თქვენს ძროხას საყურე აქვს? - კვირის პალიტრა

თქვენს ძროხას საყურე აქვს?

ძროხების პატრონებო, იყავით ფრთხილად! თუ თქვენი ძროხა რამეს დააშავებს, პასუხს აგებთ კანონის წინაშე!

საღამო ხანი იდგა, ყვარლიდან თბილისში მანქანით ვბრუნდებოდი. გზად ნახირი გადაგვეღობა. ჩემი ყურადღება საყურეჩამოკონწიალებულმა ძროხებმა მიიქციეს. წარმოგიდგენიათ, რა სანახავი იქნებოდა საძოვრიდან შინ მიმავალი, დაღლილ-დაქანცული ძროხა საყურით?!. სიცილით გული რომ ვიჯერე, მერე მიზეზით დავინტერესდი. თანამგზავრმა ამიხსნა, ახალი წესი შემოიღეს, საყურე დანომრილია და გლეხი სახელმწიფოს უნებართვოდ ძროხას ვერ დაკლავს, ფული უნდა გადაუხადოსო.

რა დასამალია და, წინა ხელისუფლება ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა, მაგრამ პირუტყვის საყურეებით მოკაზმვა მეტისმეტია და თანაც სულ ცინცხალია ამბავია - ძროხის "სამკაულით მორთვა" ზაფხულში გადაწყვეტილა.

რაღა უჭირთ გლეხებს, ჯერ იყო და პირუტყვს მთავარ გზებზე გამოჩენა აეკრძალა. მერე, ახლომდებარე საძოვრების უმრავლესობა კერძო საკუთრების ხელში აღმოჩნდა. რა საინტერესოა, თუ გზებზე გავლა აუკრძალეს, ეს ძროხები ფრენით ხომ არ გაეშურებოდნენ შორს მდებარე საძოვრებისკენ? ნეტა ამაზე თუ იფიქრა ვინმემ?

ხუმრობა იქით იყოს, როდესაც საყურეების ჩამოკიდების მიზეზით დავინტერესდი, ძროხების პატრონებმა ამომწურავი პასუხი ვერ გამცეს. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მათი ძროხები გამგეობაში აღრიცხვაზე ააყვანინეს.

ცნობისთვის, სახელმწიფომ რქოსანი პირუტყვის აცრა წინასაარჩევნოდ წამოიწყო. ცხოველები განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე აცრეს. სწორედ ამ პროცესის თანამდევი ყოფილა საყურეებიც. უბრალო საყურეები არ გეგონოთ, ბატონო, მასზე უნიკალური ნომერია დატანილი, რომელიც ძროხისა და პატრონის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

ამრიგად, აცრილი, საყურედაკიდებული ძროხების მონაცემები სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ ბაზაშია შეყვანილი.

ძროხების პატრონებო, იყავით ფრთხილად! თუ თქვენი ძროხა რამეს დააშავებს, ვინმეს მანქანას დააზიანებს ან კანონით გათვალისწინებულ არასასურველ ადგილას გადაიპარება, პასუხს აგებთ კანონის წინაშე!

ალბათ ამიტომ, ბევრმა ფერმერმა აცრებსა და საყურეებზე უარი თქვა. თუმცა, სააგენტომ გლეხების უარი არაინფორმირებულობით ახსნა.

"უკვე აცრილ პირუტყვს, სახელმწიფო მომავალშიც უფასოდ აცრის. სანომრე ნიშანი კი უნიკალურია, რათა პირუტყვის იდენტიფიცირება მოხდეს. ეს მეთოდი ევროპის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული," - აგვიხსნა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ვერიკო გულუამ.

მისივე თქმით, აცრების პარალელურად სპეციალური ბროშურები დაარიგეს, სადაც განმარტავდნენ ე.წ. საყურეების მნიშვნელობას. თუმცა, გლეხების უმრავლესობამ სიახლე დამატებით გადასახადებს დაუკავშირა.

სალომე გოგოხია