"შურისძიება" მშობლიურ ქალაქზე - კვირის პალიტრა

"შურისძიება" მშობლიურ ქალაქზე

"50 წიგნის" პროექტით დასაბეჭდი წიგნების საპრეზენტაციო წერილებში, როდესაც მწერლების ბიოგრაფიაზე ვწერდით ხოლმე, განსაკუთრებით, თუკი საუბარი XIX საუკუნეში მოღვაწე ევროპელ მწერლებს ეხებოდა, რამდენჯერმე გვითქვამს, - თუ მათი ცხოვრების დეტალებს არ ჩავუღრმავდებოდით, ისე, ამ დეტალების გარეშე, მხოლოდ წლებითა და მშრალი ფაქტებით გადმოცემული ყოველი მათგანის ბიოგრაფია ძალიან "ჰგავს" ერთმანეთს: დაიბადა შეძლებულ ოჯახში; მშობლებს უარი უთხრა, "სარფიანი პროფესიისთვის" მოეკიდა ხელი, მწერლობა არჩია; სახლიდან წამოვიდა; მერე, პირველ წარმატებას რომ მიაღწია, ოჯახსაც შეურიგდა და საზოგადოების ელიტასაც დაუბრუნდა; მიიღო ბევრი ლიტერატურული პრემია, გამოსცა უამრავი წიგნი და ბედნიერად დაბერებული, საკუთარ ლოგინში გარდაიცვალა...

დიახ, ასეთია ბევრი დიდი ევროპელი მწერლის "სტანდარტული" ბიოგრაფია, თუკი მას "ქიშმიშებს" გამოვაცლით, მაგრამ მწერალი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ამ მხრივაც გამორჩეულია - ემილ ზოლამ მოახერხა ცხოვრების ფსკერიდან ფრანგული და ევროპული მწერლობის მწვერვალზე აჭრა და წლების განმავლობაში ამაყად გადმოჰყურებდა ზემოდან თანამოკალმეებს.

ეს "ზემოდან ყურება" სულაც არ არის გადაჭარბებული ეპითეტი, რადგან სწორედ ემილ ზოლა იყო მამამთავარი იმ ლიტერატურული მიმდინარეობისა, რომელიც ნატურალიზმის სახელით არის ცნობილი და გი დე მოპასანი, ალფონს დოდე, ჰუისმანსი და პოლ ალექსისი - იმ დროის საფრანგეთის უპოპულარულესი მწერლები ზოლას მოწაფეებად თვლიდნენ თავს და რაც მთავარია, ზოლასგან დაწყებული ფრანგული ნატურალიზმის "შვილიშვილები" არიან ამერიკული ნატურალიზმის გენიალური წარმომადგენლები: თეოდორ დრაიზერი, სტივენ კრეინი, ფრენკ ნორისი, ჯეკ ლონდონი, ჯონ სტეინბეკი და სხვები.

ცხადია, კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავდათ ნატურალისტებს - ასევე დიდი მწერლები, თუნდაც გუსტავ ფლობერი ან ივან ტურგენევი, რომელიც წერდა:  "იქ ძალიან ბევრია ღამის ქოთანში ქექვა".

ამას უშუალოდ ზოლას რომანებზე ამბობდა, მაგრამ "მთავარ კრიტიკოსსა" და მთავარ შემფასებელს - მკითხველს, ზუსტად ეს ადამიანური ტკივილი და სიხარული, "ფოტოგრაფიულად" აღწერილი სასიყვარულო თუ ჩხუბის სცენები, შიშველი და დამაჯერებელი ემოციები, ნამდვილი სისხლი და ცრემლი აინტერესებდა. ვისაც ზოლას რომანები, თუნდაც ჩვენ მიერ თქვენთვის ამჯერად შემოთავაზებული "ხაფანგი" წაუკითხავს (ვისაც არ წაუკითხავს, დარწმუნებული ვართ, მომავალი ორშაბათიდან შეუდგება კითხვას), დაგვეთანხმება, რომ რომანის დებიუტშივე, ვირჟინისა და ჟერვეზას ჩხუბით დაწყებული, "ლოგინის სცენებით" გაგრძელებული და სასიკვდილო აგონიების აღწერით დამთავრებული, ყველაფერს თითქოს ეკრანზე უყურებს მკითხველი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ზოლას რომანებს ძალიან ძნელად მოსწყდები, მიუხედავად თითქოს მარტივი და ადვილად "გამოსაცნობი" სიუჟეტისა.

ბევრს ნუ ვისაუბრებთ უშუალოდ რომანზე და ამჯერად ზოლას ცხოვრების საინტერესო დეტალები გავიხსენოთ: ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამ წმინდა ფრანგულად მჟღერი გვარის უკან გენეტიკურად "უცხოელი" ადამიანი დგას: მის ძარღვებში დედისეული ფრანგულის გარდა, იტალიური და ბერძნული სისხლიც ჩქეფდა; ხოლო "ზოლა", დღეისათვის ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის გამო მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი გვარის - "ძოლა"-ს ფრანგული ვარიანტია. მომავალი მწერლის მამა - იტალიელი ინჟინერი, საფრანგეთში, პროვანსის ქალაქ ექსში წყალგაყვანილობის სისტემას ამონტაჟებდა და სწორედ იქ დაიბადა მისი ვაჟი; ინჟინერი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მისი ერთადერთი ვაჟი 6 წლისა იყო, ქვრივ პროვანსელ ქალსა და მის პატარა ბიჭუნას ქმრის სამშობლოში არავინ ელოდა და ისინი ექსში დარჩნენ, მით უმეტეს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტს გარდაცვლილი ინჟინრის ვალი ჰქონდა, რომელიც სასამართლო დავის საგანი გამხდარიყო... ასე გაფრანგდა ემილიო ძოლა და გახდა ემილ ზოლა.

როდესაც ზოლას "არატიპურ ბიოგრაფიაზე" ვსაუბრობდით ზემოთ, ამაში პირველ რიგში სწორედ მისი მატერიალური ხელმოკლეობა იგულისხმებოდა - ძალიან ხშირად პურის ნატეხი ენატრებოდა. დედისაგან მუდამ ესმოდა ზიზღიანი საუბრები იქაური ბურჟუაზიის შესახებ და ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა ანტიპათია, შესაძლოა სიძულვილიც მშობლიური ქალაქისადმი და ბევრი "ხაფანგს" სწორედ ქალაქ  ექსისადმი "შურისძიებად" მიიჩნევს.

ასე იყო თუ ისე, ზოლამ მოახერხა, რომ პარიზსა და მარსელში ესწავლა კიდეც, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია და ვერც დიპლომი მიიღო. 17 წლის რომ გახდა, მას მერე 10 წელი ისეთი ბოჰემური ცხოვრებით იცხოვრა, რომელიც არაფრით ჰგავდა შემდგომდროინდელი, რესპექტაბელური ემილ ზოლას ცხოვრებას - გამდიდრდა თუ არა, პარიზის მდიდრულ უბანში შეიძინა ბინა, უძვირფასესად მოაწყო, უამრავი ფუფუნების საგანი შეიძინა. მანამდე კი... პარიზისა და მარსელის პატარა ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიების ჰონორარებით მხოლოდ ერთი ციცქნა ბინის ქირის გადახდასა და დასალევის ყიდვას ახერხებდა. თუმცა, ხშირად ესეც არ გააჩნდა, - თვეობით ცხოვრობდა პარიზის ღარიბთა თავშესაფარში, მეძავების, ქურდებისა და მკვლელების გვერდით, სადაც ჩვეულებრივი ამბავი იყო დილით სიფილისისგან დატანჯული ქალის ან "ძმაკაცის" მიერ ორიოდე გროშისთვის ძილში მოკლული ავარას გვამის აღმოჩენა... ხანდახან პარიზული სახლების სახურავებზე ბეღურებზეც უნადირია თურმე და შემწვარი ჩიტებით გაჰქონდა თავი... მაგრამ ეს ცხოვრება იყო, ცხოვრება, რომელიც დეტალურად შეისწავლა, საკუთარ ტყავზე გამოცადა; "იხეირა" კიდეც - ემილ ზოლას მხოლოდ ნანახის ქაღალდზე ნიჭიერად გადატანაღა სჭირდებოდა.

ჰოდა, უკვე ნახსენები ნატურალიზმიც ასე იშვა - ბუნებრივად, "ნატურალურად"...

ბევრს ვეღარაფერს ჩავტევთ ამ წერილში, ამიტომ მხოლოდ მის უცნაურ სიკვდილზე ვთქვათ, რომელიც ქართველებს უსიამოვნო ასოციაციას მოგვგვრის: ემილ ზოლა საკუთარ ბუხართან, ნამწვი აირისგან გაგუდვით გარდაიცვალა! თუმცა, მაშინვე თქვეს, რომ ხელისუფლებისათვის არასასურველი გამოსვლებით სახელგანთქმულ მწერალს ეს ამბავი პოლიციამ მოუწყოო!..

მერე აღარ დამტკიცდა ეს ამბავი, მაგრამ 1927 წელს ერთმა პადრემ აღსარების საიდუმლო გათქვა: მომაკვდავმა ბუხრის მწმენდავმა 25 წლის წინანდელი ამბავი მოუთხრო, მე და ჩემი მეგობარი ანტისემიტურ გამოსვლებში ვმონაწილეობდით, გვითხრეს, ამა და ამ სახლში ებრაელების მთავარი დამცველი ცხოვრობსო. ჩვენ საკვამური მილი დავგმანეთ. როდესაც ფანჯრიდან დავინახეთ, რომ ბინის პატრონი, მისი ცოლი და ძაღლი უსულოდ ეყარნენ, მილი ისევ გავხსენით. ამიტომ ვერ გაიგო პოლიციამ ვერაფერიო...

ზოლას ცოლი გადარჩა.

ამ თემასთან რა შუაშია, მაგრამ იქნებ 25 წლის შემდეგ (თითქმის 8 წელიწადი უკვე გავიდა) ქართველი "ბუხრის მწმენდავებიც" შეაწუხოს სინდისმა.