კონტრასტების ეფექტი - კვირის პალიტრა

კონტრასტების ეფექტი

რა მართავს სოციალურ პროტესტს?

"შესაძლოა, ხალხის ნაწილმა  რეალობის გრძნობა დაკარგა და ჰგონიათ, რომ შესაძლებელია ერთ და ორ თვეში გაკეთდეს ის, რაც ცხრა წელი ფუჭდებოდა"

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ჩატარებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 57%-ისთვის სოციალური პროტესტის ფორმად კანონიერი დემონსტრაციებიც კი მიუღებელი იყო. გამოკითხულთა უმრავლესობა გმობდა გაფიცვებს, რკინიგზისა და ავტოსატრანსპორტო მაგისტრალების გადაკეტვას, შენობების პიკეტირებას.

ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, სულ რაღაც თვე-ნახევარში კი ხალხმა გამოიყენა პროტესტის თითქმის ყველა ჩამოთვლილი ფორმა. აღმოჩნდა, რომ სოციალური პრობლემებით გაწამებული მოსახლეობა ყველაფერს ითმენდა იმ ხელისუფლების ხელში, რომლის დროსაც მათი მდგომარეობა გაუარესდა, მოთმინების ფიალა კი იმასთან აევსო, ვისაც ჯერ წესიერად არც აუღია მართვის ბერკეტები. ამიტომაც ფსიქოლოგები და სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ავტობუსის მძღოლების, მაღაროელების, პატიმრების, უსახლკაროების და სხვათა პროტესტი ბადებს ეჭვს, რომ ამ ხმაურიან გამოსვლებს რაღაც ძალა მართავს.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი - იმისათვის, რომ დღეს აგორებული საპროტესტო ტალღის ზუსტი მიზეზები დაასახელო, უნდა ჩატარდეს ე.წ. "ამბოხებულთა" ნაწილის გამოკითხვა. ზედაპირულად კი, შესაძლოა, ვისაუბროთ რამდენიმე მიზეზზე, მათ შორის იმაზეც, რომ ვიღაც ცდილობს მათ პროვოცირებას და ხმაურიანი პროტესტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. ხალხი შეწუხებულია წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებით, მაგრამ ეს პრობლემები მათთვის ახალ ხელისუფლებას არ შეუქმნია, რომ ახლა პასუხი მოსთხოვონ. საზოგადოება პასიურია. ის წლების განმავლობაში ითმენდა დამცირებას და ახლა თუ ვიღაც არ უბიძგებს, იოლად არ გამოვა გარეთ და ხმაურს არ ატეხს. შესაძლოა, ისიც, რომ ხალხის ნაწილმა რეალობის გრძნობა დაკარგა და ჰგონიათ, რომ შესაძლებელია ერთ და ორ თვეში გაკეთდეს ის, რაც ცხრა წელი ფუჭდებოდა.

- შესაძლოა, ეს მცირერიცხოვანი ჯგუფები ვინმემ მასობრივი საპროტესტო აქციისთვის გამოიყენოს?

- ფსიქოლოგიაში არსებობს კონტრასტების ეფექტი, რომლის მიხედვითაც ძალადობრივი რევოლუციები ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ხალხს უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდება და არა - სრული უიმედობის ჟამს. ახლაც უკმაყოფილების გამოხატვის მიზეზი ის არის, რომ რაღაცის იმედი მოგეცა და სასწრაფოდ ითხოვ დანაპირების შესრულებას.

ეს მომწიფებული სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა არ არის, ეს არის ბავშვური ახირება. თუ მათ არავინ მართავს და სტიქიურად ხდება ასეთი გამოსვლები, ეს არის ხალხის სულმოკლეობის ნიშანი, რომლის პრინციპია: "არ მაინტერესებს არაფერი, მინდა ჩქარა მივიღო, რასაც ვითხოვ!"

- უკმაყოფილებას იწვევს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, რომ კრიმინალის შესაძლო მატების შემთხვევაში ამ მოვლენას გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

- განცხადება, დანაშაული მოიმატებსო, არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ტყუილი ხომ არ უთქვამს?

3000 პატიმრის ამნისტიას სხვა რა მოჰყვება? ან იქნებ ამნისტიის წინააღმდეგი ვართ? რა გვინდა, მოგვატყუონ? როგორც ჩანს, ხალხი მიეჩვია ტყუილს - ხელისუფალმა აუცილებლად უნდა გითხრას რაღაც კარგი. რეალურად რა მოხდება, ეს მეორეხარისხოვანია. რა გამოდის? ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით ელაპარაკოს, ვიდრე დაანახოს მოსალოდნელი პრობლემა და დააფიქროს მოგვარების პროცესში თანამონაწილეობაზე... ადამიანი კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ რეალურად უნდა აფასებდეს მოვლენებს;

პოლიტიკური მოჩვენებითობის დრო უნდა დამთავრდეს და ამაზე სწორედ საზოგადოებამ უნდა თქვას უარი.

მიმდინარე პროცესების შედეგად საზოგადოებაში მალე მოხდება მნიშვნელოვანი ძვრები, რაც ხალხის აზროვნებას შეცვლის. მანამდე კი საზოგადოება დაფიქრდება, როგორი საშუალება მიეცა მძიმე რეალობის შესაცვლელად - ეს არის პროტესტის გამოხატვის უფლება, რომელსაც არ მოგცემს ხელისუფლება, თუ მისი მიზანი ქვეყნის აშენება არ არის.

თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა

ილია