ვირუსი - ღია კარი შენს "სახლში" - კვირის პალიტრა

ვირუსი - ღია კარი შენს "სახლში"

შემიძლია თამამად ვთქვა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვიცოდი, რა საშუალებებით შედიოდნენ შსს-სა და კუდ-ის ტექნიკურ-ოპერატიული სამმართველოს ჩინოსანი ჰაკერები მათთვის საინტერესო ობიექტების კომპიუტერებში. რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ამის შესახებ თვითონ ჰაკერმა მიამბო, რომელმაც ჯერ კომპიუტერი "გამიტეხა", მოგვიანებით კი გამანდო საიდუმლო.

ჰაკერმა ჩემი კომპიუტერის გასატეხად სწორედ მალწარეს-ის ტიპის ვირუსული პროგრამა (რომლის გამოყენებისთვისაც დააკავეს კუდის ახალგაზრდა თანამშრომლები) გამოიყენა, რის შემდეგაც მალევე შემიცვალა სახელი და პაროლი "ფეისბუკის" გვერდზე. შეეძლო ეს სულაც არ გაეკეთებინა და თუ ჩემთან შემოსულ-გასული ინფორმაციის გაკონტროლება უნდოდა, ჩუმად მჯდარიყო კომპიუტერში. სავარაუდოდ, უინტერესო აღმოვჩნდი მათთვის, ვინც ჩემი გვერდის გატეხა დაავალა, ინბოქსში ისეთი ვერაფერი ნახა, რაც თვალთვალის გაგრძელებად ეღირებოდა. ჰაკერმაც, როგორც ერთ-ერთი რიგითი "ნანადირევი", ფბ-გვერდი დამიბლოკა. როდესაც გვერდი აღვადგინე, არ ვიცოდი, რომ ჰაკერი კომპიუტერში იჯდა და როგორც კი ინტერნეტქსელში გამოვჩნდებოდი, დაუბრკოლებლად შეეძლო შემოსულიყო კომპიუტერში, მშვიდად შეეცვალა სახელი და პაროლი და ელექტრონული ფოსტაც გაეტეხა. სამდღიანი ბრძოლის, ვინდოუსის გადაყენების, კომპიუტერზე უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების, სათადარიგო ფბ-აქაუნთისა და უძილო ღამეების შემდგომ მოვახერხე ჩემს ძველ გვერდზე მონავარდე ჰაკერთან დიალოგის გაბმა. ადამიანებთან ურთიერთობის და მათი საუბარზე დაყოლიების ხანგრძლივი გამოცდილება დამეხმარა თითქმის დამემეგობრებინა კიბერმომხდური. ჰაკერმა მიამბო, როგორ ცდილობდა შსს-ს სპეცსამსახური მის დაყოლიებას თანამშრომლობაზე; როგორ შექმნეს მან და მისმა უცხოელმა მეგობარმა სპეციალური სათვალთვალო ვირუსული პროგრამები სწორედ შსს-სთვის და მთხოვა, დამეწერა სტატია იმის შესახებ, რასაც ის მიამბობდა, მაგრამ არა მისი სახელით. მასთან მიმოწერა დღემდე შენახული მაქვს.

კუდ-ის ჩინოსანი ჰაკერების დაკავების შემდეგ დავეჭვდი, რომ ჩემი ნაცნობი ჰაკერი შესაძლოა 18 წლის ჯამალაშვილია. დედამისმა უარი განაცხადა ოფიციალურ საუბარზე, თუმცა, შუამავალთან დიალოგში უარყო, რომ დაკავებული სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და იძულებით აღმოჩნდა სპეცსამსახურებში(?!). "სადაც მუშაობდა, კარგად გრძნობდა თავს და არც ვინმეს სთხოვდა დახმარებას", - თქვა  ჰაკერის დედამ ლიკა ჯამალაშვილმა. მან ასევე დაადასტურა, რომ ჩემი ნაცნობი ჰაკერისა და დაკავებულის დაბადების დღეები (ჰაკერმა დაბადების დღეც გამიმხილა) სხვადასხვაა, თუმცა, შეიძლება სხვა დაკავებულებიდან რომელიმე მართლაც ის იყოს, ვინც მე მგონია. ის ბიჭები ყველანი 20-21 წლისანი არიანო.

გთავაზობთ ჰაკერთან რამდენიმე თვის წინ საუბრის ჩანაწერის შემოკლებულ ვარიანტს.

- "კვირის პალიტრაში" პოლიტიკაში ან სხვა სფეროში სტატიებს რომ წერ, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხარ, რომ ვიღაცას გულს სტკენ. მაგალითად, "ნაცებს". არც მე მიყვარს "ნაცმოძრაობა", მაგრამ ვერაფერს ვიზამ. შენ რა შეგიძლია? სტატიებს წერ, მე საიტებს ვტეხავ, მაგრამ ეს მათ ვერაფერს დააკლებს. ბაზებიც რომ წავუშალო, აღადგენენ. შსს-ში მთავაზობდნენ მთავარ სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობას, მძღოლი მომემსახურებოდა, კარგი ხელფასი და პრემიები მექნებოდა, მაგრამ არ დავთანხმდი და ევროპაში წავედი. თუმცა, დახმარება უნდოდათ და დიდი ხვეწნის შემდეგ მე და ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ორ თვეში დავწერეთ პროგრამა, რომლის მეშვეობით ნებისმიერ კომპიუტერში შეიძლება შესვლა. შენც ვირუსი გამოგიგზავნე წერილის სახით, მაგრამ იმის გამო, რომ სპამში არ ეგდო, ენდე და გახსენი, რითაც კარი გამიღე შენს "სახლში". აი, ასე, ამ ვირუსს ვისაც გაუგზავნი, მერე მის შესახებ ყველა ინფორმაცია უპრობლემოდ მოგდის.

- ეს როგორ გააკეთე?

- პროგრამა როგორ შევქმენი? კომპიუტერთან ბავშვობიდან ვზივარ. უბანში მხოლოდ მე მქონდა კომპიუტერი, მაგრამ ნეტავ არ მქონოდა. კარგია, როდესაც ბევრი რამ შეგიძლია, მაგრამ მოსაბეზრებელია, მათ შორის - კარგიც კი.

- რატომ მიეცი შენს თავს და მერე სხვას უფლება, რომ ადამიანების ცხოვრებაში ფარულად შეჭრილიყავით.

- სტრუქტურაში ერთ კაცს ვიცნობ, უშიშროებაში მუშაობს და ჩემზე რაღაცები იცის. მან მომწერა შენი აქაუნთის მისამართი, თუ შეგიძლია ამის გატეხაო... არავის ფული არ გადაუხდია და არც სხვა მიზნისთვის არ გამომიყენებია შენი გვერდი. ვფიქრობ, შენი მეგობრების სიმრავლის გამო დაინტერესდნენ. მათ შორის ბევრი ცნობილი და ნაცებისთვის მიუღებელი პირია. შსს-ს ბაზების თავზე დამხობა 5 წუთში შემიძლია. შსს-ში ბევრი სპეციალისტი ჰყავთ, ვისაც დღედაღამ ამუშავებენ ამაზე. გასამრჯელოც კარგი აქვთ, მაგრამ მარტო საჭმელში თუ დახარჯავენ. მათ არ იციან გართობა რა არის - გარეგნულადაც სუსტები არიან, ძირითადად, სათვალიანები, მაგრამ ყველა უნიჭიერესია. ეგენი რომ არ ჰყავდეთ, ცუდად იქნებოდა "ნაცების" საქმე. ახლაც ხალხს აგროვებენ მაგ ჯგუფის გასაძლიერებლად. არ ვიცი, რაიმე საფრთხის აცილებას ცდილობენ თუ ვინმეზე შეტევას (შეგახსენებთ, ეს საუბარი თებერვალში, ოქტომბრის არჩევნებამდე ჩავიწერე. - ავტ.).

- მითხარი, ვინ მოგცა ჩემზე შეკვეთა?

- გია ჰქვია. იმდენად დაბალ თანამდებობაზეა, რომ არაფერში გამოგადგება. ეგ გამოდის კონტაქტზე. ცოტა ხნის წინაც მკითხა, როდის ამთავრებ სწავლას, მერე ჩვენთან უნდა მოხვიდე სამსახურშიო. მეც ვუპასუხე, რომ სწავლას მაშინ დავასრულებ, როდესაც ეგენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. მეტს ვეღარაფერს გეტყვი. დეტალები რომ გაგიმხილო, დარწმუნებული ვარ, შენ გულხელდაკრეფილი არ დარჩები და, ალბათ, ყველას ეტყვი ჩემს ნათქვამს. აგორდება ხმა და ის, ვინც ეს ყველაფერი იცის, ჩემგან ივარაუდებს ინფორმაციის გაჟონვას. კარგი რომ არაფერი დამემართება, ის კი ვიცი. ჯერ უცხოეთში ვარ და ვერც მომწვდებიან.

P.S.  სწორედ ჩემი ნაცნობი ჰაკერის უსაფრთხოების მიზნით  დღემდე  არაფერი დავწერე ჩვენი საუბრის შესახებ, მაგრამ ახლა მგონია, რომ მას დახმარება სჭირდება. თუ ვცდები და უსაფრთხოდ არის, იმედია, აღარასოდეს გამოიყენებს თავის ნიჭს ადამიანების გასაუბედურებლად. თუ ვინმე ძალას დაატანს, ჩვენ მზად ვართ, მხარში დავუდგეთ.