათგანი ახლახან გავიცანი. ამ თვალსაზრისით "მაესტრომ" "რუსთავი 2"-იც კი გამახსენა. მაშინაც ხომ ასე დაიწყო?

- გულწრფელად გვითხარით, ისევ რევოლუციის მოწყობას აპირებთ?

- (გულიანად იცინის) ეს თქვენამდე "როიტერმაც" მკითხა და იმავეს გეტყვით, რაც მას ვუპასუხე. მე არც იმ რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი. ეს ხალხის დამსახურებაა. ხალხს  უფლება აქვს, გააკეთოს ის, რაც უნდა. იგია ძალაუფლების წყარო და თუ  დარწმუნდება, რომ ხელისუფლება განვითარების, გაძლიერების ან უკეთესი მომავლის მოპოვების საშუალებას არ აძლევს, აჯანყების უფლებაც აქვს.

- რამდენადაც ვიცი, წიგნსაც წერთ "ვარდების რევოლუციაზე"...

- წიგნი თითქმის დამთავრებულია, მაგრამ ფინალურ წერტილამდე ვერ მივედი, რადგან "ვარდების რევოლუცია" ლოგიკურად არ მთავრდება, თითქოს ფინალი არ არსებობს. წიგნში ლაპარაკია ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბოლო ათწლეულში განვითარებულ მოვლენებსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან. ლაპარაკია იმაზე, რაც დღემდე მოხდა, მაგრამ რაკი სპექტაკლი ჯერ კიდევ გრძელდება, წიგნში ბოლო წერტილი დასმული არ არის! არ შეიძლება მისი ლოგიკური დასასრული იყოს 2008 წლის 7 აგვისტო, ომის დაწყება, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა. ვფიქრობ, ის, რაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებასთან არის დაკავშირებული, 7 აგვისტოთი ვერ დასრულდება. ამიტომაც ჯერ ადრეა ჩემთვის მემუარების წერა და ისევ აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდი.

-  ე. ი. საკუთარ თავს დაუპირისპირდით წიგნის წერისას?

- თუ იმას გულისხმობთ, რომ მეც, როგორც ყველა მოკვდავს, შეცდომები მაქვს დაშვებული, ვაღიარებ, ეს მართლაც ასეა და წიგნში სწორედ მათი გაანალიზებაა საჭირო.

- ზოგიერთი ოპოზიციონერი "ვარდების რევოლუციის" თანამონაწილედ მიგიჩნევთ და შესაბამისად, დიდად არ გენდობიან.

- არა, შეიძლება ითქვას, ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ ჩემს მისვლას "მაესტროში". გააცნობიერეს, რომ ამით ისეთი მედიასაშუალების შექმნის შანსი გაჩნდა, რომელიც ნიუსმეიკერულ როლს ითამაშებს...

- კარგი ტელევიზიის გამართვას კოლოსალური თანხები სჭირდება...

- თანხების მოზიდვის სამი წყარო არსებობს: ყველაზე ცნობილი რეკლამისგან მიღებული შემოსავალია, შეიძლება გრანტებითა და შემოწირულობებით მისი მოპოვებაც. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. დემოკრატიული ორგანიზაციები ძალზე აქტიურად დაიწყებენ მედიის განვითარებისთვის ხელშეწყობას. ამასთან, მოვაწყობთ ტელემარათონებს, გამოვაცხადებთ, რამდენია ჩვენი წლიური ბიუჯეტი და კიდევ რა სახსრების მოძიება გვჭირდება, დაველოდებით შემოწირულობებს. ასეთი ფორმა  მიღებულია ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენი უპირველესი მიზანია, "მაესტრო" ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეს.

- იტყვით თუ არა უარს "რუსულ ფულზე" ან იმ შემოწირულობაზე, რომელიც რუსეთში გადახვეწილმა ქართველებმა შესაძლოა გაიღონ?

- ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შემოვა ეს ფული. თუ ყველაფერი კანონიერად, ლეგალურად გაკეთდება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიღებს შემოწირულობას, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ჩოხატაურელი გლეხი თუ ალასკელი ესკიმოსი?

- როგორი ტელევიზია იქნება "მაესტრო?"

- ისეთი, რომლის ანალოგიც საქართველოში დღეს არ არსებობს. "მაესტრო" უფრო საინფორმაციო ორიენტაციის იქნება, ძალზე  ინოვაციური, ნოვატორული, დინამიკური და აგრესიული საინფორმაციო სერვისით, ტოქშოუებით, ნიუსებით, აქტიური დოკუმენტური პროექტებით.

- ფიქრობენ, რომ "მაესტროში" "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა, თამრიკო რუხაძე, ნათია ლაზაშვილი და სხვები იმუშავებენ.

- გადაწყვეტილება არც მე და არც მათ ამ საკითხზე ჯერ არ მიგვიღია. ისინი თავიანთი საქმით არიან დაკავებული, რაღაც ვალდებულებები აქვთ აღებული. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ იმუშავებენ "მაესტროში", თუ არა და, გული დამწყდება, მაგრამ ცხოვრება  გაგრძელდება.

"მაესტროს" ძირითადი ბაზა იქნება ძველი კადრები. ეს არის არა მხოლოდ ვალდებულება, რომელიც  ტელევიზიის მფლობელთა წინაშე მაქვს აღებული, არამედ ისიც, რომ მათ დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რა მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა, ეს ბრძოლის ტოლფასი იყო. მოკლედ, "მაესტროს" ეყოლება ძველი  და ახალი სახეებიც. აქცენტს გავაკეთებ ახალგაზრდებზეც, რომლებიც ახლა ყალიბდებიან ჟურნალისტებად და ამისთვის ასპარეზი სჭირდებათ.…

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა  "მაესტროს" ხელმძღვანელს, მამუკა ღლონტსაც:

- ვეტოს უფლებას გამოვიყენებ იმ შემთხვევებში, თუ  დავრწმუნდები, რომ  ტელევიზიამ სიმართლის გზას გადაუხვია. ამ უფლების გამოყენება შემიძლია როგორც სტრატეგიული, ასევე  საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩემთვის მიუღებელი პერსონა ვერ დაინიშნება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და საერთოდ, ვერ დაიწყებს მუშაობას "მაესტროში". ზედმიწევნით იქნება დაცული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტის თავისუფლება.

- თქვენთვის მიუღებელ პერსონებზე როცა ლაპარაკობთ, გულისხმობთ პროფესიონალიზმს, პოლიტიკურ შეხედულებებს თუ რეპუტაციას?

- ვგულისხმობ მხოლოდ ობიექტურობას, რაც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს.

- მაგრამ "მაესტროსაც" საზოგადოების ნაწილი ობიექტურ არხად, ნაწილი კი "ოპოზიციურ ტელევიზიად" მიიჩნევს.

- ზოგს მოსწონს მიშა და ზოგს არა... ასეა ჩვენი ტელევიზიის საქმეც, ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა.

- იქნებ დააზუსტოთ, ხელისუფლების რომელ წარმომადგენელს სურდა "მაესტროს" წილის შესყიდვა და რა ოდენობის თანხის გადახდას აპირებდა?

- შეხვედრა ხელისუფლების ამ წარმომადგენელთან, რომელიც დღესაც ვერტიკალის ხუთეულში შედის, კონფიდენციალურად შედგა. მოკლედ, ის მეც და "მაესტროს" სხვა დამფუძნებლებსაც დუმილის სანაცვლოდ მთელი ცხოვრების უზრუნველად გატარებას გვპირდებოდა. მოვა დრო და ამ პერსონასაც დავასახელებთ.