"იმასაც ვეცადეთ, პრემიერ-მინისტრისთვის ყველაფერი გვეცნობებინა..." - კვირის პალიტრა

"იმასაც ვეცადეთ, პრემიერ-მინისტრისთვის ყველაფერი გვეცნობებინა..."

რა გახდა "მეცხრე არხიდან" ჟურნალისტების მასობრივად წამოსვლის რეალური მიზეზი

მას შემდეგ, რაც "მეცხრე არხის" დირექტორმა თანამდებობა დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კახა ბექაურმა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აკაკი სიხარულიძის ადგილი დაიკავოს. თუმცა, თვითონ ბექაური არც ძველი თანამდებობის დატოვების მიზეზებს აზუსტებს და არც ახლის შესახებ ამბობს რამეს. სატელეფონო ზარებს არც კახა ბექაურის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა ბერიძე პასუხობს. 30 ნოემბერს მან საავტორო გადაცემაში "მთავარი კითხვა" განაცხადა, რომ შეშფოთებულია არხზე შექმნილი ვითარებით და უხერხულად გრძნობს თავს, რადგან მოვლენები მისი ქმრის სახელს უკავშირდება, მაგრამ ის მაინც რჩება ამ ტელევიზიაში, რათა არხის ინტერესები არ დაზარალდეს. ეკა ბერიძისგან განსხვავებით, არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ, რეგიონების მთავარმა პროდიუსერმა ირაკლი აბსანძემ და ათმა ჟურნალისტმა, რომლებიც პროტესტის მიზეზად არხის გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის პოზიციას ასახელებენ.

მალხაზ ჭკადუა, "მეცხრე არხის" ყოფილი ჟურნალისტი: "არ არის მართალი, თითქოს ბექაურს გამოვყევით. კახას წამოსვლა გახდა სიგნალი, რომ იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. სამწუხაროდ, ადრეც იყო ნიშნები იმისა, რომ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა "ქართული ოცნების" გავლენიან პირებთან და შეიძლებოდა არხის ხელმძღვანელობა დაეტოვებინა. ალბათ, ამაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერიც, - ამჟამინდელი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ექსპერტ გია ხუხაშვილის საუბარი, სადაც "მეცხრე არხის" პირველ პირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

როგორც ჩანს, ბექაური აქამდე ახერხებდა იმ საფრთხეების აცილებას, რაც ამჯერად გარდაუვალი გახდა. "მეცხრე არხზე" საინფორმაციო სამსახური დამოუკიდებელი ვეღარ იქნება. ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა მოსვლისთანავე თქვა, რომ თურმე ჩვენ ვაკეთებდით ფერმას, ის კი სახალხო ტელევიზიას გააკთებს. ამასთან, ნიუსები მისი ინტერესების მიხედვით უნდა გავიდეს საინფორმაციოში. უკმაყოფილება გამოთქვა, პირველი ეს ნიუსი რატომ გადის და შემდეგ სხვაო. აქამდე არავინ ერეოდა ჩვენს მუშაობაში, ბექაურიც კი. ჩვენ წამოვედით, ვნახავთ, როგორ სახალხო ტელევიზიას გააკეთებს ლუბა ელიაშვილი.

თავის დროზე, როდესაც არხზე სამუშაოდ მივედი, კახა ბექაურისგან ვიცოდი, რომ უნდა შეგვექმნა ახალი ტიპის ნიუსების არხი, სადაც ძირითადი განმსაზღვრელი იქნებოდა ნიუსები და ტოქშოუები. ასეც ვმუშაობდით. გასაგებია, რომ საერთო მაუწყებლობაზე გადადის არხი და ამ ტიპის ტელევიზიაში ნიუსი დოზირებულია, არ არის წამყვანი სეგმენტი. ასეთი ცვლილება კახას დირექტორობის შემთხვევაში შიდაკორპორატიული განხილვის საგანი გახდებოდა, ქალბატონმა ლუბამ კი იმპერატიული ტონით თქვა, ვცვლი ნიუს-ჩენელსო, არც მიუნიშნებია, რომ ვინმეს აზრი აინტერესებდა ამ თემაზე. გაკვრით თქვა, გადავხედავთ კონტრაქტებს, ხელფასებსო და ა.შ. ისიც დასძინა, არხიდან წასულ ჟურნალისტებზე სანქციებს დავაწესებო. არ ვიცი, რა იგულისხმა.

- ის ხომ მუშაობდა თქვენს გვერდით, გენერალური დირექტორის მოადგილედ, მაშინ არ გქონდათ პრობლემები?

- საერთოდ, ლუბა ელიაშვილის მოსვლა არასდროს არ იყო სასიამოვნო და მისაღები არხის ნიუსდეპარტამენტისთვის. თუმცა, მას შეხება არ ჰქონდა არხის საინფორმაციო პოლიტიკასთან. ელიაშვილი დაკავებული იყო მხოლოდ "ინფო 9"-ით. საინფორმაციო გამოშვებებს აკეთებდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თამარ რუხაძე, რეგიონებში კი ირაკლი აბსანძე.

- ოდესმე თუ შეგინიშნავთ კახა ბექაურის უთანხმოება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან?

- ვიმეორებ, ამას მოწმობს ცნობილი ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ხუხაშვილი ამბობს, რომ ლუბა ელიაშვილს მიავლენენ "მეცხრე არხზე" და თუ არ დაალაგებს, მიანგრევს მაინც ყველაფერს. როგორც ჩანს, ახლა სწორედ ეს ხდება. არავინ იფიქროს, რომ არ ვიბრძოლეთ არხზე დასარჩენად. იმასაც ვ\ცდილობდი<თ, ახლანდელ პრემიერ-მინისტრს დავკავშირებოდით და ყველაფერი გვეცნობებინა. თუმცა ვერ მოვახერხეთ... თავის დროზე, მან კახა ბექაურის პირით მოგვცა გარანტია, რომ არხი დამოუკიდებელი იქნებოდა. რვა თვის განმავლობაში ცენზურის შემთხვევები არც ყოფილა. ახალი გენერალური დირექტორიც ამბობს, რომ არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ამიტომაც წამოვედით.

- დადის ხმა, თითქოს ჟურნალისტები ამ ვითარებას იყენებთ, რომ "იმედში" გადახვიდეთ.

- ჩემთვის არავის დაურეკავს "იმედიდან". რომც დარეკონ, სერიოზულად ვიფიქრებ, გადავიდე თუ არა. ეს რომ გვნდომოდა, მოვახერხებდი დარეკვას არხის დირექტორსა და საინფორმაციოს ხელმძღვანელთანაც. "მეცხრე არხიდან" წამოსვლის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ ლუბა ელიაშვილს შევთავაზეთ, რომ სანამ შემცვლელებს მოძებნიდნენ, არხზე მუშაობას გავაგრძელებდით, მან გვიპასუხა, საჭირო არ არისო.

- თუკი ივანიშვილს შეხვდებოდით, რის თქმას აპირებდით?

- სიმართლის. იმის თქმა კი არ გვინდოდა, არიქა, ბატონო ბიძინა, გვიშველეთ-მეთქი, არამედ გვსურდა სიმართლე გაეგო. როდესაც ამის სიგნალი მიუვიდა, იკითხა, რა ხდებაო. უპასუხეს, რომ არხის რეორგანიზაციაა და ყველაფერი რიგზეა. ერთი საათის შემდეგ კი ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, რომ არხის რეორგანიზაცია დასრულდა! ის არავის არაფერს ეკითხება. გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.

სამწუხაროდ, ახლა მხოლოდ იმის თქმის საბაბი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" სწორედ იმავეს უკეთებს "მეცხრე არხს", რაც თავის დროზე "ნაციონალებმა" დამართეს "რუსთავი 2"-ს. გვინდოდა ეს ყველაფერი სწორად გვეცნობებინა არხის მფლობელისთვის.