"რა უნდა მოვთხოვოთ დასავლელ მეგობრებს, რომლებსაც არ უცხოვრიათ ამ ცხრაწლიან კოშმარში" - კვირის პალიტრა

"რა უნდა მოვთხოვოთ დასავლელ მეგობრებს, რომლებსაც არ უცხოვრიათ ამ ცხრაწლიან კოშმარში"

"ნაციონალების გააქტიურება ახალი ხელისუფლების შეცდომებითაა ნაკარნახევი"

მაშინ, როდესაც საქართველოში ხალხისთვის სამართლიანობის განცდის დაბრუნებას პრემიერ-მინისტრი უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს, ყოფილი ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ერთი ნაწილი საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებათა სერიას პოლიტიკურ დევნას უწოდებს. სად გადის ზღვარი სამართლიანობისათვის ბრძოლასა და პოლიტიკური მოტივით ოპონენტის დევნას შორის? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე მწერალ კონსტანტინე ჯანდიერს ვესაუბრეთ:

- ოპოზიცია ახალ ხელისუფლებას აბრალებს, დაპირებების შესრულება არ შეუძლია და ამის მიჩქმალვას დაპატიმრებებით ცდილობსო.

- აღმაშფოთებელი უტიფრობაა, როდესაც მსგავს ბრალდებას აყენებს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც ცხრაწლიანი ერთპარტიული მმართველობითა და დასავლეთისაგან მინიჭებული სრული ფინანსურ-პოლიტიკური კარტ-ბლანშით არც ერთი დაპირება არ შეუსრულა ხალხს. ამ დემაგოგიას ჯერჯერობით ქვეყანაში არა აქვს გასავალი, ის დასავლეთის რეაქციაზეა გათვლილი და "ნაცების" ანტისახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნაწილია.

შესაძლებელია ამ რიტორიკამ დროთა განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილზეც მოახდინოს ზეგავლენა, თუკი ქვეყანაში მართლაც გამწვავდა კრიმინოგენული ვითარება, თუ საეჭვოდ გახშირდა დაპატიმრება ნარკოტიკებისა და იარაღის ტარების ბრალდებით და თუ ხალხის მატერიალური მდგომარეობა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ოდნავ მაინც არ გაუმჯობესდა.

- ხელისუფლება დილემის წინაშეა: ერთი მხრივ, უნდა ხალხს სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს და აპატიმრებს მაღალჩინოსნებს, მეორე მხრივ, დასავლეთი ამას აღიქვამს პოლიტიკურ რეპრესიად.

- ჩემი აზრით, ცუდი ის არის, რომ ამ საუბრის დროს მე და თქვენ უნებლიეთ ვიყენებთ ტერმინს "მაღალჩინოსნების დაპატიმრება" იმ პროცესების აღწერისას, რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება. ეს უბრალო ლაფსუს ლინგვე არ არის, ამაში გამოიხატება არაცნობიერი განწყობა-დამოკიდებულებები, რასაც ჩვენში იწვევს მოვლენათა თანამიმდევრობა. რა უნდა მოვთხოვოთ უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით არ უცხოვრიათ მთელ ამ ცხრაწლიან კოშმარში. ამის მიზეზი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ტაქტიკაში დაშვებული შეცდომებია. მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა ციხეებში მასობრივი დანაშაულის, ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და ვაზაგაშვილის მკვლელობათა გამოძიებითა და ამ საქმეებში მხილებულ პირთა დასჯით რომ დაწყებულიყო, აღარავის გაუჩნდებოდა კითხვები გენერალ კალანდაძისა და სხვა პირთა დაკავებაზე. და პირიქით - თუკი პირველივე დაპატიმრებებს ამდენი (თუნდაც უსამართლოდ დასმული) კითხვა მოჰყვა, მაშინ შესაძლებელია უნდობლობის ჩრდილი ზემოხსენებულ გახმაურებულ საქმეთა გამოძიებასაც მიადგეს. ამ ვითარების გამოსწორება შეიძლება ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან მუდმივი კომუნიკაციით, ხელისუფლების პოზიციის პერმანენტული განმარტებით და მთელი სახელისუფლებო გუნდის ურთიერთშეთანხმებული საჯარო გზავნილებით. დასავლეთში სიტყვებს მეტ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდნენ, ვიდრე საქმეს, სააკაშვილი ცხრა წლის განმავლობაში ვერ იმეფებდა. მოგვწონს თუ არა კრეტინიზმამდე მისული, ლამის ცივილიზაციურ პრობლემად ქცეული პოლიტკორექტულობა, ხელისუფლებაში მყოფი პირები ვალდებული არიან, ანგარიში გაუწიონ ამ სტანდარტს, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს.

მესმის, როდესაც გენერალური პროკურორი აცხადებს, საქმეები განიხილება იმ რიგითობით, როგორითაც საჩივრებია შემოსულიო. ეს სამართლიანი მიდგომაა, მაგრამ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, რომელთა დროული გამოძიება ნდობას განაპირობებს როგორც შინ, ისე გარეთ.

ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია სააკაშვილის ბანდის სტრატეგიული ამოცანაა, ამასთან, ეს პრევენცია და პიარსვლაცაა - მოსალოდნელი დაპატიმრება, რა ბრალდებითაც უნდა მოხდეს, ოპოზიციის მიერ წინასწარ ცხადდება "შეთითხნილ" და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად. "ნაცების" სტრატეგიაცა და ტაქტიკაც სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ამას ემატება დასავლეთის მედიასთან, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, ლობისტური საქმიანობისთვის საჭირო უკონტროლო ფული და სხვ.

"ნაცების" გააქტიურება, ერთი მხრივ, თვითგადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახები, ხოლო მეორე მხრივ, განპირობებულია ახალი ხელისუფლების შეცდომებით, სწორი კომუნიკაციის დეფიციტითა და ასინქრონული გზავნილებით.

მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გარყვნილ, სისხლში ამოსვრილ და დისკრედიტირებულ გუნდს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არა აქვს.

- თუ იმსახურებს კრიტიკას ახალი ხელისუფლება, რომელია ყველაზე თვალსაჩინო?

- დასავლეთის მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებსა და მთავრობებთან მუდმივი კომუნიკაცია და სწორად ინფორმირების მექანიზმები რომ ყოფილიყო აწყობილი, არ იქნებოდა რასმუსენის განცხადებები და "ვაშინგტონ პოსტის" კატასტროფული სარედაქციო წერილი. ახლა "ვაშინგტონ პოსტთან" პოლემიკის დრო კი არა, სერიოზული, მათ შორის საკადრო ნაბიჯებიცაა გადასადგმელი.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მმართველი ძალის წარმომადგენელთა ფრაზეოლოგიასა და ლექსიკას. გასაგებია, ყველა თეა წულუკიანი ვერ იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება შეთანხმება იმაზე, რომ ხელისუფლების სახელით ილაპარაკოს იმან, ვინც იცის თანამედროვე პოლიტიკური ენა.

ჩვენს სამინისტროებსა და უწყებებს არ გააკოტრებს კვალიფიციური პიარმენეჯერისა და პოლიტტექნოლოგის დაქირავება, რომლებიც შექმნიან ერთიან სამთავრობო საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც გამორიცხავს ურთიერთშეუთანხმებელი ან პოლიტიკურად არამიზანშეწონილი განცხადებების კეთებას.

რაც შეეხება განათლების, კულტურის, ენერგეტიკისა და სხვა სამინისტროებში არსებულ პრობლემებს, ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი, პროცესის თანამდევი მოვლენებია, განსაკუთრებით იმ მძიმე მემკვიდრეობით დამძიმებული, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. თუ რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა სწორი, ივანიშვილის გამოცდილების მქონე მენეჯერს არ გაუჭირდება ასეთი ხარვეზების გამოსწორება.

-  როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის ბედი?

- ამაზე ფიქრით თავი არ დამიღლია. იმედია, სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს რევანშის ნებისმიერი მცდელობის უპერსპექტივობა. მისი პატარ-პატარა მავნებლობა განკუთვნილია იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეინარჩუნოს "ნაცმოძრაობის" ფრაგმენტები და სრულ მარტოობასა და იზოლაციაში არ აღმოჩნდეს.