უბრალოდ ჩუბჩიკა - კვირის პალიტრა

უბრალოდ ჩუბჩიკა

მიწისქვეშა გადასასვლელში, როგორც ყოველთვის, ახლაც ისხდნენ...

- დამეხმარე, რა! - მომაძახა ერთმა.

- ავადმყოფისთვის მინდა წამლის ფული, - ხელი გამომიწოდა მეორემ...

თავდახრილმა გავიარე. ასეთ დროს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს...

მერე, როცა აღმართს მივუყვებოდი და ცოტა არ იყოს, დავიღალე კიდეც, უცებ მივხვდი, რატომ დადიოდა ასე მსუბუქად ჩუბჩიკა... ჩანთაგადაკიდებული ლაღად გაივლიდა, ხელგამოწვდილ მოყვასსაც ხალისიანად დაელაპარაკებოდა, შესაწევარსაც შეაწევდა... თითქოს კი არ ეხმარებოდა, უბრალოდ ცხოვრობდა იმ ქალაქში, სადაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელშიც და სხვაგანაც ისხდნენ ადამიანები - არაფრით ნაკლებნი სხვებზე. ისინი ასე არსებობდნენ, თავიანთ საბედისწერო ტვირთს ამგვარად ზიდავდნენ. ჩუბჩიკა კი მიდიოდა... რომელიმე წიგნის გამოსაცემად მომზადებული მასალით გატენილ დიდ ჩანთას მსუბუქად მიაქანებდა მხრით, ტემპერით მოსვრილ ხელს ჯიბეში იყოფდა და იყო თავისი ქალაქის სული სულთაგანი და ხორცი ხორცთაგანი... სახეზე არც დარდი ეწერა, არც თანაგრძნობა, - მხოლოდ ხალისი და ინტერესი. შეეძლო, შეჭირვებულისთვის არ ეკადრებინა სიბრალული, არც ჰკადრებდა. ყველა კითხვას კი საკუთარი ცხოვრების წესით პასუხობდა...

აღმართის ბოლოს, განათებულ საგამოფენო დარბაზთან, უამრავი ადამიანი ირეოდა. ტევა არ იყო შენობაშიც...

"ვერნისაჟმა" კიდევ ერთხელ გამოფინა თენგიზ მირზაშვილის ნახატები და ახალი წიგნის პრეზენტაციაც გამართა... ეს არის გემოვნებით შედგენილი, ძალიან საინტერესო წიგნი თენგიზ მირზაშვილის ნაფიქრალსა და ნააზრევზე...

თვალის დახამხამებაში გაქრა წიგნები მაგიდიდან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე გამჭრიახ, ნიჭიერ ნაწილს ეს წიგნი ძალიან სჭირდება და უნდა.

თვითონ ჩუბჩიკა რომ ყოფილიყო, ალბათ ხალისიანად დაიძახებდა: - მევიდა ვინცხაო! გამოფენაზე შევიდოდა და თვალით იმ ადამიანებს დაუწყებდა ძებნას, ვინც საჭირო თემაზე სტატიის ან წიგნის დაწერას შეძლებდა... მერე კი დილა-საღამოს გაუერთიანებდა, იმდენჯერ დაურეკავდა, იმდენჯერ შეაწუხებდა, აუცილებლად დააწერინებდა. მერე რა, ასეთ წიგნებსა და სტატიებს თენგიზ მირზაშვილის სახელიც თუ არსად აწერია, საქმე ხომ კეთდებოდა... ჩუბჩიკა არასოდეს ყოფილა წარწერის კაცი, საქმის კაცი იყო.

ნახატები კი ძველებურად - მსუბუქი სევდითა და შემოდგომის მზის უპრეტენზიობით დაჰყურებდნენ დარბაზს. თითქოს რომ არა ისინი, ამდენ ხალხს კედლები ვეღარ შეაკავებდა და ჩვენ ყოველ საღამოს თბილისის ქუჩებში გადავინთხეოდით... წარვედინებოდით, როგორც მდინარე დაღმართზე... მაგრამ ჩუბჩიკას ნახატები მტკიცედ იდგნენ... იმედადაც იდგნენ: "შენ, ჩემო დიდო იმედო,/ კოშკო, ნაგებო კირითა"...