როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

როგორ ჩააფსა  ტიციანს  კისერში ბუთხუზა ბიჭუნამ

ხრუშჩოვის ექსპერიმენტული იდეები და 3000 კილომეტრგამოვლილი უკრაინელი "დაიარკა"

დაიჯერებთ, რომ გასული საუკუნის ყველა მთავრობის მომსწრე და ამ საუკუნის მთავრობების წამოპრიანებების აღმწერელი ჟურნალისტი ცოცხალია? მე ვერ დავიჯერე, - ჯერ ერთი, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ჟურნალისტები ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ, მით უფრო, ჩვენ რომ გასული საუკუნე გვქონდა, ისეთში. მაგრამ ღვთის ნების გარეშე რა იქნება და ჟურნალისტმა გიორგი ბოგველიშვილმა 101 წელიწადსაც მიაღწია და ოცდამეერთე საუკუნიდან მეოცეშიც იხედება, - სახეზე არც ერთი ნაოჭი არა აქვს, არც ერთი კბილი არ აკლია, ზის სავარძელში და ამა ქვეყნის ძლიერებს იხსენებს, - "დრონი მეფობენ, არა მეფენი", ხელისუფალნი წავლენ და წამოვლენ, ჟურნალისტები კი დარჩებიან, გააშუქებენ მოვლენებს და ამ მოვლენებში შავ-თეთრ ფერებს წარმოაჩენენ... ბატონი გიორგის თვალწინ ამ შავ-თეთრმა ერთი უშველებელი კინოფილმივით ჩაიარა.

- ჯერ ის საიდუმლო გამიმხილეთ, რომლითაც ჟურნალისტმა გასული საუკუნე მშვიდობით გაიარეთ და ახლაც ჯანმრთელი ბრძანდებით.

- არავითარი საიდუმლო არ ყოფილა. იყო ბედი, რომელმაც ბევრი რამ ამარიდა. მათ შორის, ომში სიკვდილიც, - ომის დროსაც სამხედრო ჟურნალისტი გახლდით. მქონდა ალღოც, რომელიც ჟურნალისტს ყოველთვის სჭირდება... 1934-ში, უნივერსიტეტში სწავლისას, მივხვდი, რა წლები მოდიოდა, რა მელოდა და საერთოდ დავანებე სწავლას თავი - ფილიპე მახარაძეს გავექეცი.

არადა, მისი ნარკვევები მქონდა ჩაბულბულებული და მომწონდა კიდეც. მაგრამ რაც მეტი წიგნი გადავშალე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ვთქვი, ამ კაცს უნდა ვუფრთხილდე-მეთქი. დიდი გაქნილი ვინმე იყო, ჩაიგდო ხელში მწერალთა კავშირი და უნივერსიტეტი. საითაც გაიხედავდი, მისი გავლენა მეფობდა. ცუდი დრო იყო, ვისაც ძალა ჰქონდა, ის ბატონობდა. ისე, ეს ამბავი ახლაც როდია უცხო - ჩანს, ძალაუფლებას აქვს ეს თვისება, - ხელში თუ ჩაგიგდო, რასაც გინდა, იმას გაკადრებინებს. მერე რაც მოგეპრიანება, შენ სხვას აკადრებინებ, დიდ სისულელესაც დიდ ჭკუად ჩაგითვლიან და ასე შემდეგ.

- ხომ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმები!

- თუ ძლიერი ხარ, ამ მექანიზმების განადგურებაც შესაძლებელია, სტალინმა, მაგალითად, გაანადგურა და ხალხი ამისთვის თაყვანსაც კი სცემდა. ეს ის ძალაუფლება იყო, რომელიც ისე გნუსხავდა, ვეღარც ინძრეოდი. მახსოვს 30-იანი წლების დამდეგს სტალინი ელბაქიძეზე ჩამომავალ მანქანაში დავინახე და იქვე გავშეშდი. ადგილიდან რომ დავიძარი, უკვე კარგა ხნის ჩავლილი იყო. სხვათა შორის, მალე სტალინმა დიდი ზარ-ზეიმით გადაახდევინა "ვეფხისტყაოსნის" 750 წლის იუბილე. ეს ამბავი 1934 წელს მოსკოვში საბჭოთა მწერლობის პირველი ყრილობიდან დაიწყო. მან მაშინდელ ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მალაქია ტოროშელიძეს ყრილობის წინა საღამოს მოსთხოვა მოხსენება, წაიკითხა, დაიწუნა და მთელი ღამე ათევინა ქართველ ლიტერატორებს - დელეგატებს, რომ მოხსენება თავიდან დაეწერათ. "მოხსენება უნდა დაიწყოს შოთა რუსთაველით. მერე გადახვალთ უახლეს საუკუნეებში, სადაც  დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკ გაბაშვილის შემოქმედებას;

განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, დაწვრილებით - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიეგოს და ვაჟა ფშაველასაც", - მიუთითა მან მალაქიას და ყრილობაზე რუსთაველის სურათიც გამოატანინა. როგორც ამბობენ, მან მთელი ქართული ლიტერატურის დაწვრილებით მიმოხილვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი რუსული იმპერიის იმპერატორი არარუსი, დაპყრობილი საქართველოს შვილი იყო, ხოლო რუსები ქართველებს ველურებს ეძახდნენ. სტალინს ამით უნდოდა ეჩვენებინა რუსეთისა და მსოფლიოსთვის, როგორი კულტურის მქონე ერის შვილი იყო! მოკლედ, ამ ყრილობის შემდეგ დიდი სამზადისი გაჩაღდა იუბილეს აღსანიშნავად. ყველაზე მეტად კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში - იქ ბერიას მეუღლე, ნინო გეგეჭკორი მოიყვანეს მიწათმოქმედების ფაკულტეტის თანამშრომლად. სხვათა შორის, მასზე ლამაზი ქალი მე არ მინახავს. მაშინ იქ სტუდენტთა გუნდს ვხელმძღვანელობდი. დამიძახა, - შენ რას იტყვი, რა უნდა გააკეთოო? ვიმღერებ "ჩონგური საქართველოა-მეთქი".

- ასეთ ეროვნულ სიმღერას?

- რას ჰქვია ეროვნული? ბერიას დროს ეროვნულზე ლაპარაკი ნამდვილად შეიძლებოდა. ნინოს გაუხარდა და იმ წუთშივე დამთანხმდა. კარგადაც ვიმღერეთ. ხრუშჩოვის დროს დაიღუპა ყველაფერი. საქართველოში როცა იყო, კახეთში წაიყვანეს ირემზე სანადიროდ. რისი მონადირე იყო! სამაგიეროდ, მუხრანის მეცხოველეობის ფერმაში ვიღაც უკრაინელი "დაიარკა" ნახა. გადაირია სიხარულით, - უყურეთ, ამ ქალმა 3000 კილომეტრი იმიტომ გამოიარა, რომ აქ ძროხები მოეწველაო! არადა, ვინ გაუბედავდა იმის კითხვას, - ამ ჩემი ცოდვით სავსეს 3000 კილომეტრზე ძროხა აღარ შეხვდა მოსაწველადო?!

მოკლედ, ნამეტანი ექსპერიმენტული იდეები ჰქონდა ხრუშჩოვს ამ დარგში. უყურა მუხრანულ ძროხებს, უყურა და დააბრეხვა სისულელე, - ამათ ბაგაზე ნუ აჭმევთ, პირდაპირ თივის ზვინებზე მიუშვით, იქვე წყალიც დაუდგით, გაცილებით ნაკლები შრომა დაიხარჯებაო. მე მითხრეს, - ხრუშჩოვის ამ ინიციატივაზე წერილი შენ უნდა დაწეროო. შავ დღეში ჩავვარდი, არ დამეწერა - ვაი იყო, დამეწერა, - უი... წავედი მუხრანის მეცხოველეობის ფერმის გამგესთან, კაცი ომში დაინვალიდებული იყო, ცალხელა და ცალფეხა, კალამი რომ გადამბრუნებოდა, სულ მოუღებდნენ ბოლოს. მაგრამ ჟურნალისტი ის არის, წერის უნარი ჰქონდეს, ვინ რა იყრანტალა, სიტყვასიტყვით კი არ ჩამოაჭიკჭიკოს, ისე გამოიყვანოს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური. დავწერე "კომუნისტში" ზუსტად ასეთი სტატია. ჟურნალისტი წერა-კითხვის მცოდნე უნდა იყოს, მაშინ მიხვდება, როგორ შეინარჩუნოს მწვადიც და შამფურიც. მაგრამ ახლა ჩვენს ტელევიზიებს ეს წერა-კითხვის მცოდნე ჟურნალისტები თვალში არ მოსდიოდათ და ჟურნალისტიკა დააქციეს. მარტო თითზე ჩამოსათვლელმა გაზეთებმა იმარჯვეს და ჟურნალისტიკა გადაარჩინეს. მხოლოდ გაზეთებში ჩანან ჟურნალისტები, ლიტერატურა რომ იციან. არადა, ლიტერატურას შეუძლია სილამაზის გადარჩენა. გასულ საუკუნეშიც ეს ლიტერატორებმა გააკეთეს.

- ალბათ მწერლებზე ამბობთ, გაგონდებათ რომელიმე?

- რას ჰქვია!.. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბაღში პირდაღებული შევცქეროდი გალაკტიონს, - ხუმრობდა ხოლმე. მასზე მძიმე დრო არ მოქმედებდა. ალბათ, არც დანარჩენებზე, სანამ არ დახოცეს. დღე ერთია და რატომ ათჯერ არ გამახსენდება, - წინანდლის ბაღი 1934-ში. იმ წელიწადს ამიერკავკასიის ფედერაციის მწერალთა ყრილობაც ჩატარდა. მთელი ეს ხალხი წინანდალში ჩამოიყვანეს საქეიფოდ. სუფრის თავში პაოლო იაშვილი იჯდა და თამადობდა. ტიციანი გვერდით ედგა, არ ჯდებოდა. პიჯაკში წითელი მიხაკი ჰქონდა გარჭობილი. მერე მოჰბეზრდა და ბაღში ჩავიდა. იქიდან ამ სუფრას პატარა ბიჭები უთვალთვალებდნენ. ტიციანს ერთი ბუთხუზა ბიჭი მოეწონა, ზურგზე შეისვა და "გააჭენა". ბავშვს ჩანს, შეეშინდა ამ უცხო კაცისა, ადგა და კისერში ჩააფსა! შე მამაძაღლო, ეს რა მიქენიო! - შესძახა ტიციანმა და მიწაზე დასვა. სიცილით კვდებოდა, თან კისერს და პიჯაკს იწმენდდა. სულ არ ანაღვლებდა, იმ პატივცემულ საზოგადოებას ასე რომ უნდა დაბრუნებოდა, სიცოცხლე უხაროდა და იცინოდა. აი, ასე უნდა გიხაროდეს სიცოცხლე და მაშინ ექნება აზრი ამქვეყნად ყოფნას...