"ჩვენ შინ ჩაკეტილი, განზე გაწეული ადამიანები ვართ, ჩვენი ხმაც არ ისმის..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ შინ ჩაკეტილი, განზე გაწეული ადამიანები ვართ, ჩვენი ხმაც არ ისმის..."

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

ორად გაყოფილი ცნობიერება დამანგრეველია, რადგან მთავარი - ადამიანი - ეძლევა დავიწყებას

სჯობს ხმამაღლა ვაღიაროთ: ჩვენ ვცოდავთ!

ბორდიურებითა და კიბეებით გამიჯნული სამყარო გაცილებით დიდი უბედურებაა, ვიდრე ხორციელი ტკივილი

"მინდა, ჩვეულებრივი ვიყო, რადგან ვარ კიდეც ჩვეულებრივი, ოღონდ შინაგანად... მინდა დავდიოდე, როგორც შემიძლია ვსწავლობდე, ვმუშაობდე... მინდა, საშუალება მქონდეს, დამოუკიდებლად ვიმგზავრო, ვისეირნო, მარტო წავიდე სადმე - ამას ვერც ოცნებას დაარქმევ და ვერც განსაკუთრებულ მოთხოვნას, ეს ასეც უნდა იყოს", - მეუბნება გიორგი ახმეტელი. 2003 წელს გიორგი ავტოკატასტროფაში მოხვდა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

არადა,  მათთვის ყველგან ბარიერია - ბორდიური, კიბე, გადასასვლელი... დანარჩენებისთვის ეს თითქოს არარსებული პრობლემაა, რადგან ისინი ეტლით არ დადიან. ორად გაყოფილი საზოგადოებრივი ცნობიერება კი დამანგრეველი შეიძლება გახდეს, აქ ხომ მთავარი - ადამიანი - ეძლევა დავიწყებას.

3 დეკემბერს მსოფლიო აღნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს.

გიორგი ახმეტელი, "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი: - სამწუხაროდ, ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრი არ გვაქვს. ასეთი ცენტრი არის ყირიმში, სადაც ქართველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმრავლესობამ გაიარა რეაბილიტაცია. ცენტრის უქონლობის გამო გვიხდება ერთდღიანი შეკრებების მოწყობა, გამოცდილები გამოუცდელებს ვუზიარებთ აზრებს... თუმცა, არც ჩვენ ვიცით ყველაფერი. ინფორმაციის გაცვლით, ერთმანეთის გაცნობით, მაგალითების ნახვით ბევრი რამ იცვლება, ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ჩვენი მარათონიც გიორგი სააკაძის მოედნიდან 3 დეკემბერს, 14 საათზე დაიწყება, 16.30 საათზე კი გაიმართება პარაკალათბურთის მატჩი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ცნობილი ადამიანები - ეტლებით იასპარეზებენ. მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა და იმ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების წარდგენა, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ.

- როცა განვითარებული ქვეყნების მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხვდებით, ალბათ, გრძნობთ კონტრასტს მათსა და ჩვენს ყოფას შორის.

- სარეაბილიტაციო ცენტრში გავიცანი სანფრანცისკოელი ბიჭი, რომლის ეტლსაც  არ ჰქონდა სახელურები, რაც  გადაადგილებაში გეხმარება. რამდენი ხანია ამ ეტლით სარგებლობ-მეთქი. 12 წელიაო. ალბათ ახლობლები გეხმარებიან-მეთქი. რატომ უნდა მეხმარებოდეს ვინმე, განა საკუთარ თავს ვერ მივხედავო? - მითხრა ამაყად, - თავად მივდივარ ყველგან, სადაც მჭირდებაო. თვალები გამიფართოვდა. მხოლოდ იმიტომ, რომ კიბეს სათანადო ასასვლელი არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მარტოს გადაადგილება არ შემიძლია, ის კი ყველგან თავად დადის: აუზზე, სუპერმარკეტში, სტუმრად... ისიც გაოცებული იყო, თქვენთან ეს როგორ არ არისო... მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ თავისუფალნი არ ვართ, ჩვენს უფლებებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არ ვიცით, რა როგორ მოვითხოვოთ. შინ ჩაკეტილი, განზე გაწეული ადამიანები ვართ, ჩვენი ხმაც არ ისმის...

3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით. გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორი აქტიურები შეიძლება იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. საზოგადოების მთავარი სტერეოტიპი იქიდან გამომდინარეობს, რომ არ სჯერათ ჩვენი შესაძლებლობების... არადა, რომ შეიქმნას შესაბამისი გარემო, ზოგი იურისტად იმუშავებს, ზოგი სპორტსმენი გახდება, ზოგი - მეცნიერი... ამის პოტენციალი არსებობს. მაგრამ შინ ჩაკეტილებს რა შეუძლიათ!..

...გიორგი ახმეტელი ძლიერი ბიჭია და მისგან მეც მინდა ვისწავლო, როგორ უნდა იბრძოლო მაშინაც კი, როცა ბრძოლა ძალიან ძნელდება... როცა გული დახშულია და ბარიერი აღმართული, უმთავრესზე - ადამიანობაზე ვამბობთ უარს... ჩვენ ერთნი ვართ. ამისი რამდენი მაგალითი ვიცით - შურკა დადეშქელიანი, ბიჭი, რომელიც უხელოდ დაიბადა, მაგრამ შეძლო, სულით არ დაცემულიყო. მე მას სიცოცხლის საგალობელი დავარქვი. ის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა, მისთვის სპეციალურად გაკეთებულ დაბალ მერხზე უარს ამბობდა და მაღალ მერხთან იჯდა. წერდა და ხატავდა, დაუხმარებლად სადილობდა და სტუმრებთან ჭიქასაც სწევდა - ფეხით, ცხადია. მან დაამტკიცა, რომ ძალიან დიდი ფიზიკური ნაკლიც კი არ არის განაჩენი...

და კიდევ: სიყვარულით დაწერილ წიგნს, "თეთრით შავზე", რომლის ავტორიც ბავშვობიდანვე სავარძელს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლით დაავადებული მსოფლიო მოქალაქე - რუბენ გალიეგოა, სწორედ არაადამიანურობასა და სისასტიკისათვის გაწნულ სილად აღიქვამს საზოგადოება. მისი ბავშვობის დროინდელი მოგონებები, ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსე ადამიანების დამოკიდებულება სარეცელზე მყოფი, ტკივილით გატანჯული ბიჭის მიმართ შემაძრწუნებელია. ბრმები ვყოფილვართ და გულიც არ გვქონია. რუბენ გალიეგო კი საკუთარ ძლიერებასა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სულით გაუტეხლობაზე წერს: "ამ წიგნის გმირები ძლიერი, ძალიან ძლიერი ადამიანები არიან. კაცს ხშირად უხდება ძლიერი და კეთილი იყოს. ეს ყველას არ შეუძლია. ყველას არ შეუძლია გადააბიჯოს სიცივისა და გულგრილობის ზღუდეს. საწყენია - ხშირად სიკეთე სისუსტეში ერევათ ხოლმე. ადამიანად ყოფნა ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი და ამისთვის არ არის საჭირო ვინმეს კუდი უქიცინო, არ არის საჭირო - მე ამის მჯერა".

განაჩენი - ბორდიურებითა და კიბეებით გამიჯნული სამყარო გაცილებით დიდი უბედურებაა, ვიდრე ხორციელი ტკივილი. სჯობს ხმამაღლა ვაღიაროთ: ჩვენ ვცოდავთ!

ჩვენ ბევრნაირი ვართ: გამრჯეები და ზარმაცები, სწავლულები და უბირები, მომღერლები და მოცეკვავეები, მორბენლები და ეტლით მოსიარულენი, თვალხილულები და თვალისჩინწართმეულები, მახვილსმენიანები და სიჩუმეში ჩაძირულები - ყველანი ადამიანები ვართ... სწორედ ამის დასტურად უნდა ვიყოთ ერთად 3 დეკემბერს... და საერთოდაც ცხოვრებაში!

"პალიტრამედია" 3 დეკემბრის ღონისძიების მხარდამჭერი და გულშემატკივარია