როგორი იქნება ახალი შრომითი კანონმდებლობა? - კვირის პალიტრა

როგორი იქნება ახალი შრომითი კანონმდებლობა?

ის, რომ საქართველოში შრომითი კანონმდებლობა ძირეულად გადასახედია, ამაზე არავინ დაობს. მეტიც, საკანონმდებლო უწყება აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ სტანდარტებს ეტაპობრივად მაინც მიუახლოვოს. ბოლო ცვლილებებით ცნობილი ხდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურა ახლებურად განისაზღვრება. მოქალაქეების სამუშაოდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება რომ არ მოხდეს, საქართველოს შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები შედის. ბიზნესის წარმომადგენლები კი კანონმდებლების ამ ინიციატივას ცოტა სკეპტიკურად აფასებენ და ამბობენ, რომ თუ ლიბერალურის ნაცვლად კონსერვატიული შრომითი კანონმდებლობა გვექნება, ეს ბიზნესკლიმატს გააუარესებს.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- შრომის კოდექსი ის მძიმე ტვირთია, რომელიც ძველი ხელისუფლებისგან ერგო ახალ ხელისუფლებას და რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს შემდგომ წინსვლას. ზოგადად, თუ ამ საკითხს უფრო გლობალურად შევხედავთ, მორალის, ეთიკის და სამართლიანობის პოზიციიდან, ადამიანი მიზანია, ხოლო ყველა დანარჩენი, სახელმწიფო იქნება თუ მისი რომელიმე ინსტიტუტი - საშუალება. ჩვენს ეპოქაში კი პირიქით, კონკრეტულ იდეებს ადამიანები და თაობები, მათი ინტერესები ეწირებოდა. ის, რომ არსებული შრომითი კოდექსი უფრო მეტად დამქირავებლის ინტერესებზეა მორგებული, არახალია და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ამით თითქოსდა უცხოელ ინვესტორებს დავაინტერესებდით და ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდავდით. ეს ძალიან მარტივი, პრიმიტიული წარმოსახვაა, რადგან კონკრეტულ ბაზარზე უცხოელ ინვესტორს აინტერესებს არა მხოლოდ სამუშაო ძალისადმი მისი დამოკიდებულება, სამუშაო ძალის გამოყენების სიმარტივე, არამედ ზოგადი სამართლებრივი კლიმატი და ბევრი სხვა გარემოება. მაგალითად, ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტი - საკრედიტო რესურსისადმი ხელმისაწვდომობა, გასაღების ბაზარი და ა.შ.

უფრო გლობალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, უცხოელი ინვესტორი ფულს დებს იმ ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტია სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და არა სელექციური, შერჩევითი სამართალი. ასე რომ, უამრავ ასეთ პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და დღემდე არსებობს სხვადასხვა ფორმით, მხოლოდ სამუშაო ძალის შოვნის და დათხოვნის სიიოლე ვერ გადაწონიდა. შორს რომ არ წავიდეთ და ევროპას და ამერიკას არ გამოვეკიდოთ შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებაც საკმარისი იქნება. მაგალითად, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა სწორედ ზემოთ ხსენებული მოჩვენებითი ფაქტორი მუშაობდა ინვესტიციების მოსაზიდად, ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე 1,8-ჯერ ნაკლები იყო ინვესტიციების მოცულობა, ვიდრე მეზობელ სომხეთში. აზერბაიჯანს ხომ საერთოდ ვეღარ შევედრებით. მაშინ, როცა ჩვენთან 2006 წლის შემდეგ დაახლოებით 7 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი იყო ინვესტიციების მოცულობა, აზერბაიჯანში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეიძლება ვიღაც შემეკამათოს, რომ ნავთობისა და გაზის კომპლექსის გამო არის მეზობელ აზერბაიჯანში ინვესტიციების ასეთი მოცულობა, მაგრამ მთლიანობაში ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია და მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით ხუთჯერ მეტია საქართველოსთან შედარებით.

ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ყველა მიმართულებით. თუ გვინდა, რომ საინვესტიციო გარემო იყოს მიმზიდველი, თვითონ ადამიანების ცხოვრების და არსებობის გარემო უნდა იყოს სამართლიანი. ადამიანი გაჭირვებას უფრო იოლად ეგუება ვიდრე სოციალურ უსამართლობას. ამიტომ, ადამიანური ფაქტორი წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ და ასეთ შემთხვევაში ინვესტიციებიც იქნება და სხვა პოზიტიური დატვირთვის მატარებელი პროცესებიც.

- როგორი უნდა იყოს შრომითი კანონმდებლობა, რომ დამქირავებელმაც და დაქირავებულმაც დაცულად იგრძნონ თავი?

- ქართული ანდაზა ხომ გახსოვთ: მკაში პირობას, ხვნაში პირობა სჯობიაო. შრომითი ხელშეკრულების დროს უნდა გაიწეროს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მაგრამ ახალ შრომით კოდექსში დაქირავებულის ინტერესების, უფლებების დაცვაზე ზრუნვა ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ მისი დათხოვნა ისეთივე რთული პროცესი გახდეს, როგორც გიორგი დანელიას ერთ-ერთი ფილმის გმირის, დაუდევარი სანტექნიკოსი აფონიას სამსახურიდან გაშვება. ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში და აქ ბაზარი განსაზღვრავს მოთხოვნის პირობებს, სადაც სამსახურსი გულხელედაკრეფა, დაუსრულებელი ყავის სმა და მრავალჯერადი ნახევარსაათიანი შესვენებები არ გამოგვადგება. ასე არ გამოვა! ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი სამუშაო ადგილის მნიშვნელობა, მისი ფასი, მაგრამ ამავე დროს, სამუშაო ადგილი უნდა იძლეოდეს მისთვის ღირსეული შრომის საშუალებას. და არც ისე უნდა იყოს, როგორც ერთ-ერთ ფრანგულ ფილმშია, როცა დამქირავებელი დაქირავებულს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ მას ნოტიო ხელის გული აქვს.

- თუმცა, მხოლოდ შრომითი კანონმდებლობის დახვეწა, ევროპულთან მისი მიახლოება ვერაფერს გახდება იმ დიდ პრობლემასთან, რასაც ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა ჰქვია...

- გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2 200 000 იყო. სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, დღეს საქართველოს 632 000 დაქირავებით დასაქმებული ჰყავს. მართალია, ვამბობთ, რომ მას შემდეგ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ერთი მილიონით შემცირდა, მაგრამ თუ ეს ასეა, გამოდის რომ ერთი მილიონით შეგვიმცირდა მოსახლეობა და 1 600 000-ით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. დაქირავებით დასაქმების დონე არასდროს არის მთლიანი მოსახლეობის 40-50%-ზე უფრო მაღალი და თვით ყველაზე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი ამ ფარგლებში მერყეობს. ჩვენც აქეთ უნდა ვისწრაფოდეთ. ეკონომიკური მიგრანტების დიდი ნაწილი ელოდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესებას, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და აქ შექმნილი დოვლათით შეძლონ თავიანთი ოჯახების და ახლობლების რჩენა.

(სპეციალურად საიტისთვის)