"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" - კვირის პალიტრა

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს"

ცოტა ხნის წინ გერმანიაში, ლაიფციგის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (DOK Leipzig), ქართული ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" პრემიერა გაიმართა. ლაიფციგში წარმატებას ორიოდე კვირაში ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) მიწვევა და კვლავ წარმატება მოჰყვა. ფილმი საუკეთესო დებიუტის, ახალგაზრდებისთვის შექმნილი საუკეთესო ფილმისა და მაყურებლის პრიზის ნომინაციებზე წარადგინეს და აშშ-ში "სანდენსის" ცნობილ ფესტივალზეც მიიწვიეს.

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" არის კინოში გადაღების მსურველთა ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს  მოგვითხრობს. კასტინგში მონაწილენი ცდილობენ რეჟისორი დაარწმუნონ, რომ მათი ამბავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ფილმის გმირები არიან: პატარა ბიჭი, რომელიც აჭარის მთიან სოფელში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში ცხოვრობს და ლამაზ მომავალზე ოცნებობს; ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცდილობს ციხეში დიდი ხნით ტუსაღობისთვის განწირულ ძმას მომავლის იმედი დაუბრუნოს... შთამბეჭდავია რაჭის რამდენიმე სოფლის გამგებლის, ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც ქალაქს ტოვებს, რომ სოფლებში მარტო დარჩენილ მოხუცებს დაეხმაროს და ცხოვრება გაუიოლოს. ფილმი 13 ჩანაწერისგან შედგება. 13 ადამიანი სულის შემძვრელად, მხიარულად ან უბრალოდ საინტერესოდ მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ.

"კვირის პალიტრა" რეჟისორ თინათინ გურჩიანს ესაუბრა:

- გერმანიიდან დაბრუნებულს გადაწყვეტილი მქონდა, გადამეღო ფილმი კასტინგის შესახებ, მენახებინა, რომ საქართველოში რეალური სახეები თავიანთი რეალური ისტორიებით არანაკლებ საინტერესონი არიან, ვიდრე გამოგონილნი. ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად ახლოს უნდა გამეცნო 15-25 წლის ახალგაზრდები. ძალიან ბევრი წერილი მივიღეთ, ჩასაწერადაც ბევრი მოვიდა -  სევდიანი თუ ღიმილიანი ამბებით... ფილმში წარმოდგენილია თაობა, რომელსაც თვითონ არ აურჩევია საცხოვრებლად ის გარემო, სადაც დაიბადა და ცხოვრების აწყობას ცდილობს, გარემო, რომელიც მუდმივად ცვალებადი, არასტაბილური და არასახარბიელოა ახალგაზრდისთვის... მიუხედავად ამისა, ისინი დაუღალავად იბრძვიან მომავლისთვის...

როცა სადიპლომო ფილმს ვაკეთებდი, რამდენიმე ახალგაზრდას გავესაუბრე. ერთმა ბიჭმა მითხრა, ვისურვებდი ისეთ მანქანას, რომელიც ყველაფერს გააქრობსო. Eეს ფრაზა ჩამრჩა გონებაში და იგი ლაიტმოტივად გასდევს ახალ ფილმსაც. ჩემს გმირებსაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ინატრებდნენ მანქანას, რომელიც ყველაფერ არასასურველს გააქრობს.

- გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ უცხოელებისგან შედგებოდა?

- საგულდაგულოდ შევარჩიე მრავალეროვანი გუნდი, რომელიც ქართულ ენას და კულტურას არ იცნობდა. შესაბამისად არაფერი ესმოდათ გადაღების პროცესში, მაგრამ გმირების განცდებს ზუსტად გრძნობდნენ. ერთნაირად ვასკვნიდით, ვინ იყო განსაკუთრებით საინტერესო პერსონაჟი და რატომ.

- რამ მოხიბლა კინომეტრები ფესტივალებზე?

- ალბათ, იმან, რომ ეს ისტორიები უნივერსალურია და ყველა მაყურებელი პოულობს მასში თავისთვის საინტერესო ამბავს. განსაკუთრებით მოსწონთ (იქნებ აფიქრებთ კიდეც), რომ ფილმის გმირები სირთულეების გამო კი არ ბოროტდებიან, სითბოს და  სიყვარულს ინარჩუნებენ და გაძლევენ სტიმულს საბრძოლველად - ცხოვრება რთულია, მაგრამ ბრძოლად ღირს!

ფილმი იღბლიანი გამოდგა. მგონი, არ დარჩენილა ცნობილი ფესტივალი, სადაც არ მივუწვევივართ. "სანდენსში" იანვარში ვიქნებით. იმავდროულად,  შვედეთში გოტებორგის და ფინეთში ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მივიღებთ მონაწილეობას. მანამდე, დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება, შეაფასოს "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს".

ეს ფილმი ჟიურის რჩეულ სამეულში მოხვდა

ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალი IDFA- დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალია მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიისთვის სულ 50 ფილმს არჩევს დაახლოებით 8 000 ფილმიდან. ამ ფესტივალის კონკურსზე ქართული ფილმი არასოდეს მოხვედრილა, თუ არ ჩავთვლით ქართველი რეჟისორის, არჩილ ხეთაგურის რუმინეთში გადაღებულ ფილმს "ნოოსერა". IDFA-ზე თინათინ გურჩიანის ფილმი საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში ჟიურის რჩეულ სამეულში მოხვდა.

აშშ-ის უმთავრესი კინოფესტივალის, "სანდენსის" საკონკურსო პროგრამაში მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 12-12 საუკეთესო მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ეძლევა მონაწილეობის უფლება. ამ ფესტივალშიც პირველად მონაწილეობს ქართული ფილმი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საფრანგეთში გადაღებულ გელა ბაბლუანის მხატვრულ ფილმს "ცამეტი"”და რეჟისორ ნინო კირთაძის ასევე უცხოეთში გადაღებულ "დურაკოვოს".